Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარემოს სისუფთავისათვის ბრძოლა მკაცრდება


საქართველოს პარლამენტის შენობა
საქართველოს პარლამენტის შენობა
საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინიციატივას და გაამკაცრა ზომები, რომლებიც გარემოს დაბინძურების წინააღმდეგაა მიმართული. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, სიგარეტის ნამწვის ან სხვა სახის ნარჩენების ქუჩაში დაყრისთვის მოქალაქეს, ჯარიმის სახით, 50 ლარის გადახდა მოუწევს. უფრო მასშტაბური დანაგვიანების გამო ჯარიმა გაოთხმაგდება. რას ფიქრობენ სიახლეზე თბილისელები და როგორ მოხდება გარემოს დამბინძურებელთა გამოვლენა-დასჯა?

გიორგი, 60 წელს მიტანებული მამაკაცი, თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურში მუშაობს. ის ამბობს, რომ ქუჩების დასასუფთავებლად სახლიდან დილის 7 საათზე გამოდის, 4 საათზე კი მას სხვა თანამშრომელი ენაცვლება, თუმცა, გიორგის თქმით, ქალაქის სისუფთავისთვის მხოლოდ მეეზოვეთა ძალისხმევა არ კმარა:

„ვერ ვასწრებთ აღებას, მოდის ხალხი და ანაგვიანებს. ზოგი ისეთი უზრდელია...“

თუმცა სულ მალე ქუჩების დანაგვიანების გამო ამა თუ იმ მოქალაქეს არავინ ეტყვის, უზრდელი ხარო. მას, უბრალოდ, დააჯარიმებენ. ინიციატივა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს გოგა ხაჩიძეს ეკუთვნის:

„ქვეითად მოსიარულე იქნება თუ ავტომობილით მოძრავი, ნარჩენების დაყრისათვის (იქნება ეს სიგარეტის ნამწვი თუ პოლიეთილენის პარკი) დაჯარიმდებიან 50-50 ლარით. დანარჩენ შემთხვევაში, კორპუსებიდან ნაგვის გადმოყრის თუ მაღაზიების წინ ნარჩენების დაგროვების შემთხვევაში, ჯარიმა 200 ლარი იქნება კერძო პირისთვის და 1000 ლარი იურიდიული პირისთვის.“

საინტერესოა, რას ფიქრობენ სიახლის შესახებ თბილისელები. რამდენიმე მათგანს რადიო თავისუფლება რუსთაველის გამზირზე გამოელაპარაკა. მათი უმეტესობა იწონებს ნარჩენების ქუჩაში დაყრისთვის სასჯელის გამკაცრებას, თუმცა იქვე შენიშნავენ, რომ ქუჩებში უნდა დაიდგას სათანადო რაოდენობის ურნები, ხოლო ჯარიმა არ უნდა იყოს ძალიან მაღალი.

თბილისელების მსგავსად, არც საქართველოს პარლამენტში დავობენ იმაზე, უნდა დაწესდეს თუ არა ქუჩების დანაგვიანების გამო ჯარიმა. 28 ოქტომბერს პლენარულ სხდომაზე, ცვლილებების მეორე და მესამე მოსმენით განხილვისას, კითხვები ძირითადად ადმინისტრირების ფორმებთან დაკავშირებით დაისვა. ვინ აგებს პასუხს ავტობუსიდან ნარჩენების გადმოყრის შემთხვევაში? მინისტრის პასუხიდან გაირკვა, რომ მძღოლი, როგორც მგზავრთა ქცევაზე პასუხისმგებელი პირი. ხოლო შეკითხვას, თუ რა დამატებით ხარჯებს გამოიწვევს კანონში შეტანილი ცვლილება, გოგა ხაჩიძემ უპასუხა, რომ ცვლილება ხარჯების მნიშვნელოვან ზრდას არ გამოიწვევს:

„გარემოს დაცვის ინსპექციის ავტომობილები აღჭურვილია ვიდეოგადაღების მოწყობილობით. ჯარიმის ქვითარს ბინებში ჩვენი თანამშრომლები მიიტანენ, რომლებსაც ხელთ ექნებათ ვიდეოსამხილი, ავტომობილის მფლობელის იდენტიფიცირება კი პატრულის დახმარებით მოხდება“, განაცხადა გოგა ხაჩიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

დაჯარიმების მექანიზმში პატრულის ჩართვა სახიფათოდ მიიჩნია ოპოზიციის ერთმა ნაწილმა, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობამ, პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის სახით, ოპონენტების ეს არგუმენტები კენჭისყრის გადადების საკმარის მიზეზად არ ჩათვალა.
ქუჩების დანაგვიანებისათვის ჯარიმების დაწესებას ერთგვარ გამოსავლად მიიჩნევენ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებიც. გიორგი, 60-ს მიტანებული მეეზოვე, მიიჩნევს, რომ პირველი ნოემბრის, ანუ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ქუჩები მეტად სუფთა იქნება.

„ერთხელ რომ დააჯარიმებენ, ორჯერ რომ დააჯარიმებენ, იქნებ ცოტა აზრზე მოვიდნენ“, უთხრა დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG