Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული 20 პირიდან სამის ვინაობა ცნობილია


საქართველოში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული 20 პირიდან სამის ვინაობა გაავრცელა დღეს სააგენტო ინტერპრესნიუსმა. ადვოკატ ნანა წულაძეზე დაყრდნობით სააგენტო იუწყება, რომ დაკავებულთა შორის არიან საქართველოს მოქალაქეები არმენ გევორქიანი და რუბენ შიკოიანი, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. ადვოკატის ცნობით, გამოძიების პროცესი გასაიდუმლოებულია. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, არმენ გევორქიანი ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში აჭარაში სომხურ დიასპორას ხელმძღვანელობდა. ამავე სააგენტოს ცნობით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულთა შორისაა ბათუმელი რუსლან გალოგრეც, რომლის მეუღლემ ინტერპრესნიუსს დაპატიმრების ფაქტი დაუდასტურა და ბრალდებას აბსურდული უწოდა. დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილთა დაკავების შესახებ რაიმე ინფორმაციას არ ფლობს. რაც შეეხება შსს-ს, მან გასული კვირის ბოლოს განაცხადა, რომ ამ თემაზე ბრიფინგი 5 ნოემბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG