Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ფორუმი კონფლიქტის ზონის სოფლებში ჩავიდა


ეროვნული ფორუმი კონფლიქტის ზონის სოფლებში მართავს შეხვედრებს მოსახლეობასთან.
ეროვნული ფორუმი კონფლიქტის ზონის სოფლებში მართავს შეხვედრებს მოსახლეობასთან.
მეორე დღეა ეროვნული ფორუმის ლიდერები მოსახლეობასთან შეხვედრებს კონფლიქტის ზონის სოფლებში მართავენ. კახა შარტავამ და გუბაზ სანიკიძემ ნიქოზი, ზემო და ქვემო ხვითი და ერგნეთი მოინახულეს. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ყველაზე მეტად ეს სოფლები დაზარალდა. ძლიერი სიცხის მიუხედავად ათეულობით ადამიანი შეხვედრებზე მიდის და საკუთარ პრობლემებზე საუბრობს - დაკარგული მიწის ნაკვეთები, რომლებიც ამჟამად რუსებს აქვთ ოკუპირებული; სარწყავი წყლის უქონლობა, შესაბამისად უკვე გამხმარი მოსავალი; დაუსრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები, შეწყვეტილი სოციალური და ჰუმანიტარული დახმარება.

შეხვედრებს პოლიციისა და უშიშროების სამსახურის თანამშრომლებიც მუდმივად ესწრებიან. თუმცა, ფორუმის ლიდერების თქმით, მძიმე სოციალური პირობების გამო ხალხმა უკვე შიშიც დაძლია. კახა შარტავას განცხადებით, ფორუმი რეგიონებში უიარაღო მეომრების შესაკრებად გავიდა და ხელისუფლების შესაცვლელად ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, რადგან ხელისუფლებას ლიდერების კი არა, ხალხის ეშინია.

ყველაზე ხალხმრავალი შეხვედრა ხვითში გაიმართა. დაახლოებით 200-მა კაცმა მზადყოფნა გამოთქვა ფორუმის პირველივე დაძახებაზე საპროტესტო აქციაზე გავიდეს. გუბაზ სანიკიძის თქმით, თუ სააკაშვილი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას არ დათანხმდება, იგი საქართველოს ყველა ქალაქში მიიღებს ხალხმრავალ გამოსვლებს. მისი განცხადებით, როცა ფორუმისთვის ნაციონალური არხები მიუწვდომელია, კარდაკარ უნდა ჩამოიარონ ყველა სოფელი და მოსახლეობას საკუთარი ღირსებისა და უფლებების დაცვისკენ უნდა მოუწოდონ.

ეროვნული ფორუმის ლიდერების ვიზიტი გორში თეატრის სკვერში მოსახლეობასთან შეხვედრით დასრულდა. მათ გადაწყვეტილი აქვთ აგვისტოში ყველა რეგიონი მოიარონ, ხოლო სექტემბრიდან საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად აქტიურ მოქმედებებზე გადავიდნენ, რაც პირველ რიგში ფორუმის ხალხმრავალი ყრილობის ჩატარებას გულისხმობს. საარჩევნო გარემოს შესაცვლელად კი ხელისუფლების უარის შემთხვევაში, ეს პოლიტიკური ორგანიზაცია საპროტესტო გამოსვლების დაწყებას მთელს საქართველოში გეგმავს.
XS
SM
MD
LG