Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის მოქალაქეებს საზღვარგარეთის პასპორტები რუსეთში წასასვლელად სჭირდებათ


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოქალაქეების ნაწილს აქვს ადგილობრივი პასპორტი, რომელიც მათ რუსეთში ჩასვლის საშუალებას უნდა აძლევდეს, მაგრამ ამ, როგორც ცნობილია, თურქეთში დაბეჭდილი დოკუმენტის დაცვის ხარისხი იმდენად დაბალი აღმოჩნდა, რომ სოხუმში გადაწყვიტეს, რუსეთის მოთხოვნით, ეგრეთწოდებული საზღვარგარეთის პასპორტები შემოეღოთ.

საქართველოს სეპარატისტული რესპუბლიკის მოქალაქეთა იმ ნაწილს, რომელსაც რუსეთის ფედერაციის პასპორტი არა აქვს, თვით რუსეთში ჩასვლის პრობლემაც კი შეექმნა, განგვიმარტა სოხუმში გამომავალი რუსულენოვანი გაზეთის, „ჩეგემსკაია პრავდას“, მთავარმა რედაქტორმა ინალ ხაშიგმა. მისივე თქმით, ცხადია, ამ ახალი პასპორტებით მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში ჩასვლის უფლება აქვთ აფხაზეთის მოქალაქეებს:

„ჯერჯერობით ამ პასპორტების გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომლებმაც აფხაზეთი აღიარეს, ანუ, რუსეთის გარდა, ესენია ვენესუელა, ნიკარაგუა და ნაურუ.“

„მედიანიუსს“ მოჰყავს აფხაზეთის საპასპორტო-სავიზო სამსახურის ხელმძღვანელის ვალერი მალიას სიტყვები, რომ ამ პასპორტებს მხოლოდ ის მოქალაქეები მიიღებენ, რომლებსაც აფხაზური პასპორტები უკვე აქვთ.
ინალ ხაშიგმა განგვიმარტა პრობლემა, რომელმაც გამოიწვია ახალი პასპორტების შემოღების აუცილებლობა.
პრობლემა, მისი თქმით, იმაში მდგომარეობს, რომ აფხაზეთის საერთო-სამოქალაქო პასპორტი, თავის დროზე თურქეთში დაბეჭდილი, აღმოჩნდა დაბალი ხარისხის, მისი დაცვის ზომები იყო საკმაოდ პრიმიტიული, იოლი იყო მისი გაყალბება და რუსეთი უკიდურესად უარყოფითად ეკიდებოდა მას, რადგან ამ პასპორტებით საზღვრის გადაკვეთა ფსოუზე მას პრობლემებს შეუქმნიდა .“ამიტომ ბოლოს მიიღეს გადაწყვეტილება აფხაზური ახალი პასპორტები დაებეჭდათ „გოსზანკში“ დაცვის სხვა დონით“, ამბობს ხაშიგი და გვისხნის, რომ, გავრცელებული აზრის საპირისპიროდ, თითქოს აფხაზეთის ყველა მოქალაქეს ჰქონდეს რუსეთის პასპორტი, ეს ასე არაა. „ჩეგემსკაია პრავდას“ რედაქტორმა თქვა, რომ ბევრს მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეობა აქვს და ეს ახალი საზღვარგარეთული პასპორტი მისცემს საშუალებას, გადაკვეთოს საზღვარი:

„ამ პასპორტებს, რომლებიც არსებობდა და არსებობს, რუსეთის მესაზღვრეები არ აღიარებენ. ახლა ამ კატეგორიის ადამიანებისთვის, რომლებსაც, აფხაზურის გარდა, სხვა დოკუმენტი არა აქვთ, გამოიძებნა გამოსავალი ამ საზღვარგარეთული პასპორტების სახით.“

როგორც ჩანს, დიდხანს მიმდინარეობდა მოლაპარაკება აფხაზურ მხარესა და რუსეთს შორის უკვე არსებული აფხაზური დოკუმენტების აღიარების შესახებ და ახლა მივიდნენ დასკვნამდე, შემოიღონ საზღვარგარეთული პასპორტები, რადგან, როგორც ინალ ხაშიგი ამბობს, ახალი საერთო-სამოქალაქო პასპორტების დაბეჭდვა ბევრად ძვირი, ძველის გამოცვლა კი რთული პროცესი იქნებოდა. ამიტომ ის დაახლოებით 20-30 პროცენტი, რომელსაც არა აქვს რუსეთის პასპორტი, მას მიიღებს და გამოიყენებს აფხაზეთში, მათ კი, ვისაც უკვე არსებულ აფხაზურ პასპორტთან ერთად რუსეთის პასპორტიც აქვს, შეუძლიათ მოგზაურობა ყველგან - ევროპის ქვეყნებშიც - და, ამდენად, მათ ეს ახალი პასპორტები არც კი სჭირდებათ, ამბობს ინალ ხაშიგი:

„ვისაც საზღვარგარეთის - რუსეთის ფედერაციის - პასპორტი აქვს, ეს აფხაზური საზღვარგარეთის პასპორტი საერთოდ არ სჭირდება.“
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG