Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულმა მხარემ ჟენევაში დეოკუპაციის საკითხი დააყენა


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟენევის მოლაპარაკებათა მე-12 რაუნდზე, 27 ივლისს, ”ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსულ მხარეს მთლიანად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და დაიწყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავისი ჯარების გაყვანა.” ”ხაზი გაესვა იმასაც, რომ აუცილებელია უსაფრთხოების მდგრადი საერთაშორისო რეჟიმის დაარსება ოკუპირებულ რეგიონებში. ეს რეჟიმი უნდა ეფუძნებოდეს ძლიერი საერთაშორისო სამშვიდობო და საპოლიციო მანდატებს და, 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, ითვალისწინებდეს რუსეთის სამხედრო შენაერთების სრულ გაყვანას”, - ვკითხულობთ საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით, ქართულმა მხარემ ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარეების ყურადღება გაამახვილა ”ახალგორის რეგიონში წყალსაცავის მიზნობრივი აფეთქებისა და ზუგდიდის რაიონის თავზე რუსეთის სამხედრო ვერტმფრენის უკანონო შესვლის ფაქტებზე.” ”ქართულმა მხარემ მოუწოდა მოსკოვს და მის მარიონეტულ რეჟიმებს თავი შეიკავონ მსგავსი პროვოკაციული ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ოკუპირებული რეგიონების სიახლოვეს არსებული მყიფე უსაფრთხოების მდგომარეობის უფრო მეტი დესტაბილიზაცია”, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ პროცესის მეცამეტე რაუნდი 2010 წლის 14 ოქტომბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG