Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ყველაზე ოპტიმალური" თარიღი ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის


ბელორუსიაში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი გაირკვა: არჩევნები ჩატარდება მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, რასაც პარალმენტში გამართულ კენჭისყრაზე დეპუტატების უმრავლესობა მიემხრო. არადა, მოელოდნენ, რომ არჩევნები მოგვიანებით - მომავალი წლის დასაწყისში გაიმართებოდა....

ბელორუსიაში მოქმედი კანონით, მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 6 თებერვლისა, როცა ორი თვე იქნება დარჩენილი ალექსანდრ ლუკაშენკოს პრეზიდენტობის ამჟამინდელი, მესამე ვადის ამოწურვამდე. აქამდე ბევრი მოელოდა, რომ არჩევნების გასამართად მომავალი წლის იანვარს, ან თებერვლის დასაწყისს შეარჩევდნენ. მაგრამ დეპუტატმა ვასილი ბაიკოვმა ბელორუსიის პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შესაბამისი პროექტის წარდგენისას განაცხადა: 19 დეკემბერი „ყველაზე ოპტიმალური“ თარიღია კენჭისყრისთვისო. „კომისია მოქმედებდა იქიდან გამომდინარე, რომ უზრუნველეყო საარჩევნო კამპანიაში მოქალაქეთა მაქსიმალური მონაწილეობა და ის ჩაეტარებინა ამორჩეველთათვის ხელსაყრელ დროს“, - განაცხადა ბელორუსმა დეპუტატმა და დასძინა: „წლის ბოლომდე არჩევნების ჩატარება შესაძლებელს გახდის, საარჩევნო პროცესზე დროს დაკარგვის გარეშე, 2011 წლის დასაწყისშივე შეუდგნენ მომავალი წლისა და ხუთწლედისთვის ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ამოცანების შესრულებას“.

თუმცა, არჩევნების „გადმოწევის“ მიზეზებზე სხვა მოსაზრებებიც არსებობს: ანალიტიკოსების ნაწილის შეფასებით, ლუკაშენკო ცდილობს, მოსამზადებლად შეძლებისდაგვარად ნაკლები დრო დაუტოვოს კონკურენტებს, რადგან თვით ლუკაშენკო, სავარაუდოდ, მეოთხე ვადითაც წამოაყენებს თავის კანდიდატურას. აქამდე მას, მართალია, სერიოზული საფრთხე არ შეჰქმნია პრეზიდენტობის სხვა მსურველებისაგან, მაგრამ ახლა მაინც განსხვავებული ვითარებაა: ეკონომიკური პრობლემები და ტრადიციულ მოკავშირე მოსკოვთან მკვეთრად გაუარესებული ურთიერთობა - უჩვეულოდ სუსტ პოზიციაში აყენებს ბელორუსიის ლიდერს, რომელიც 1994 წლიდან ინარჩუნებს პრეზიდენტის პოსტს.

მოსკოვთან დაძაბულობას რაც შეეხება, მისი ძირითადი მიზეზია ლუკაშენკოს პერიოდული მცდელობები, ალტერნატიულ პარტნიორებს, მათ შორის ევროკავშირს დაუახლოვდეს, მოსკოვის დომინანტური როლის გასანეიტრალებლად. წელს ივნისში, რუსეთმა დროებით შეწყვიტა ბელორუსიისთვის გაზის მიწოდება, რის ფონსაც ჰქმნიდა დავა საბაჟო კავშირისა და ყირგიზეთის დამხობილ პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევისთვის მინსკში თავშესაფრის მინიჭების გარშემო - მოსკოვი ამის წინააღმდეგი იყო. ამ ყველაფერს ემატება ჩვენი მსმენელისთვის კარგად ცნობილი საკითხი: ბელორუსიის უარი (ყოველ შემთხვევაში, ამ დრომდე), აღიაროს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა...

ვარაუდობენ, რომ კრემლმა, შესაძლოა, ისევ დაიწყოს ბელორუსიასთან მოლაპარაკება ნავთობისა და გაზის ფასებზე იანვარში, როცა ზამთრის სიცივე გააიოლებს მინსკის დაყოლიებას მოსკოვისთვის სასურველ ფასებზე. ამის გამო, დაასკვნიან ანალიტიკოსები, ლუკაშენკო ცდილობს, დაასწროს ენერგომომარაგების მოსალოდნელ გაძვირებას და მასთან ერთად, თვით ლუკაშენკოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა რაოდენობის შემცირებას და ჯერ კიდევ იანვრამდე ჩაატაროს საპრეზიდენტო არჩევნები.

ამ მოსაზრებას იზიარებს სამოქალაქო კამპანიის „თქვი სიმართლე“ ლიდერი, ვლადიმირ ნეკლიაევი: „არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური კამპანიის წარმართვა ასეთ არახელსაყრელ პირობებში - თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა მთავრობისათვის, ლუკაშენკოსთვის. ამის გამოა, რომ არჩევნები ახალი წლის დაწყებამდე ჩატარდება - როცა ვითარება მაინც, ასე თუ ისე, მისაღებია, როცა ჯერ კიდევ არის საკმარისი ფული მუშებისთვის, პენსიონერებისთვის, ყველასთვის, ვისაც ფულს ბიუჯეტიდან უხდიან“.

ოპოზიციის ლიდერები იმედოვნებენ, რომ არჩევნებისთვის საერთო კანდიდატზე შეთანხმებას შეძლებენ, თუმცა იმედი ჯერჯერობით იმედად რჩება. პრეზიდენტობის ყოფილი ოპოზიციონერი კანდიდატებიდან ალბათ, ყველაზე ცნობილს - ალექსანდრ მილინკევიჩს ნათქვამი აქვს, რომ ამჯერად, შესაძლოა, უარი თქვას საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე. მისგან განსხვავებით, პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად ბრძოლაში ჩართვის სურვილი უკვე გამოთქვა ათმა პირმა, მათ შორის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ სერგეი გაიდუკევიჩმა და ბელორუსიის ევროპული მოძრაობის ლიდერმა, ანდრეი სანიკოვმა. თითოეულ მათგანს - საკუთარი კანდიდატურის ოფიციალურად წამოსაყენებლად - ახლა 100 ათასი ხელმოწერის შეგროვება მოუწევს. ეს პროცესი იწყება 30 სექტემბერს, კანდიდატთა მხარდამჭერი ხელმოწერების შემგროვებელი ჯგუფების რეგისტრაციის შემდეგ. ბელორუსიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლიდია იარმოშინას განცხადებით, არჩევნებზე უცხოელ მეთვალყურეებსაც მიიწვევენ.

წინა, 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა უცხოელი მეთვალყურეების მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა: გაყალბებულად გამოცხადდა არჩევნების შედეგები, რომელთა მიხედვითაც, ხმების 83 პროცენტი ალექსანდრ ლუკაშენკოს ერგო.
XS
SM
MD
LG