Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 14 სექტემბერი 2010


როგორც დღევანდელი ”რეზონანსი” ატყობინებს მკითხველს, თურმე ძალიან მალე, თუკი რომელიმე სამართალდამცავს არ მოვეწონებით, უფლება ექნება, ქუჩაში გაგვაჩეროს და გაგვჩხრიკოს მხოლოდ თავისი პირადი შეხედულების საფუძველზე. ამის მერე კი რა მოხდება, ღმერთმა იცისო, წერს მეთაური წერილის ავტორი. როგორც ”რეზონანსი” იუწყება, ”გონივრული ეჭვის” გაჩენის შემთხვევაში პოლიციელი უფლებამოსილია გააჩეროს პირი და აწარმოოს ზედაპირული შემოწმება. იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ნორმის მიღების შემთხვევაში დაირღვევა ადამიანის უფლებები და ამიტომ ამის გაკეთება არ შეიძლება: ”ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიციელს გაუჩნდება”გონივრული ეჭვი” და ჩანთაში ჩამიყოფს ხელს, ჯიბეში ჩამიყოფს ხელს, მანქანას ამომიტრიალებს და პოლიციელის ეჭვიანობის საფუძველზე უნდა ვიცხოვროთ?” - კითხულობს ქუცნაშვილი. ამასთან, იგი არც იმას გამორიცხავს, რომ ეს ნორმა პირადი მიზნებისთვისაც იქნეს გამოყენებული.

”რეზონანსი“ აქვეყნებს დღეს ინტერვიუს ირაკლი სესიაშვილთან, ექსპერტთან უსაფრთხოების საკითხებში. ჟურნალისტი მას პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვებს შეახსენებს, ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობა ქვეყანას საბრძოლო გამოცდილებისათვის სჭირდებაო. სესიაშვილი სააკაშვილის ამ აზრის პასუხად ამბობს: ”ამ გამოცდილებისათვის ჩვენი ჯარისკაცების ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხეში არ უნდა ჩავაგდოთ. საქართველო არ უდა გადაიქცეს ჯარისკაცების მწარმოებელ სახელმწიფოდ, რომელიც მსოფლიო ასპარეზზე გამოვა და ქულებს დაიწერს იმით, რომ ერაყში ან ავღანეთში ჯარისკაცებს აგზავნის. ჩვენ ჯარისკაცები იმიტომ გვყავს, რომ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ”, - ამბობს ირაკლი სესიაშვილი ”რეზონანსთან” საუბრისას.

დღევანდელი ”ალია” აქვეყნებს მცირე ინტერვიუს ყოფილ ომბუდსმენ ნანა დევდარიანთან, რომლის აზრითაც, ნაციონალებში ”შიდა ტერორია დაწყებული”. შიდა ტერორის შინაარსს კი ასე განმარტავს: ”ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ მიდის პირველი პირი. ზვიად გამსახურდია გადატრიალებით წავიდა, შევარდნაძე ისე წავიდა, რომ სისხლი არ დაუღვრია. ამას კი (იგულისხმება პრეზიდენტი სააკაშვილი) ყველა მონაცემი აქვს, რომ სისხლი დაღვაროს. სისხლის დაღვრა კი იმას ნიშნავს, რომ სახელისუფლებო წრიდან ვეღარავინ გადარჩება. აქ თუ დატრიალდა სისხლის კალო, რა თქმა უნდა, ამას ყველა შეეწირება. ამიტომაც სისხლი გარეთ არ დაიღვრება, მაგრამ შეიძლება შიგნით დაიღვაროს. სწორედ ამას ვგულისხმობ ”ნაციონალების” შიგნით ტერორში”. ხელისუფლების შიგნით აუცილებლად მოიძებნება ძალა, რომელიც შეეცდება, ეს მძიმე განაჩენი აიცილოს. რეალურად ”ნაციონალებში” უკვე შექმნილია სააკაშვილის ალტერნატიული ძალა”, - ამბობს დევდარიანი ინტერვიუში.

ბოლო რამდენიმე კვირაა საქართველოს პრეზიდენტი ყოველდღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს შეახსენებს მოსახლეობას, რომ ინგლისური ენის შესწავლის გარეშე აღარც დიპლომი გაიცემა და, შესაბამისად, მაღალანაზღაურებადი სამუშაოების პოვნის შესაძლებლობაც მინიმუმამდე დავა. მთავრობის უკანასკნელ სხდომაზე, რომელიც ძველი ბათუმის განახლებულ „ბათუმი, პიაცაში“ გაიმართა, მან იმის საილუსტრაციოდ, რომ ინგლისური ენის შესწავლა, განურჩევლად ასაკისა, სქესისა და რელიგიური მრწამსისა, ყველასთვის სავალდებულოა, საკუთარი ბებიის მაგალითიც კი მოიყვანა. მას წარმატებით დაუძლევია ენის კურსები. თუმცა ინგლისური ენის შესწავლასთან დაკავშირებით, სრულიად განსხვავებული აზრისაა პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი. გაზეთ ”ახალ თაობასთან” ინტერვიუში ის აღნიშნავს: ”რა დროს ინგლისურია, ახლა სომხური და აზერბაიჯანული უნდა ვისწავლოთ. პრეზიდენტი თვითონვე აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტი ტურისტი ჩამოვიდა სომხეთიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან. რომელი მათგანი ლაპარაკობს ინგლისურად?” - კითხულობს კლიმიაშვილი.

”საქართველოს რესპუბლიკა” საკუთარ ფურცლებს უთმობს საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსს, რომელმაც ინტერვიუ ჩაწერა ეკონომიკის ექსპერტ დემურ გიორხელიძესთან. როგორც ის ინტერვიუში აღნიშნავს, ხელისუფლებას ტურიზმის განვითარების სტრატეგია გათვლილი არა აქვს: ”თუ ტურიზმს ავითარებ, ის რაღაცით გამორჩეული და კონკურენტუნარიანი უნდა იყოს. ჩვენთან რომ ფასებია არანორმალური, ფაქტია. და ეს მაშინ, როცა იგივე თურქეთისა და ბულგარეთის სანაპიროზე ძლიერი კურორტებია. თუ ჩვენ საქართველოში ჩამოსულ ტურისტს ჰამბურგერებით და ჩისბურგერებით გავუმასპინძლდით, სრულიად გასაგებია, რომ ამ საკვების მისაღებად ტურისტი აქ არ ჩამოვა. ეს მაშინ, როცა ჩვენ გვაქვს უნიკალური სამზარეულო, უნიკალური აგროსექტორი, რომელიც საერთოდ მივიწყებულია და სახელმწიფოსა და ხელისუფლებას აგრარული სექტორის მიმართ პოლიტიკა არც კი გააჩნია. განვითარებული სოფლის მეურნეობა და ადგილობრივი მრეწველობა ტურისტულ სექტორს სულ სხვა ელფერს შესძენდა”, - აცხადებს გიორხელიძე ინტერვიუში.
XS
SM
MD
LG