Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისს ესტუმრა ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა
თბილისს ოთხდღიანი ვიზიტით სტუმრობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია მიკაელ იენსენის ხელმძღვანელობით, რომელმაც ამ პოსტზე მატიაშ იორში შეცვალა. ვიზიტის განმავლობაში დელეგაცია ხუთი ძირითადი საკითხით დაინტერესდება და მთავარ აქცენტს ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებაზე გააკეთებს. 12 ივლისს დელეგაცია ძალოვან მინისტრებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე მედიას შეხვდა.

ეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მორიგი ვიზიტია საქართველოში და პირველი ვიზიტი მისიის ხელმძღვანელის მაიკლ იანსენისათვის. თბილისში ჩამოსულმა დელეგაციამ 12 ივლისს დილიდანვე გამართა შეხვედრები ძალოვანი სტრუქტურების პირველ პირებთან. დაათვალიერეს შსს-ს მომსახურების სააგენტო. ამ შეხვედრის შემდეგ მიკაელ იენსენს საკმაოდ ოპტიმისტური განწყობა ჰქონდა - როგორც მედიასთან საუბრისას განაცხადა, პოლიციის გამჭვირვალე შენობები და მუშაობის ღიაობის პრინციპი პროგრესზე მეტყველებსო. იენსენს იმედი აქვს, რომ მომავალ ანგარიშში მხოლოდ უარყოფით ტენდენციებზე არ გაკეთდება აქცენტი. ზოგადად კი მათეას იორშის შემცვლელი მაიკლ იენსენი ოთხდღიანი ვიზიტისგან ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიღებას ელის:

”პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ამ შეხვედრების ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, რადგან მეტად მნიშვნელოვანია ქვეყანამ არჩეულ გზას არ გადაუხვიოს. ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს სურს ნამდვილი დემოკრატიის აშენება - ისეთი დემოკრატიისა, როგორსაც ჩვენ ევროპულ დემოკრატიას ვუწოდებთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გაატაროთ ციხის სრულყოფილი რეფორმა. ჩვენ განსაკუთრებით დავინტერესდებით პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობით და მათი პირობებით. ასევე ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების, პოლიტპატიმრების, პრესის თავისუფლების საკითხი. თუ გამოჩნდება ამ შეხვედრებიდან, რომ პროგრესი არ არის, ჩვენ ამას ჩვენს ანგარიშში ავსახავთ. ჩვენი მიზანია რეალური სურათი დავხატოთ და არ დავწეროთ ის, რაც რეალურად არ გვინახავს.”

მომხსენებლები საქართველოში რამდენიმე სფეროს დააკვირდებიან. დელეგაციის ერთ-ერთი წევრი, კასტრიოტ ისლამი, ამბობს, რომ მათ მომავალ ანგარიშში სწორედ ამ საკითხებზე გამახვილდება ყურადღება:

”ჩვენ საქართველოში მორიგი მონიტორინგის მიზნით ჩამოვედით და ამჯერად ხუთ საკითხზე გავამახვილებთ ყურადღებას: როგორ მიდის დეცენტრალიზაციის პროცესი და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, სასამართლო რეფორმა, მედიის თავისუფლება. განსაკუთრებით გვაინტერესებს მედიის მფლობელთა ვინაობის საკითხი, ასევე მთავრობის ანტიკორუფციული სტრატეგია - როგორია ამ კუთხით მათი გეგმები და რა პროგრესია მიღწეული დღემდე და, ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი - ეს ადამიანის უფლებების სფეროში არსებული ვითარებაა - აქ ვგულისხმობ რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებებს, ციხეებში არსებულ ვითარებას... მოკლედ, ყველა იმ საკითხს მოვიცავთ, რაც ადამიანის უფლებებს უკავშირდება.”

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროსაბჭოს დელეგაციამ და მონიტორინგის მისიის ახალმა ხელმძღვანელმა მაქსიმალურად სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ: ”სასამართლო სისტემაში არსებული საკითხები, პოლიტპატიმრების მდგომარეობის საკითხები, მედიის თავისუფლება. დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მათ ჰქონდეთ ნამდვილი ინფორმაცია, რის საფუძველზეც უნდა დაწერონ ანგარიში. ჩემი აზრით, მათეას იორში არ იყო ბოლომდე ობიექტური და, შესაბამისად, ახალ მომხსენებელს დიდი იმედით ვხვდებით”, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი. ციხეების გადატვირთულობის პრობლემაზე ესაუბრა დელეგაციას ორგანიზაცია ”ციხის საერთაშორისო რეფორმის” აღმასრულებელი დირექტორი ცირა ჭანტურია, თუმცა, როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, მხოლოდ პრობლემებით არ შემოფარგლულა და იმ მიღწევებზეც ისაუბრა, რაც ამ სფეროში საქართველოს პენიტენციალურ სისტემას აქვს.

ევროსაბჭოს დელეგაცია შეხვედრებს აგრძელებს. მომავალი სამი დღის განმავლობაში ის შეხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებს, ოპოზიციას, ეთნიკურ უმცირესობებს. როგორც კასტრიოტ ისლამი განმარტავს, ამ მისიის დასრულების შემდეგ შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადდება ორნაწილიანი ტრადიციული ანგარიში, რომელშიც ფაქტობრივ მასალასთან ერთად ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის რეკომენდაციებიც შევა. თქვენ გაქვთ პროგრესი, მაგრამ, ამავე დროს, რჩებით დიდი გამოწვევების წინაშე. - სამუშაო ვიზიტის პირველ დღეს კასტრიოტ ისლამი მხოლოდ ასეთი შეფასებით შემოიფარგლა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG