Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პედაგოგებს მასობრივად ათავისუფლებენ?


დამოუკიდებელ პედაგოგთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ხალხის პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართეს, სადაც ითქვა, რომ სკოლის პედაგოგებს მასობრივად და განმარტების გარეშე ათავისუფლებენ სკოლებიდან. დამოუკიდებელ პედაგოგთა ასოციაციის წარმომადგენლის, ლია ნიკოლაიშვილის, განცხადებით, მათ უკვე მიმართა სკოლიდან გათავისუფლებულმა 36-მა პედაგოგმა, რომელთა სარჩელები სასამართლოშია შეტანილი. რა ხდება რეალურად სკოლებში, ვინ იღებს პედაგოგთა გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას და რას ამბობენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში?

”არაკანონიერად არიან გათავისუფლებული 30 წლის სტაჟის მქონე პედაგოგები, დამსახურებული პედაგოგები, ქების სიგელების მქონე პედაგოგები და ახსნა-განმარტებაც არ აქვთ მიღებული, რისთვის უშვებენ - დირექტორი ამბობს, არ მინდიხარ და წადიო”, - ეს განცხადება დამოუკიდებელ პედაგოგთა ასოციაციის წარმომადგენელმა, ლია ნიკოლაიშვილმა, გააკეთა. მისივე განცხადებით, თავად 89-ე სკოლის ყოფილი პედაგოგია, რომელმაც სასამართლოს პირველ ინსტანციაში საქმე წააგო, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ სკოლიდან მისი გათავისუფლება უკანონოდ აღიარა. ახლა ლია ნიკოლაიშვილი ცდილობს იმ პედაგოგებს დაეხმაროს, ვისაც, მისი შეფასებით, ასევე უკანონოდ ათავისუფლებენ სკოლიდან.

ახსნა-განმარტების გარეშე გამათავისუფლესო, ამბობს 82-ე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა ელიზბარაშვილი. მისი განმარტებით, სკოლის დირექტორმა ჯერ შესთავაზა თავად დაეწერა წასვლის მოთხოვნით განცხადება, ხოლო როცა ეს არ გააკეთა, დირექტორმა საკუთარი ბრძანებით გაათავისუფლა პედაგოგი. მის მსგავსად, სულ 11 პედაგოგი გათავისუფლდა 82-ე სკოლიდან:

” უკანონოდ გაგვათავისუფლეს. 11 მასწავლებელი დირექტორმა თავისი ბრძანებით გაგვათავისუფლა და რამდენიმემ თავად დაწერა განცხადება წასვლის შესახებ”,- ამბობს 82-ე საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული ნანა ელიზბარაშვილი.

ამავე სკოლის დირექტორი, ეკა კვირიკაშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ კომენტარს მხოლოდ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთებს:

”არც ვიცი, რა კითხვა უნდა დამისვათ. არ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი და, რომ დასრულდება, მერე გავაკეთებ კომენტარს.”

თითქმის მთელი ზაფხულის განმავლობაში ტრიალებდა ინფორმაცია პედაგოგთა მოსალოდნელი ოპტიმიზაციის შესახებ, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები ამ თემაზე სხვადასხვა დროს საუბრობდნენ. არაოფიციალური ინფორმაციით, პედაგოგთა მოსალოდნელ შემცირებას სხვადასხვა მიზეზით ხსნიდნენ. პირველი, თითქოს არსებობდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის, ერთგვარი ზეპირი მითითება სკოლის დირექტორებისადმი იმის შესახებ, რომ მათ, ახალი საშტატო განრიგის მიხედვით, სკოლიდან გაეთავისუფლებინათ ის პედაგოგები, რომელთაც 18 საათზე ნაკლები ჰქონდათ. ამას მოჰყვა მეორე ბრძანების შესახებ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სკოლიდან უნდა დაეთხოვათ გაბერილი ადმინისტრაციული შტატები, მაგალითად, მასაჟისტი, მებაღე და ა.შ. პედაგოგები არაოფიციალურ საუბრებში ამბობენ, რომ სკოლის დირექტორებმა სწორედ მინისტრის ეს ზეპირი მითითება გამოიყენეს. ზოგიერთი ასეთი თანამშრომელი პედაგოგად გააფორმეს და მათ ნაცვლად არასასურველი პედაგოგები დაითხოვეს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უარყოფენ მინისტრის მხრიდან რაიმე ზეპირი მითითების არსებობას. რაც შეეხება პედაგოგთა დათხოვნის საკითხს, ამ საკითხზე განათლების სამინისტროს პოზიციას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, ეკა ჭუმბურიძე, შემდეგნაირად განმარტავს:

”სკოლა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი. რეალურად, სკოლის დირექცია სამეთვალყურეო საბჭოსთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, თუ მასწავლებელს აქვს განცდა, რომ მას მოექცნენ უსამართლოდ, შეუძლია მიმართოს სასამართლოს.”

პედაგოგთა და მეცნიერთა დამოუკიდებელი პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტი, მაია ლიპარტელიანი, ამბობს, რომ მათ საჯარო სკოლებიდან პედაგოგთა მასობრივი გათავისუფლების შესახებ ჯერჯერობით არაფერი სმენიათ, მათ მხოლოდ რამდენიმე პედაგოგმა მიმართა, ისიც - პრევენციული მიზნით:

” რამდენიმე განცხადება მივიღეთ. მასწავლებლები ამბობდნენ, დირექტორი აპირებს ჩემს გათავისუფლებასო. ეს ძირითადად რაიონებიდან შემოსული განცხადებები იყო, მაგრამ სანამ ფაქტი არ დადგება, მანამდე რაიმე რეაგირების მოხდენა არ ხდება. მხოლოდ ის, რომ აპირებს, ამაზე სამართლებრივი რეაგირების მოხდენა არ ხდება.”
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG