Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტო დაეხმარება საბერძნეთს არალეგალურ იმიგრაციასთან გამკლავებაში


ევროკავშირი საბერძნეთში სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელთა ჯგუფს გზავნის. აფრიკის ქვეყნებიდან და ავღანეთიდან თურქეთის გავლით არალეგალურ იმიგრანტთა ნაკადის ზრდის გამო საბერძნეთმა ევროკავშირს საზღვრის დაცვაში დახმარება სთხოვა. ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტო FRONTEX-ის სწრაფი რეაგირების ჯგუფი თურქეთთან საზღვარზე განლაგდება. ეს აღნიშნული ჯგუფის ადგილზე განლაგების პირველი შემთხვევაა 2007 წელს მისი შექმნის დღიდან. ევროკომისიის წევრი სესილია მალმსტრომი, რომელიც საშინაო საქმეებზე აგებს პასუხს, აცხადებს, რომ თურქეთიდან საბერძნეთში არალეგალურად შესული ადამიანების რაოდენობამ ”საგანგაშო მასშტაბი” შეიძინა და საბერძნეთს პრობლემასთან გამკლავება აღარ ძალუძს. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს მდინარე ევროსზე, საზღვრის 12,5 კილომეტრიან მონაკვეთზე არალეგალურ იმიგრანტთა რაოდენობის ზრდა. ევროკავშირის ნაბიჯი მოჰყვა გაეროს მოწოდებას საბერძნეთისთვის დახმარების გაწევის შესახებ. ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში არალეგალურ იმიგრანტთა 75 პროცენტი ევროკავშირში სწორედ საბერძნეთიდან (ძირითადად, თურქეთის გავლით) შეეცადა ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას.
XS
SM
MD
LG