Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელი მეცნიერი შაჰრამ ამირი თეირანში დაბრუნდა


შეერთებული შტატებიდან ირანში დაბრუნდა ირანელი მეცნიერი შაჰრამ ამირი, რომელიც ირწმუნება, რომ წელიწადზე მეტი ხნის წინ აშშ-ის აგენტებმა მოიტაცეს. თეირანის აეროპორტში მას მეუღლე და შვილი დახვდნენ. ამირი ვაშინგტონში ორშაბათს გამოჩნდა, როცა პაკისტანის საელჩოში ირანის ინტერესთა სექციას მიაკითხა და ირანში დაბრუნება სთხოვა. ამირიმ დღეს გაიმეორა, რომ 2009 წელს საუდის არაბეთიდან აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს თანამშრომლებმა მოიტაცეს და შეერთებულ შტატებში წაიყვანეს. ჟურნალისტებს ამირიმ განუცხადა, რომ მისგან თანამშრომლობას ითხოვდნენ, რის გამოც ”ინტენსიური ფიზიკური და ფსიქოლოგიური წნეხის” ქვეშ იმყოფებოდა. ამირი აცხადებს, რომ მის დაკითხვას ისრაელის აგენტებიც ესწრებოდნენ. შაჰრამ ამირი ამბობს, რომ ის არ არის ბირთვული ენერგეტიკის დარგის მეცნიერი, არამედ ”უბრალო მკვლევარია” და რომ მას შეერთებულ შტატებში 50 მილიონი დოლარი შესთავაზეს იმისთვის, რომ შტატებში დარჩენილიყო და ირანის ბირთვულ პროგრამაზე ”ტყუილები გაევრცელებინა”. აშშ-ის ხელისუფლება უარყოფს ამირის გატაცებას. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ამირი აშშ-ში თავისი ნებით იმყოფებოდა და იქიდან წასვლაც თავისუფლად შეეძლო. ”ვაშინგტონ პოსტი” აშშ ხელისუფლების ინკოგნიტო წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ ამირის 5 მილიონ დოლარზე მეტი გადაუხადეს დაზვერვის ცენტრალური სააგენტოსთვის ირანის ბირთვულ პროგრამაზე ინფორმაციის მისაწოდებლად. თუმცა, გაზეთისავე თანახმად, ამირის შესაძლოა, შექმნოდა პრობლემა ამ თანხის მიღებაში ირანზე ფინანსური სანქციების გამო.
XS
SM
MD
LG