Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში საერთაშორისო სამხედრო ოპერაცია დასრულდა


ერაყში განთავისუფლების საერთაშორისო სამხედრო ოპერაცია სრულდება
ერაყში განთავისუფლების საერთაშორისო სამხედრო ოპერაცია სრულდება
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ერაყის განთავისუფლების საერთაშორისო სამხედრო ოპერაცია ოფიციალურად გამოაცხადა დასრულებულად. ამ მოვლენას უკვე გამოეხმაურნენ ერაყის წამყვანი პოლიტიკოსები, რომლებიც შიდა დაპირისპირების გამო ვერ თანხმდებიან მთავრობის ფორმირებაზე. ამას ემატება ლტოლვილების პრობლემა. ქვეყნის ტერიტორიაზე მიმოფანტულია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული ადამიანი, რომლებსაც მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება.

კარიმ ჰასან აბაუდი, თავისი ცოლით, სამი შვილიშვილითა და ორი ქვრივი ქალიშვილით, ბაღდადის ჩრდილოეთით ფანერით შეკოწიწებული დროებითი ბანაკის ორ პატარა ოთახში ცხოვრობს. 59 წლის მეთევზე და მისი ნათესავები რელიგიურ ნიადაგზე ატეხილ სისხლისღვრას გამოექცნენ შიიტებით დასახლებული ქალაქიდან. აბაუდი ფიქრობს, რომ ამერიკის სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ მის ოჯახს მომავალში კარგი არაფერი ელოდება. როგორც „როიტერს“ უთხრა ერაყელმა დევნილმა, იგი იმედგაცრუებულია იმით, რომ საპარლამენტო არჩევნებიდან ექვის თვის შემდეგაც კი ქვეყანას მთავრობა არა ჰყავს:

„თუკი ვითარება დარჩება ისეთი, როგორიც დღესაა და მთავრობა არ ჩამოყალიბდება, ყველაფერი დღითი დღე კიდევ უფრო გაუარესდება. ჩვენ ველოდებით, რომ ვინმე კარგი ადამიანი ჩაუდგება მთავრობას სათავეში და იზრუნებს დაჩაგრულ ადამიანებზე. ჩვენ დაჩაგრული ადამიანები ვართ. პოლიტიკოსები თანამდებობისათვის იბრძვიან და წარმოდგენა არა აქვთ იმაზე, თუ რას ვჭამთ და სად გვძინავს.“

გაეროს ლტოლვილთა საქმეების უზენაესი კომისარიატის (UNHCR) ინფორმაციით, ერაყის შიგნით იძულებით გადაადგილებული 1,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს დროებით თავშესაფრებსა და საზოგადოებრივი დაწესებულებების შენობებში. მხოლოდ ბაღდადში ლტოლვილთა რაოდენობა 200 ათასს აღწევს და ისინი 120-მდე ბანაკში ცხოვრობენ. ლტოლვილთა უმრავლესობას სამუშაო არა აქვს და სიღატაკის ზღვარზეა. გაეროს ლტოლვილთა საქმეების უზენაესმა კომისარიატმა არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება ქვეყნის ტერიტორიაზე რელიგიური გაუტანლობის ნიადაგზე ბოლო ხანს გახშირებული ძალადობის გამო, რასაც პოლიტიკური ვაკუუმი ემატება. მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო არჩევნების შემდეგ ექვსი თვე გავიდა, ქვეყანას ჯერაც არა ჰყავს ახალი მინისტრთა კაბინეტი. ამ ვითარებას, ამერიკის საბრძოლო ოპერაციის დასრულების ფონზე, დამაფიქრებელი უწოდა ერაყის პარლამენტის წევრმა იზ ალდინ დავლამ, ალ ერაყიას ბლოკის წარმომადგენელმა:

„მე ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატების საბრძოლო ქვედანაყოფების გასვლა არის გზავნილი ყველა ერაყელი პოლიტიკოსისადმი, რომლებმაც მეტი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ, ვინაიდან უსაფრთხოების საკითხები ძალიან ახლო კავშირშია პოლიტიკის საკითხებთან და იმის გამოც, რომ ერაყში კვლავ გრძელდება სისხლისღვრა. ამიტომაც, ამერიკული ჯარის გასვლამ ქვეყნის პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებსა და გაერთიანებებს მოტივაცია უნდა გაუძლიეროს, უფრო მეტად იფიქრონ ხალხზე, რომელმაც ისინი ძალაუფლებით აღჭურვა, და რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ მთავრობის ფორმირება.“

საკუთარი ქვეყნის წინაშე უფრო მეტ პასუხისმგებლობასა და მოვალეობაზე ლაპარაკობენ ერაყელი მოქალაქეებიც, რომლებსაც ჩვენი რადიოს ერაყულმა სამსახურმა მიმართა შეკითხვით, თუ რას ფიქრობენ ერაყიდან შეერთებული შტატების საბრძოლო დანიშნულების სამხედრო ქვედანაყოფების გასვლაზე.

„დიახ, მე მართლაც ბედნიერი ვარ. მე მართლა ბედნიერი ვარ შეერთებული შტატების სამხედრო ძალების გასვლის გამო. საკუთარი ქვეყნის დაცვა ჩვენი მოვალეობაა, ჩვენი შვილების მოვალეობაა. ეს არ არის უცხოელების მოვალეობა. სწორედ ჩვენ ვართ ისინი, ვინც, ღვთის ნებით, უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა.“

ერაყის განთავისუფლების კოალიციური საბრძოლო ოპერაცია, ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურობით, 7 წელიწადზე მეტ ხანს გრძელდებოდა. ერაყში, კოალიციის რიგებში, ხუთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა ქართული ქვედანაყოფიც, რომელმაც ერაყი 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო ოპერაციები ფორმალურად დასრულდება, ერაყში 50 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი მაინც დარჩება ერაყელი ჯარისკაცების დასახმარებლად.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG