Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოვებენ თუ არა ოსები საქართველოს შევიწროების გამო?


მაია ცაბოშვილი-ჩიგოევა, „იბერ-ირონის“ თავმჯდომარე
მაია ცაბოშვილი-ჩიგოევა, „იბერ-ირონის“ თავმჯდომარე
22 ივლისს გაზეთ „რეზონანსში“ დაიბეჭდა სტატია, რომელშიც საქართველოდან ეთნიკური ოსების მასობრივ ემიგრაციაზე იყო საუბარი. სხვა საინფორმაციო სააგენტოებმა კი გასულ კვირაში გაავრცელეს ცნობა, რომ საქართველოდან ემიგრირებულ ოსებს შეუერთდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „იბერ-ირონის“ თავმჯდომარე მაია ცაბოშვილი-ჩიგოევა და ოსი აქტივისტი გიორგი ხეთაგური, რომლებიც კომენტარებს დღემდე გაურბიან. ყველაფერმა ამან კი საფუძველი მისცა ვარაუდებს, თითქოს საქართველოს ხელისუფლება ეთნიკური ნიშნით ავიწროებდეს ოს მოქალაქეებს, რასაც ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ.

რისკის ქვეშ და დუმილის მიღმა

ადამიანის უფლებათა ცენტრის თავმჯდომარეს უჩა ნანუაშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ მაია ცაბოშვილი- ჩიგოევაც და გიორგი ხეთაგურიც საქართველოს ხელისუფლების ზეწოლის გამო გახდნენ იძულებული დაეტოვებინათ საქართველოს ტერიტორია.

„ზოგადად, მთელი ისტორია იმ პოლიტიკურად აქტიური ეთნიკური ოსებისა საქართველოში, შეიძლება ითქვას, დგას საკმაო რისკის ქვეშ. დღეს ასევე მინდა გითხრათ, რომ კიდევ ერთი ადამიანი, გიორგი ხეთაგური, რომელიც ადრე მუშაობდა საქართველოს ოსთა ასოციაციაში, დღეს ასევე მიმართავს ერთ-ერთ ევროპულ სახელმწიფოს თავშესაფრის მოთხოვნით. ანუ ეს, ფაქტობრივად, იმ ადამიანებს შეეხებათ, ვისაც, ასე თუ ისე, გარკვეული შეხება ჰქონდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან და აქვს კავშირები ცხინვალთან.“

გიორგი ხეთაგურის ისტორია ფიგურირებს დოკუმენტურ ფილმში, სახელწოდებით „დაწიოკება საქართველოს სახელით“, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა უფლებადამცველებს და ჟურნალისტებს 30 ივნისს გააცნო.

ხეთაგურის ისტორია ასე გამოიყურება: სამხრეთ ოსეთში კავშირების მქონე აქტივისტს ქართველი სამართალდამცავები აკავებენ და ვითომდა იმის გამო, რომ ნარკოტიკული ნივთიერება უპოვეს, აპატიმრებენ. სინამდვილეში სამართალდამცავებს, ფილმის გმირის სიტყვით, სულ სხვა რამ ამოძრავებთ:

„მითხრეს, ზუსტად ისეთი ადამიანი გვინდა, როგორიც შენ ხარო, პირდაპირ მითხრეს, ადამიანი, რომელიც მიდის-მოდისო, კარგად იცნობს იქაურ სიტუაციასო. შემდეგ უკვე დაკითხვებზე იმასაც კი მეკითხებოდნენ, რა ადგილას იმყოფებოდა ამა თუ იმ ადამიანის კაბინეტი.“

ფილმის თანახმად, ხეთაგურზე სამართალდამცველების მხრიდან მომეტებული ოპერატიული ინტერესი იმითაც იყო განპირობებული, რომ იგი თავისუფლად გადაადგილდებოდა ცხინვალში და სახლში ჰქონდა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის მიერ ნაჩუქარი საათი, სამხრეთ ოსეთის დროშით და კოკოითის სამახსოვრო წარწერით. თუმცა საქართველოს ხელისუფლება გიორგი ხეთაგურის პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტს უარყოფს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის შოთა უტიაშვილის თქმით, ხეთაგური 2006 წელს სამართალდამცველებმა ნარკოტიკული ნივითიერების შენახვის ფაქტზე დააპატიმრეს, ხოლო გარკვეული ვადის შემდეგ მას ამნისტია შეეხო:

„გადავამოწმე. მართლაც, ეგ კაცი 2006 წელს ნარკოტიკებზე იყო დაჭერილი და მერე საპატიმროდან გამოვიდა ამნისტიით. ეჭვმიტანილი იყო... სუბოტექსი აღმოუჩინეს ერგნეთში. და მერე ამნისტიით გამოვიდა და ამის მერე არანაირი შეხება სამარათალდამცველებთან არ ჰქონია. და ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაც ემუქრებოდა ოსური წარმომავლობის გამო, ეს არის აბსურდი.“

შოთა უტიაშვილი დასძენს, რომ ციხიდან გათავისუფლებულ გიორგი ხეთაგურზე არანაირი ოპერატიული დევნა არ ხორციელდებოდა, რის გამოც მან უპრობლემოდ შეძლო საქართველოს დატოვება. როგორც ზემოთ ითქვა, გიორგი ხეთაგური ამჟამად ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფება, თუმცა კომენტარისაგან თავს იკავებს და არც ადვოკატს აძლევს კომენტარის გაკეთების უფლებას. დუმს მაია ცაბოშვილი-ჩიგოევა, „იბერ-ირონის“ თავმჯდომარე და დიმიტრი სანაკოევის ე.წ. ალტერნატიული მთავრობის ყოფილი წევრი. თუმცა მისი დუმილი მოტივირებულია. „შესაძლოა, ეს საკითხი ოკუპანტებმა და სეპარატისტებმა სათავისოდ გამოიყენენო“, - წერს 22 ივლისის „რეზონანსი“ მაია ცაბოშვილ-ჩიგოევაზე დაყრდნობით. თუმცა ასეთი მოკლე განმარტებები აშკარად არ არის საკმარისი და საქართველოშიც ოსების შევიწროებაზე საუბარი მაინც გრძელდება.

დელიკატური პრობლემის ზედაპირული არსი

კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ომის შემდეგ საქართველოს მასობრივად ტოვებენ არა მხოლოდ ე.წ. ცნობილი ოსები, არამედ ძირითადი მოსახლეობაც. მას მხედევლობაში აქვს ლაგოდეხის რაიონის სოფელი არეშფერანი, სადაც ომამდე ოსები საკმაოდ კომპაქტურად ცხოვრობდნენ:

„2008 წლის შემდეგ ვიყავ სოფელ არეშფერანში და აღმოჩნდა, რომ ომამდე დარჩენილი მოხუცებიც კი, რომლებიც ცდილობდნენ, რომ შეენარჩუნებინათ თავიანთი სახლები შვილებისთვის და, შვილების მოთხოვნის მიუხედავად, არ მიდიოდნენ და არ ტოვებდნენ სახლებს, 2008 წლის შემდეგ იძულებული გახდნენ თავიანთ შვილებთან გადასულიყვნენ ან ცხინვალში, ან ვლადიკავკაზში. ჩემი ზედაპირული გამოკვლევით, სადღაც 2008 წლამდე დარჩენილი მოსახლეობის 40 პროცენტი წასული უნდა იყოს სოფლიდან.“

ოსების საქართველოდან მასობრივ გასვლას არ ადასტურებენ საქართველოს ოსთა კავშირში. ამ კავშირის თავმჯდომარემ თენგიზ გაგლოევმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კახეთის სოფლებიდან წასვლა იქ მცხოვრები ოსები სოციალურ-ეკონომიკურმა პრობლემამ და ცხინვალში მყოფ ახლობლებთან მიმოსვლის გართულებამ აიძულა.

„ვიცი, რომ არეშფერანი რომ არის, იმ სოფლიდან მიდის ხალხი. კახეთიდან მიდიან ოსები და არ არიან აქ. ალბათ, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო, ქართველებიც მიდიან და ოსებიც, მით უმეტესად.“

ხათუნა გოგაშვილი, რადიო „ჰერეთის“ კორესპონდენტი, ბოლო ხანს რამდენჯერმე იყო სოფელ არეშფერანში. იგი პირადად შეხვდა იქ დარჩენილ ოსებს და მოისმინა მათი ამბავი. ხათუნა ამბობს, რომ არეშფერანიდან ბოლო ხანს ოსური მოსახლეობის წასვლას ადგილი არ ჰქონია, ხოლო ისინიც, ვინც წავიდა, ალბათ უკან დაბრუნდებიანო, - ფიქრობს ჟურნალისტი.

"არიან ადამიანები, რომლებიც საცხოვრებელ სახლებს არ ყიდიან იმის გამო, რომ ფიქრობენ, რომ ეს არის დროებითი მათი წასვლა ამ სოფლიდან და აქვთ სურვილი, რომ დროთა განმავლობაში ისევ დაბრუნდნენ. აი, ასეთი მდგომარეობა არის, ნამდვილად.“

როგორ უყურებს ამ პრობლემას საქართველოს ხელისუფლება? რას აკეთებს დიმიტრი სანაკოევის ალტერნატიული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება იმისათვის, რომ შეუმსუბუქოს პრობლემა საქართველოში მცხოვრებ ოსებს? დიმიტრი სანაკოევი ქურთის რეზიდენციიდან თავად არის დევნილი იმ ასეულობით ოსთან ერთად, რომლებმაც მასთან ერთად საქართველოში დარჩენა ისურვესო, - ამბობს ელენე თევდორაძე, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, რომელიც ეროვნული უმცირესობების დაცვის საკითხებს კურირებს.

„ჩემთან მოდიან არა ცნობილი გვარებით ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე დატოვეს ცხინვალში თავიანთი სახლები, გადმოვიდნენ სანაკოევთან და დღეს არც სახლი აქვთ, არც სამსახური და არც პერსპექტივა ცხინვალში დაბრუნებისა.“

კიდევ უფრო ბევრია იმ ოსების და ქართველების, შერეული ოსურ-ქართული ოჯახების წარმომადგენელთა რიცხვი, რომლებიც აგვისტოს ომის დროს საოკუპაციო ძალებმა გამოდევნეს საცხოვრებელი სახლებიდან. მათი რაოდენობა, ოფიციალური მონაცემებით, 60 ათას კაცს აღწევს. 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ჯარების დახმარებით თვითგამოცხადებული ოსეთის ხელისუფლებამ კონტროლი დაამყარა დიდი და პატარ ლიახვის ხეობის, აგრეთვე ახალგორის რაიონის ყველა დასახლებულ პუნქტზე. ადგილი ჰქონდა საქართველოს მოსახლეობის ეთნიკურ წმენდას, რაც ევროსაბჭოს რეზოლუციებშიც აისახა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG