Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსტიტუციის განხილვის შესაძლებლობა


საქართველოს პარლამენტში შექმნილი საყოველთაო-სახალხო საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ავთანდილ დემეტრაშვილმა საზოგადოებას ის საკონტაქტო ინფორმაცია გააცნო, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები გამოხატონ კონსტიტუციის ახალ ვარიანტზე. საქართველოს კონსტიტუციის ეს ახალი ვარიანტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ პარლამენტს ივლისში გადასცა, 20 ივლისიდან პროექტი საზოგადოებრივი განხილვისთვის მზადაა, ოპონენტები კი ამბობენ, რომ საზოგადოებისთვის კონსტიტუციით განსაზღვრული მინიმალური ერთთვიანი ვადა საკმარისი არ იქნება გააზრებული გადაწყვეტილების მისაღებად. რატომ იწუნებენ კომისიის საინფორმაციო მუშაობას სპეციალისტები?

საქართველოს დღეს არსებული კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტმა ახალი კონსტიტუციის განხილვა მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ უნდა დაიწყოს. კონსტიტუციის ახალი ვარიანტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ 19 ივლისს წარადგინა. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად შეიძლება საზოგადოებამ ნახოს კონსტიტუციის ახალი განსახილველი ვარიანტი, ოფიციალურად დღეს, 3 აგვისტოს, ხდება ცნობილი.

სწორედ საინფორმაციო მუშობის და თვითონ საქართველოს პარლამენტში არსებული საყოველთაო-სახალხო საორგანიზაციო კომისიის არაკოორდინირებულ მუშაობას იწუნებს ამ კომისიის ერთ-ერთი წევრი, ”ახალგაზრა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი:

”ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაკლი პროცესისა ის არის, რომ საზოგადოებამ არ იცის რეალურად რაზეა საუბარი. ის კონსტიტუციის პროექტს იცნობს სატელევიზიო ინტერვიუებიდან. ერთი მხრივ, კომისიის წევრები და სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროექტი არაჩვეულებრივია, კრიტიკულად განწყობილები კი, მაგალითად, ჩვენი ორგანიზაციის ჩათვლით, პროექტს დადებითად არ ვაფასებთ და ვამბობთ, რომ კომისიას ბევრის გაკეთება შეეძლო, მაგრამ რეალურად რა შემოაქვს პროექტს, ეს საზოგადოებამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ იცის.”

თამარ ხიდაშელი უკმაყოფილოა ასევე კონსტიტუციის განხილვისათვის შერჩეული დროით: აგვისტო შვებულებების პერიოდია და საზოგადოებას ნაკლებად ეცლება კონსტიტუციის გასაცნობადო. მისთვის გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ შექმნილი ვარიანტის პარლამენტში შეტანა.

თავად კონსტიტუციის ერთ-ერთ ავტორს, ავთანდილ დემეტრაშვილს, ეს არგუმენტი აკვირვებს. ის წელიწადის დროებსა და კონსტიტუციის განხილვას შორის კავშირს ვერ ხედავს:

”ცოტა არ იყოს, მიკვირს. ნუთუ კონსტიტუციის განხილვისთვის, პოლიტიკური ბრძოლისათვის აუცილებელია გრილი ამინდი იყოს? შვებულებები რას ჰქვია, ვერ გავიგე. აი, ბათუმში გვექნება დიდი შეხვედრა, ქუთაისსა და თელავში გვექნება შეხვედრები. ასე რომ, არ მგონია, ეს მართებული არგუმენტი იყოს”, - აცხადებს ავთანდილ დემეტრაშვილი.

ზაფხულთან არ აკავშირებს კონსტიტუციის განხილვის სირთულეებს, მაგრამ საზოგადოებრივი განხილვისთვის ვადის 4 თვით გახანგრძლივებას ითხოვს საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია. მისი ერთ-ერთი წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი, ამბობს:

”ჩვენი მოთხოვნა ეფუძნება არა წელიწადის დროს, ზაფხული რომ პასიური პერიოდია შრომითი საქმიანობისთვის, არამედ იმას, რომ ერთთვიანი ვადა, იქნება ეს ზაფხულის, ზამთრის თუ შემოდგომის პერიოდში, მცირე ვადაა იმისათვის, რომ მოესწროს სრულყოფილი, ყოვლისმომცველი განხილვა შემოთავაზებული ე.წ ცვლილებების. ჩვენი სამდურავიც სწორედ იმას ეფუძნება, რომ ერთთვიან ვადაში ვერ მოესწრება საზოგადოების მხრიდან გაცნობიერებული შეფასების გაკეთება.”

თავის მხრივ, საზოგადოებრივ საკონსტიტუციო კომისიას, რომელიც ასევე მუშაობდა კონსტიტუციის პროექტზე და შექმნა კიდეც კონცეფცია, არასოლიდარულ დამოკიდებულებას უსაყვედურებს ავთანდილ დემეტრაშვილი:

”ერთი წელი ვიხვეწებოდი მე, პირადად, რომ მიეღოთ მონაწილეობა შემუშავებაში. 11 მაისს გამოვაქვეყნეთ და იყო რამე განხილვა? შემოვიდა რაიმე წინადადება, გარდა იმისა, რომ მიშა არ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი? ეს არის სისულელე. ამიტომ მე არ ვთვლი, რომ ჩვენ არასწორად მოვიქეცით.”

ზაქარია ქუცნაშვილი კი ამბობს, რომ კომისიას თავს ვერ მოახვევდნენ საკუთარ მოსაზრებებს. საკუთარი კონცეფცია გადაუგზავნეს და მათ მისი მხედველობაში მიღება შეეძლოთ. ასე თუ ისე, საზოგადოებას ახლა იმ პროქტის ავ-კარგის გარკვევა მოუწევს, რომლის განხილვაც პარლამენტმა მას შემდეგ უნდა დაიწყოს, რაც საზოგადოება მსჯელობას დაასრულებს, ანუ ერთ თვეში. პარლამენტს ამისთვის მინიმალური ვადა - ერთი თვე - აქვს, თუმცა, შესაძლოა, ვადა გახანგრძლივდეს. საზოგადოებას კი მოსაზრებების შეთავაზება შეუძლია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ელექტრონულ მისამართზე, ასევე პარლამენტის ელექტრონულ მისამართზე განთავსებულ სპეციალურ ბმულზე. მოსაზრებების გაზიარება ამ საიტზე ჩამოთვლილ სატელეფონო ნომრებზე დარეკვითაცაა შესაძლებელი და საფოსტო წერილის გაგზავნითაც.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG