Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნივერსიტეტი ახალი რექტორის მოლოდინში


უნივერსიტეტის რექტორმა გია ხუბუამ 13 აგვისტოს საღამოს მოულოდნელად მოწვეულ აკადემიურ საბჭოს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებით მიმართა. უნივერსიტეტის რექტორობიდან წასვლის მიზეზად კი, როგორც აკადემიური საბჭოს წევრები აცხადებენ, მეცნიერული მოღვაწეობის გაგრძელების სურვილი დაასახელა. თავად ხუბუა მედიასთან კომენტარებს არ აკეთებს. უნივერსიტეტში კი მისი წასვლის ვერსიებზე ლაპარაკობენ და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურაზე ფიქრობენ.

უნივერსიტეტის გარშემო ატეხილი სკანდალი რექტორის თანამდებობიდან წასვლით დასრულდა. ამ ფაქტს წინ უსწრებდა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის თამარ ნემსიწვერიძის დაკავება. სამართალდამცავი ორგანოები ნემსიწვერიძეს სამსახურებრივ გულგრილობაში ადანაშაულებენ, რაც უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან მე-19 საუკუნის წიგნების დაკარგვას უკავშირდება. გია ხუბუამ აკადემიური საბჭოს თხოვნას, დარჩენილიყო თანამდებობაზე, უარით უპასუხა:

”ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო ბატონ გიას განცხადება. ყველამ შევთავაზეთ დარჩენილიყო რექტორის თანამდებობაზე, მაგრამ თქვა, რამდენიმე წელიწადია უკვე რექტორი ვარ და დასვენება მჭირდება, სამეცნიერო მოღვაწეობას მინდა დავუბრუნდეო. ის ბრწყინვალე იურისტია, ძალიან კარგად ფლობს გერმანულ ენას და ეს მისი გადაწყვეტილებაა. ის ადრეც ამბობდა, უნივერსიტეტიდან უნდა წავიდეო”, - აცხადებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი ფრიდონ თოდუა.
ის ამბობს, რომ ბიბლიოთეკიდან წიგნების გაუჩინარება ყველასათვის მოულოდნელი ფაქტი იყო, მაგრამ ამ ამბავს ხუბუას ვერ უკავშირებს:

”ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება, რომ ამდენი წლის განმავლობაში უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინვენტარიზაცია არ ჩატარდა ან როგორ შეიძლება ამდენი წიგნის მოპარვა, არ ვიცი. ამას, ალბათ, სამართალდამცავი ორგანოები გაარკვევენ, მაგრამ გია ხუბუასთან ამას კავშირი არა აქვს.”

აკადემიურმა საბჭომ უკვე რექტორის შემცვლელის კანდიდატურაზე დაიწყო ფიქრი. პირველი შეთავაზება უნივერსიტეტის კანცლერს ჰქონდა, რომელმაც კატეგორიული უარი განაცხადა. ამიტომ საბჭომ შეხვედრა მომავალი კვირისათვის გადადო. ფრიდონ თოდუას აზრით, საერთოდ უნივერსიტეტს ერთი პიროვნება ათი და ოცი წლის განმავლობაში არ უნდა ხელმძღვანელობდეს, თუმცა ხუბუას გადადგომა მისთვის მაინც მოულოდნელი იყო.

უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლელა ბენიძე განმარტავს, რომ სექტემბრის ბოლოს აკადემიური საბჭოს შემადგენლობაც იცვლება. შესაბამისად, სწორედ ახალი აკადემიური საბჭო აირჩევს ახალ რექტორს. მანამდე კი მისი მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურაზე იმსჯელებს. პროცედურა ასეთია:

”სავარაუდოდ, იმ კვირაში აკადემიური საბჭო გადაწყვეტს ვის დააკისროს რექტორის მოვალეობის შესრულება. შემდეგ, განცხადებების მიღებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე, აკადემიური საბჭო უკვე აქვეყნებს განცხადებას კანდიდატთა რეგისტრაციის შესახებ. შემდეგ, ორიდან სამ კვირამდე პერიოდში, ხდება განცხადებების მიღება და გადაწყვეტილება მიიღება რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ ერთის და არაუგვიანეს ორი თვის ვადაში.”

აკადემიური საბჭოს კიდევ ერთი წევრი კი, გუგული მაღრაძე, ამბობს, რომ გულუბრყვილობაა იმის დაჯერება, რომ უნივერსიტეტში ბოლოდროინდელი პროცესები უბრალო შემთხვევითობა იყო:

”მეეჭვება, რომ ეს აჟიოტაჟი შემთხვევითია, მით უმეტეს, რომ სამ ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტელევიზიაში გადიოდა ასეთი სიუჟეტები ორი წლის წინ უნივერსიტეტის მიერვე გახმაურებული წიგნების დაკარგვის საქმეზე. ამას დაემატა ივლისის ბოლოს კანონში შესული ცვლილება, რომ უნივერსიტეტის რექტორი არ არის აუცილებელი უნივერსიტეტში მუშაობდეს და მინიმალური მოთხოვნებია ამ თანამდებობისათვის. გასაგებია, რომ ხელისუფლების რაღაც ჯგუფმა, რომელსაც უნდა ამ პროცესებს მართავდეს და მედიაზეც რაღაც გავლენები აქვს, შექმნა ისეთი სიტუაცია, რომ ხუბუა გადადგა.”

ეჭვს ისიც ბადებს, რომ გია ხუბუას ორ თვეში ისედაც ეწურებოდა რექტორობის ვადა. მაღრაძის ვარაუდით, მისთვის მარტივად შეიძლებოდა ეთქვათ დაინტერესებულ პირებს, რომ მეორე ვადაზე განაცხადი აღარ შეეტანა. ამიტომ აფასებს მაღრაძე ამ ამბავს როგორც სკანდალს და ფიქრობს, რომ ეს უნივერსიტეტის და ხუბუას წინააღმდეგ კარგად დაგეგმილი კამპანიის ნაწილია და მიზნად უნივერსიტეტში ისეთი ადამიანის მიყვანას ისახავს, რომელსაც ხელისუფლება ადვილად მართავს:

”ალბათ, ისეთი ადამიანის მოყვანა სურთ, ვინც მზად იქნება იმისთვის, რომ ვიღაც-ვიღაცების ინტერესები გაატაროს უნივერსიტეტში და როცა ეს უკვე აღარ გამოსდით, მაშინ უკვე დგება უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის შეცვლის აუცილებლობა, რაც არც უნივერსიტეტისთვისაა კარგი, არც ამ ქვეყნის საზოგადოებისთვის.”

გუგული მაღრაძე წინასწარ პროგნოზებს ერიდება, თუმცა ამბობს, რომ აკადემიური საბჭოს ახალი შემადგენლობა, რომელიც სექტემბერში გახდება ცნობილი, გამოკვეთს, თუ ვინ უხელმძღვანელებს უნივერსიტეტს:

”სწორედ აკადემიური საბჭოს ახალი შემადგენლობა გამოკვეთს სურათს. თუ ვნახავთ, რომ ადვილად სამართავ ხალხს გაიყვანენ აკადემიურ საბჭოში, ამის მიხედვითაც მივხვდებით, იქნება თუ არა ზეწოლა პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებზე, რომ მათთვის სასურველი პირების არჩევა მოხდეს. ხოლო რა კანდიდატურებიც შემოვა უკვე, ამის მიხედვითაც ადვილად განვსაზღვრავთ, ვის ინტერესებში იყო ეს ყველაფერი.”
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG