Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთი ჩაკეტილ წრეში


მოლდავეთის დროშა
მოლდავეთის დროშა
„ევროპული ალიანსის“ მცდელობის მიუხედავად, მოლდავეთი კვლავ პოლიტიკურ ჩიხში დარჩა. გასულ კვირას უშედეგოდ დასრულდა ამ ქვეყანაში გამართული რეფერენდუმი, სადაც 30 პროცენტსაც კი ვერ მიაღწია ამომრჩეველთა რიცხვმა, რომელსაც ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების შემოღების ბედი უნდა გადაეწყვიტა. ამგვარად, მოლდავეთის რესპუბლიკა, სადაც თითქმის ერთი წელიწადია გრძელდება პოლიტიკური კრიზისი, პარლამენტის დათხოვნისა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების წინაშე დგას.

მოლდავეთის პროდასავლური პოლიტიკური ძალები, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილების რეფერენდუმზე გატანით საპრეზიდენტო ინსტიტუტის შემოღებას იმედოვნებდნენ, საკმაოდ თავდაჯერებულები აღმოჩნდნენ და ახლა აცხადებენ, რომ საქმე მათი ოპონენტების აგრესიულმა ანტისარეფერენდუმო პროპაგანდამ გააფუჭა. მოლდავეთის პრემიერ-მინისტრმა, ქვეყნის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლად ფილატმა, თითი მოლდაველი კომუნისტებისაკენ გაიშვირა:

„რეფერენდუმზე ამომრჩეველთა მცირე რაოდენობის მოსვლა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. პირველი მდგომარეობს იმაში, რომ ამომრჩეველს მკაფიოდ არ განუმარტეს რეფერენდუმის ჩატარების არსი. და, მეორე მხრივ, კომუნისტური პარტია ძალიან აგრესიულად იქცეოდა და არჩევნების ბოიკოტირება მოახდინა.“

მოლდაველმა კომუნისტებმა კი, რომლებიც რეფერენდუმის იდეას იმთავითვე უპირისპირდებოდნენ, ერთწლიანი მარცხის შემდეგ, შეიძლება ითქვას, მცირე რევანში მოიპოვეს. შარშან ივლისში გამართულ განმეორებით საპარლამენტო არჩევნებზე მოლდაველმა კომუნისტებმა პარლამენტში უმრავლესობა დაკარგეს და ოპოზიციაში გადავიდნენ. კვირას გამართული რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ მოლდაველი კომუნისტების ლიდერმა, ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ვორონინმა, რეფერენდუმის იდეის ინიციატორები იქით დაადანაშაულა კონსტიტუციის საფუძვლების ხელყოფაში:
„ეს რეფერენდუმი თავიდანვე ჩავარდნისათვის იყო განწირული. ჩვენ ამის შესახებ ვაფრთხილებდით მათ, ვინც ძალაუფლებას ფლობს. ეს ერთი. და მეორე - ეს რეფერენდუმი იყო ანტიკონსტიტუციური, რადგან კონსტიტუციის დასკვნითი ნაწილი ითვალისწინებს კონსტიტუციის შეცვლას მხოლოდ პარლამენტის მიერ და არა სხვა რომელიმე ფორმით. და მათ დაარღვიეს ყველაზე მთავარი რამ - თამაშის წესები არ იცვლება უშუალოდ თამაშის წინ.“

ვლადიმირ ვორონინმა, რომელიც ქვეყანას 2001 წლიდან მართავდა, ზუსტად ერთი წლის წინ, ზემოხსენებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დატოვა პოსტი. თუმცა პრეზიდენტის არჩევისათვის ხმები არც პარლამენტის უმრავლესობაში გაერთიანებულ ოპოზიციურ ალიანსს ეყო, რომელმაც საჭირო 61 ხმის მოგროვება ვერ მოახერხა. შესაბამისად, ქვეყანა კვლავ პარლამენტის დაშლისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინაშე დადგა. „ევროპული ალიანსი“ რეფერენდუმის გზით საპრეზიდენტო არჩევნების შემოღებით აპირებდა წერტილი დაესვა იმ პოლიტიკური კრიზისისათვის, რომელიც პრეზიდენტის სავარძელთან დაკავშირებით წელიწადია გრძელდება. კერძოდ, პარლამენტის დათხოვნამდე ქვეყანაში შემოიღებდნენ საპრეზიდენტო არჩევნებს, რაც შემდგომში გამარჯვებას ალიანსის კანდიდატს მოუტანდაო, - ამბობს ცნობილი მოლდაველი ანალიტიკოსი, ასოციაცია “ADEPT” -ის დირექტორი იგორ ბოცანი:

„ისინი ფიქრობდნენ, რომ რეფერენდუმზე ვითარება გაირკვეოდა. სინამდვილეში, მათ სურდათ რეფერენდუმი გამოეყენებინათ კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ, რომელსაც რევანში ჰქონდა ჩაფიქრებული. გამოვიდა, რომ კომუნისტური პარტიის ბოიკოტი უფრო არსებითი და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე „ევროპული ინტეგრაციისათვის ალიანსში“ შემავალი პარტიების მოწოდება, მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში.“

როგორც ცნობილია, კვირას მოლდავეთის რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობამ ელექტორატის 30 პროცენტსაც ვერ მიაღწია. რეფერენდუმის შედეგები „ცივი შხაპია“ ევროპული ალიანსისათვისო, - ამბობს იგორ ბოცანი, რომელიც ფიქრობს, რომ არშემდგარ რეფერენდუმს მოლდავეთში თავისი დადებითი შედეგი აქვს, რაც კარგად აისახება ქვეყნის, როგორც „არჩევითი დემოკრატიის“, იმიჯზე:

„ამ რეფერენდუმის შემდეგ, მოლდავეთის რესპუბლიკაში არჩევითი დემოკრატია თუ არ ყვავის, შეიძლება ითქვას, კარგ სიმაღლეზეა. ხელისუფლებას არ უცდია ხელოვნურად გაეზარდა არჩევნებზე მოსულ მოქალაქეთა რიცხვი იმისათვის, რომ რეფერენდუმი შემდგარიყო. დიახ, ქვეყანაში იქნება ვადამდელი არჩევნები. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ვადამდელი არჩევნების შემდეგ კვლავ დადგება დღის წესრიგში პრეზიდენტის არჩევა.“

ქვეყნის მომავალ პრეზიდენტს კი მოლდავეთში აირჩევს მომავალი პარლამენტი, რომლის არჩევნებიც, მოლდავეთის კონსტიტუციის თანახმად, 14 ნოემბერს გაიმართება. თუკი პოლიტიკურ ძალთა თანაფარდობა და, რაც მთავარია, ამომრჩეველთა აქტიურობა მომავალ არჩევნებშიც არ შეიცვალა, მოლდავეთს ანალიტიკოსები პოლიტიკური კრიზისის მოჯადოებულ წრეში დარჩენას უწინასწარმეტყველებენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG