Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო კოდექსის გაჯანსაღების კიდევ ერთი მცდელობა


არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ”სამოქალაქო განვითარებისათვის” საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვას იწყებს და ქმნის საინიციატივო ჯგუფს, რომელიც კონკრეტული წინადადებების პაკეტის მომზადებაზე იმუშავებს. საკანონმდებლო პაკეტის განხილვა, სავარაუდოდ, პოლიტიკურ პარტიებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აგვისტოს ბოლოს გაიმართება.

ის, რომ საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე ზრუნვა დღის წესრიგიდან 30 მაისის ადგილობრივი არჩევნების შემდეგაც არ იხსნება, არჩევნებიდან გასული თვე-ნახევრის განმავლობაში არაერთმა პოლიტიკურმა თუ საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ განაცხადა. თუმცა გაერთიანება, რომელმაც სიტყვიდან საქმეზე გადასვლა დღის წესრიგში უკვე ჩასვა, არის არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ”სამოქალაქო განვითარებისათვის.” საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, როგორც სამოქალაქო განვითარების ერთ-ერთი მთავარი პირობა - დაახლოებით ასე შეიძლება იმ შეხვედრის არსის ფორმულირება, რომელზეც კოალიციამ საარჩევნო თემაზე მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები მიიწვია. კოალიციისა და ამ ორგანიზაციების ბაზაზე შეიქმნა საინიციატივო ჯგუფიც, რომლის ფუნქციებს ”რეგიონლური მედიაასოციაციის” თავმჯდომარე ია მამალაძე განმარტავს:

ოთხი ძირითადი პრობლემა, რომელიც იყო საარჩევნო კოდექსში, მიუხედავად იმისა, რომ მასში ბევრი ცვლილება შევიდა, მაინც გადაწყვეტილი არ არის ...
”საინიციატივო ჯგუფი გაუწევს კოორდინირებას შემდგომში სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებას. სამუშაო ჯუფი პროფესიული ნიშნით დაკომპლექტდება და ყველა იმ ადამიანით იქნება წარმოდგენილი, რომელიც თვლის, რომ დღეს საარჩევნო გარემო უვარგისია და უნდა შეიცვალოს.”

საარჩევნო კანონმდებლობის ხარვეზების გამოსწორებაზე სამუშაო ჯგუფი 4 ძირითადი მიმართულებით იმუშავებს:

”პირველი - ეს არის სიების პრობლემა. მეორე პრობლემაა საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესი, მესამე პრობლემაა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და შესაბამისი ჩართულობა და მეოთხე - გასაჩივრების პროცედურები. ოთხი ძირითადი პრობლემა, რომელიც იყო საარჩევნო კოდექსში, მიუხედავად იმისა, რომ მასში ბევრი ცვლილება შევიდა, მაინც გადაწყვეტილი არ არის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა ვიმუშაოთ იმ შესაბამისი ანალიზების საფუძველზე, რომელიც წლების განმავლობაში დაკვირვების შედეგად ჩამოგვიყალიბდა.”

პრობლემა არის ის, რომ არჩევნები, წინასაარჩევნო გარემო ყველა პარტიას - მათ შორის, ოპოზიციურს უფრო მეტად - ახსენდებოდა ყოველთვის არჩევნებამდე მხოლოდ და მხოლოდ 1 თვით, 20 დღით ადრე ...
”თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციის” თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ სოფრომაძე აქვე იმ მთავარ პირობას აღნიშნავს, რომელსაც კოალიციის ფარგლებში საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება ითვალისწინებს. კერძოდ, გადაწყვეტილება პოლიტიკურ პარტიებსა და ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის სრული კონსენსუსის საფუძველზე უნდა იყოს მიღებული. არჩევნები არ წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ინტერესს, იგი მნიშვნელოვანია ასევე სამოქალაქო სექტორისა და საერთოდ საზოგადოებისთვის, ამბობს, თავის მხრივ, ”არჩევნებისა და პიარ ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის” დირექტორი კახა კახიშვილი, რომელიც სამუშაო ჯგუფის მთავარ ამოცანად ისეთი პროექტის მომზადებას სახავს, რომელიც, პარტიებსა და საზოგადოებასთან კონსულტაციების შემდეგ, ყველასათვის მისაღები იქნება. უკანასკნელი წლების განმავლობაში საარჩევნო კანონის გაჯანსაღებაზე მუშაობა საჯაროდ ყოველთვის კონსენსუსისა და კომპრომისისკენ მოწოდებით, მაგრამ პრაქტიკულად უშედეგოდ მიმდინარეობდა. კახა კახიშვილი ფიქრობს, რომ კოალიციის სასტარტო მდგომარეობა ახლა მომგებიანია და აი, რატომ.

”პრობლემა არის ის, რომ არჩევნები, წინასაარჩევნო გარემო ყველა პარტიას - მათ შორის, ოპოზიციურს უფრო მეტად - ახსენდებოდა ყოველთვის არჩევნებამდე მხოლოდ და მხოლოდ 1 თვით, 20 დღით ადრე. მაგრამ ერთ თვეში, რა თქმა უნდა, საარჩევნო გარემო არანაირად არ გაუმჯობესდება, რადგან საარჩევნო გარემო არ არის მხოლოდ და მხოლოდ ორგანული კანონი, საარჩევნო კოდექსი. ვინაიდან 2012 წლამდე არანაირი არჩევნები არ იგეგმება, ზუსტად გვაქვს დრო საიმისოდ, რომ კარგად დავხვეწოთ ის პაკეტი, რომელიც ამ სუბიექტებს შემდგომში გამოადგებათ.”

კახა კახიშვილი ამბობს, რომ საინიციატივო ჯგუფი ორიენტირებულია ხარისხზე და არა ვადებზე. ასე რომ, სამუშაო ჯერ მხოლოდ დაიწყო, კონკრეტულ წინადადებათა პაკეტი პირველადი სახით პოლიტიკოსებს - მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენელებს - განსჯისათვის აგვისტოს ბოლოს წარედგინებათ.
XS
SM
MD
LG