Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი უხუცესების მიმართვა აფხაზ უხუცესებს


სოხუმის პორტი
სოხუმის პორტი
ძვირფასო მეგობრებო, ძმებო – ასე იწყება მიმართვა აფხაზეთის უხუცესთა საბჭოსადმი, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი ქართველების უხუცესთა საბჭომ გაავრცელა. ადამიანები, რომლებსაც ომამდე აფხაზეთში კარგად იცნობდნენ, პირდაპირ აფხაზებს პირდაპირი დიალოგისკენ მოუწოდებენ და ფიქრობენ, რომ შერიგების რესურსი ჯერ კიდევ არ არის ამოწურული...

„მშვიდობას, დღეგრძელობას, გამარჯვებას და კეთილგანწყობას ვუსურვებ..."

17 წლის შემდეგ ამ სურვილებს ქართველ უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე კონსტანტინე მარშავა თავის აფხაზ მეგობრებს, აფხაზ უხუცესებს და ზოგადად, აფხაზებს უგზავნის თბილისიდან. მის გვერდით არიან ადამიანები, რომელთა სახელები აფხაზეთში დარჩენილი აფხაზი უხუცესებისათვის კარგად არის ცნობილი. უბრალოდ ჩამოვთვლი: მამანტი ჯოლია, გურამ გვეტაძე, ოთარ ვახანია, ნოდარ ემუხვარი, ნაპოლეონ მესხია. მირიან ჯალაღონია, ლორენცო შარანგია, კონსტანტინე გულუა, შერმადინ ბაძაღუა, ბორის დიდიშვილი, ტერენტი ხუბუა... ეს არის ხალხი, რომელთა ცხოვრების უდიდესი ნაწილი აფხაზეთთან არის დაკავშირებული. სწორედ ისინი აწერენ ხელს მიმართვას აფხაზეთის უხუცესთა საბჭოსადმი და მათგან გამოხმაურებას ელიან:

„ეს მიმართვა იმას გულისხმობს, რომ ჩვენ დაკარგული გვაქვს ყოველგვარი კავშირი აფხაზებთან. ყვირიან გაზეთებში, ტელევიზიით, რომ ვიწყებთ მოლაპარაკებებს და ა.შ. არავითარი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. ჩვენ უნდა აღვადგინოთ აფხაზებთან ძველებური ურთიერთობები. პირველ შეხვედრაზე, ცხადია, ვერ დავსვამთ ისეთ საკითხებს, რაც არ გააღიზიანებდა ან აფხაზებს ან ქართველებს, მაგრამ უნდა შევხედოთ ამ შეხვედრას როგორც ერთმანეთის ხელახლა გაცნობას... და თუ მაინც წამოიჭრა ორივე მხარისათვის მტკივნეული საკითხები, უნდა ვეცადოთ რბილად, სიყვარულით დავძლიოთ, კონფრონტაციის გარეშე. სხვანაირად არ შეიძლება“.

ასე ფიქრობს აფხაზეთის ქართველ უცუხესთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მამანტი ჯოლია წლების შემდეგ.

ციტატა მიმართვიდან : „კონფრონტაციის გაგრძელებასა და სიძულვილს არავისთვის მოაქვს სიკეთე, მით უმეტეს, აფხაზებისა და ქართველებისათვის. აუცილებლად მიგვაჩნია, შექმნილი ჩიხიდან გამოსავალი მოინახოს.

ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი მხრიდან დაშვებული შეცდომების ნაწილის აღიარებაზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 1992-93 წლებში.

გთავაზობთ, შევხვდეთ ერთმანეთს პირისპირ, შუამავლების გარეშე და ერთად ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ უნდა აღვადგინოთ ნორმალური ურთიერთობები და ერთობლივი, მშვიდობიანი თანაცხოვრება“.

ქართველი უხუცესები ამბობენ, რომ მათ აფხაზებთან არ სჭირდებათ შუამავლები და რომ მათ საერთო – მეგობრობის ენა აკავშირებთ, ენა, რომელიც მათ თაობას არ დავიწყებია.

„აფხაზები იშვიათად წირავენ მეგობრებს. ისინი ძველი მეგობრების ერთგულები რჩებიან და ვფიქრობ, ჩვენებური, აფხაზურ-ქართული ტრადიციებით უნდა მივუდგეთ ყველაფერს. ევროპიდან შეძენილი ციტატებით კი არ უნდა ველაპარაკოთ, არამედ ისე, როგორც ჩვენს წინაპრებს ულაპარაკიათ. აფხაზი და ქართველი ერი ძალიან გადაჯაჭვულია ერთმანეთთან, ჩვენ გვაქვს საერთო ენა“.

კონსტანტინე მარშავა პირველ შესაძლო შეხვედრაზე ფიქრობს. ეს შეხვედრა მძიმე, მაგრამ გადამწყვეტი იქნებაო. იმედი არ გამქრალა, რომ უხუცესები, რომლებიც აფხაზეთში განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობდნენ, მშვიდად, ერთმანეთის დადანაშაულების გარეშე, დალაპარაკებას შეძლებენ:

„უხუცესთა საბჭოში ისეთი ხალხია თავმოყრილი, რომლებიც აფხაზეთში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა როგორც ქართველებს, ისე აფხაზებს შორის. ეს დიდი მამოძრავებელი ძალაა იმისათვის, რომ გულღიად ვილაპარაკოთ ჩვენ-ჩვენს გაჭირვებაზე და არა იმ მომხდარზე, რომელმაც უკვე ყველას მოგვაბეზრა თავი. მომავალში როგორ დავახლოვდეთ ისევ, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. ახალგაზრდობამ არ უნდა დაივიწყოს, რომ აქ, ამ ადგილას, ერთად და ძმურად ცხოვრობდნენ აფხაზები და ქართველები“.

პროფესორ ოთარ ვახანიას აფხაზეთში დარჩენილ მეგობრებთან დღემდე შენარჩუნებული ურთიერთობები, ის ინფორმაცია, რაც მცირე დოზით, მაგრამ მაინც აღწევს ენგურს აქეთ საქართველომდე, იმედს აძლევს, რომ შერიგების ყველა საშუალება არ ამოწურულა:

„მოდის ხმა, რომ არა აქვთ ცუდი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ. ადრე თუ სოხუმში ქართულად ვერც დაილაპარაკებდნენ, ახლა სოხუმში ქართულის მოსმენა შესაძლებელია. ცოტა დათბა ურთიერთობებში.

მეგობრობის, დახმარების მაგალითები დღემდე არსებობს, ამბობენ უხუცესები და ამის დასტურად საბჭოს ერთ-ერთი წევრის, ზუგდიდში მოღვაწე ნეიროქირურგის, ნაპოლეონ მესხიას მიერ აფხაზეთიდან გადმოსული ადამიანებისთვის კვირაში რამდენჯერმე ჩატარებულ ოპერაციებს ასახელებენ. ქართველ უხუცესთა საბჭო აფხაზეთში დაბრუნების მსურველთა, ნდობის აღდგენისა და შერიგების ფონდის ბაზაზე დაარსდა. თავად ფონდსაც, როგორც მისი ხელმძღვანელი ოლეგ ჯოლია ამბობს, ერთი გამოკვეთილი მიზანი აქვს – შერიგება.

„ვიმედოვნებთ, რომ გამოგვეხმაურებით, სიტყვა თქვენზეა...”

ეს კი ქართველ უხუცესთა საბჭოს მიმართვის ფინალური სიტყვებია. ახლა სიტყვა აფხაზებზეა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG