Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის ჩოჩიევს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლებენ


ბორის ჩოჩიევი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი
ბორის ჩოჩიევი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი
გაზეთ „21-ე საუკუნის“ რედაქტორ თემურ ცხოვრებოვზე თავდასხმიდან ორი დღის შემდეგ დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ 24 ივლისს ცხოვრებოვს ქუჩაში ჩხუბი მოუვიდა ვინმე იგორ ჯიოევთან, პარლამენტის დეპუტატებმა კი ისინი გააშველეს.

ამ ინფორმაციამ ოსური სამოქალაქო საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. დღეს დე ფაქტო ხელისუფლებამ არასამთავრობო ორგანიზაციები მრგვალ მაგიდასთან მიიწვია, მაგრამ რამდენიმე ორგანიზაცია პროტესტის ნიშნად შეხვედრას არ დაესწრო. რადიო თავისუფლება ცხინვალში ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმის ერთ-ერთ დამფუძნებელს, სარმატ ფარასტაევს, დაუკავშირდა. მისი განცხადებით, კოკოითის ხელისუფლება ცილისწამებისა და ტყუილის გავრცელებით არის დაკავებული და ასეთი ადამიანების ხელში მისი სამშობლოს სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია.

თემურ ცხოვრებოვი მეგობრებმა გუშინ ვლადიკავკაზის საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან, მათი თქმით, ცხინვალში მუქარა არ წყდებოდა. გუშინვე დაგეგმილი იყო ცხოვრებოვისთვის მუცლის თიაქარის ოპერაციის გაკეთება, მაგრამ იგი იმ დრომდე გადაიდო, ვიდრე თავის ტრავმა არ მოშუშდება.

24 ივლისს გაზეთის რედაქტორს და სამოქალაქო აქტივისტს თემურ ცხოვრებოვს სასტიკად სცემეს ცხინვალის ცენტრში. ცხოვრებოვმა თავდამსხმელებში დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სამი დეპუტატი ამოიცნო. ამ თავდასხმას წინ უსწრებდა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, ბორის ჩოჩიევის, განცხადება. ჩოჩიევმა ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმის ოსი წარმომადგენლები – მათ შორის, ცხოვრებოვი – ოსური სახელმწიფო ინტერესების ღალატში დაადანაშაულა. ქართულ-ოსურმა სამოქალაქო ფორუმმა ჟენევის დისკუსიის მონაწილეებს ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების თხოვნით მიმართა. ქართველ კოლეგებთან შეხვედრა და მათთან ერთად ერთობლივ მიმართვაზე ხელმოწერა ჩოჩიევმა ოსური ინტერესების ღალატად მიიჩნია, რასაც ცხოვრებოვზე თავდასხმა მოჰყვა. ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმი ჩოჩიევს რუსულ და ოსურ სასამართლოებში ცილისწამებისა და ანგარიშსწორებისკენ მოწოდებისთვის უჩივლებს. ფორუმის ოსურმა ნაწილმა რეაგირებისთვის უკვე მიმართა რუსეთის სახალხო დამცველს და ადამიანის უფლებების დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს. გარდა ამისა, სარმატ ფარასტაევის თქმით, სარჩელი სააგენტო „ოსინფორმის“ წინააღმდეგაც შევა, რომელმაც მუქარის შემცველი და ცილისმწამებლური განცხადებები გადაუმოწმებლად გაავრცელა.

თემურ ცხოვრებოვმა გუშინ რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ უკვე მიმართა პარლამენტს მასზე თავდამსხმელი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე. დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მირა ცხოვრებოვამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, რომ როგორც კი პარლამენტი შვებულებიდან დაბრუნდება, ამ საკითხს განიხილავენ. მან არც საპარლამენტო გამოძიების ჩატარება გამორიცხა.

თემურ ცხოვრებოვს დიდი ხანია იცნობს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. მისი თქმით, გაუგებარია კოკოითის ხელისუფლების რეაქცია ცხოვრებოვის საქმიანობაზე, რადგან, მისი აზრით, ქართულ საზოგადოებასთან ნორმალური ურთიერთობა ოსური საზოგადოების წარმატებისთვისაა უკეთესი.

დღესვე კოკოითის მიერ კონტროლირებულ ინტერნეტგამოცემა „ოსინფორმზე“ გაჩნდა დე ფაქტო რესპუბლიკის სახალხო პარტიის განცხადება, რომლითაც ის ოსურ საზოგადოებას მოუწოდებს, თავად გამოუტანოს განაჩენი უცხო ქვეყნების მიერ დაფინანსებულ პირებს და ქვეყნიდან მათი გაძევება მოითხოვოს.
XS
SM
MD
LG