Accessibility links

ახალი ამბები

პაკისტანში 15 მეომარი დაიღუპა ამერიკელთა სარაკეტო თავდასხმის შედეგად

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში, სავარაუდოდ, ამერიკელთა მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 15 მეომარი დაიღუპა. პაკისტანის დაზვერვის ორი თანამშრომლის ინფორმაციით, თავდასხმა სამშაბათს, დილით ადრე ჩრდილოეთ ვაზირისტანში, ავღანეთთან, საზღვრის ახლოს მოხდა. სწორედ ამ რაიონს მიიჩნევენ პაკისტანელი თალიბებისა და ალ-ყაიდის მეომრების დასაყრდენ პუნქტად.

ყველა ახალი ამბავი

30 მარტიდან მოსკოვში ახალი გამკაცრებული საკარანტინო ზომები ამოქმედდება

მოსკოვის ხელისულფება 30 მარტიდან შემოიღებს ახალ გამკაცრებულ საკარანტინო ზომებს, რომელთა მიზანია კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა. ამის შესახებ ქალაქის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა.

მოსკოველებს სახლებიდან გასვლა შეეძლებათ უახლოეს სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში სურსათისა და მედიკამენტების საყიდლად, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მისაღებად, ძაღლის გასასეირნებლად ან ნაგვის გასატანად.

ვისაც სამსახურში სიარული ევალება, ასევე შეეძლება სახლის დატოვება. უახლოეს დღეებში ხელისუფლება შემოიღებს საგანგებო საშვებს.

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1500-ს გადააჭარბა. უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილია 270 ახალი შემთხვევა, მთლიანად რუსეთში გარდაცვლილია რვა ადამიანი, - იტყობინებიან ქვეყნის ჯანდაცვის ორგანოები.

რუსეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ 30 მარტიდან საზღვრების ჩაკეტვას აპირებს. აკრძალვა სხვათა შორის არ გავრცელდება რუსეთის დიპლომატებსა და სატვირთო ავტომობილების მძღოლებზე.

დაავადების ახალი შემთხვევების უდიდესი ნაწილი - 197 - დაფიქსირებულია მოსკოვში, სადაც მთლიანობაში, ოფიციალური მონაცემებით, 1000 შემთხვევაა დადასტურებული.

რუსეთის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში ინფიცირების შემთხვევათა რიცხვის მკვეთრი ზრდა არის მოსალოდნელი მოსკოვში გაფართოებული ტესტირების გამო.

დღეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, პატრიარქმა კირილემ მორწმუნეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ეკლესიაში სიარულისგან და სახლში ილოცონ.

ამჟამად მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 684 ათასს გადააჭარბა. გარდაიცვალა 32 ათასზე მეტი ადამიანი. გამოჯანმრთელდა 145 ათასამდე.

თავი მოიკლა გერმანიის ჰესენის მხარის ფინანსთა მინისტრმა თომას შეფერმა

გერმანიის ჰესენის მხარის ფინანსთა მინისტრმა თომას შეფერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 54 წლის პოლიტიკოსის გვამი შაბათს იპოვეს ჩქაროსნულ სარკინიგზო ლიანდაგზე.

შეფერი იყო ანგელა მერკელის მმართველი პარტიის, ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის წევრი.

როგორც ვარაუდობდნენ, ის ჰესენის პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეცვლიდა ფოლკერ ბაფიეს, თუკი ეს უკანასკნელი აღარ იყრიდა კენჭს 2023 წლის ადგილობრივ არჩევნებში.

თავად ბაფიეს თქმით, შეფერი იყო პოლიტიკოსი, რომელიც განსაკუთრებით დააკლდა ქვეყანას ახლა, კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისის დროს.

„მისი მთავარი წუხილი იყო, შეძლებდა თუ არა ხალხის უზარმაზარი მოლოდინის გამართლებას, განსაკუთრებით ფინანსური დახმარების თვალსაზრისით“, განაცხადა ბუფიემ კვირას. „როგორც ჩანს, მას ამ წუხილმა მოუღო ბოლო.“

ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული 91-ე პაციენტის ინფიცირების წყარო ინგლისშია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 91-ე პაციენტის დაინფიცირების წყარო ცნობილია და ეს შემთხვევა ინგლისში მოგზაურობას უკავშირდება.

როგორც მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად ინფიცირებული პაციენტის კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.

“ცენტრში დილით ჩატარდა დაახლოებით 10 პაციენტზე ტესტირება და ერთ პაციენტზე პასუხი დადებითი იყო, დანარჩენზე - უარყოფითი. ანუ სულ 91 პაციენტია, აქედან 47 არის ჩვენს ცენტრში დადასტურებული, დანარჩენი 44 - კორონავირუსით ინფიცირებულების მიმღებ 6 დაწესებულებაში. წყარო ცნობილია, მოგზაურობას უკავშირდება და ეს არის ქვეყანა ინგლისი. დადასტურებიდან ერთ საათში კონტაქტების გამოვლენა ვერ ხერხდება. რა თქმა უნდა, მოხდება ამ კონტაქტების კვლევა თავიდან ბოლომდე, შესაბამისად, მათ კვლევა ჩაუტარდებათ“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

დღემდე საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსით ინფიცირების 91 შემთხვევა. მათგან 18 პირი უკვე გამოჯანმრთელებულია.

აშშ-ის მთავრობის ექსპერტი: COVID-19-ს შეიძლება 200 ათასამდე ამერიკელი ემსხვერპლოს

ენტონი ფაუჩი

აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობამ 200 ათასს შეიძლება მიაღწიოს, ინფიცირებულთა რიცხვმა კი - მილიონებს. ასეთი განცხადება გააკეთა კვირას აშშ-ის მთავრობის მთავარმა ექსპერტმა ინფექციონისტმა მაშინ, როცა, როიტერის ცნობით, ნიუ-იორკში, ნიუ-ორლეანსა და სხვა დიდ ქალაქებში სამედიცინო პრეპარატებით მომარაგების პრობლემები შეინიშნება.

ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, დოქტორმა ენტონი ფაუჩიმ ეს განცხადება დღეს გააკეთა CNN-ის ეთერში. მისი თქმით, პანდემიას აშშ-ში შესაძლოა 100 ათასიდან 200 ათასამდე სიცოცხლე ემსხვერპლოს.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, 2010 წლიდან ამერიკაში გრიპით წელიწადში 12-დან 61 ათასამდე ადამიანი კვდება. ცენტრის ინფორმაციით 1918-1919 წლების „ესპანური გრიპის“ შედეგად აშშ-ში 675 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

დღეის მონაცემებით, აშშ-ში COVID-19-ს 2300 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლეტალური შემთხვევების რიცხვი ორჯერ და უფრო მეტად გაიზარდა უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში.

ამჟამად აშშ-ში დაავადების 130 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1500-ს გადააჭარბა

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1500-ს გადააჭარბა. უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილია 270 ახალი შემთხვევა, მთლიანად რუსეთში გარდაცვლილია რვა ადამიანი, - იტყობინებიან ქვეყნის ჯანდაცვის ორგანოები.

რუსეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ 30 მარტიდან საზღვრების ჩაკეტვას აპირებს. აკრძალვა სხვათა შორის არ გავრცელდება რუსეთის დიპლომატებსა და სატვირთო ავტომობილების მძღოლებზე.

დაავადების ახალი შემთხვევების უდიდესი ნაწილი - 197 - დაფიქსირებულია მოსკოვში, სადაც მთლიანობაში, ოფიციალური მონაცემებით, 1000 შემთხვევაა დადასტურებული.

რუსეთის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში ინფიცირების შემთხვევათა რიცხვის მკვეთრი ზრდა არის მოსალოდნელი მოსკოვში გაფართოებული ტესტირების გამო.

ამჟამად მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 684 ათასს გადააჭარბა. გარდაიცვალა 32 ათასზე მეტი ადამიანი. გამოჯანმრთელდა 145 ათასამდე.

ირანში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 2640-ს მიაღწია

ირანში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 2640-ს მიაღწია. პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლის განპირობებული „ცხოვრების ახალი წესი“, როგორც ჩანს, გაგრძელდება.

პანდემიის თვალსაზრისით ირანში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ვითარებაა მსოფლიოს მასშტაბით. მით უმეტეს, რომ ექსპერტები ოფიციალურ მონაცემებსაც ეჭვქვეშ აყენებენ და უარეს სურათს ვარაუდობენ.

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველმა ალირეზა ვაჰაბზადემ 29 მარტს განაცხადა, რომ ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 2640-ს მიაღწია, ინფიცირებულია 38309.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, კიანუშ ჯაჰანპურის თქმით, „3467 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია“.

25 მარტს თეირანმა აკრძალვა დააწესა საქალაქთაშორისო მიმოსვლაზე.

ამჟამად მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 681 ათასს გადააჭარბა. გარდაიცვალა 31 ათასზე მეტი ადამიანი. გამოჯანმრთელდა 145 ათასამდე.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: ჟურნალისტების დანიშნულება სწორედ მწვავე და კრიტიკული კითხვების დასმაა

მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ყველა პირს, პატივი სცენ საზოგადოებას და უპასუხონ ჟურნალისტების დასმულ კითხვებს - წერია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ 29 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში. ქარტია ეხმაურება ჟურნალისტების მიმართ შეურაცხყოფასა და უსაფუძვლო კრიტიკას, რომელიც „TV პირველის“ ეთერში გასულ ორ ინტერვიუს მოჰყვა. |

„2020 წლის 28 მარტს, TV პირველის გადაცემა ,,დღის ამბებში” ამირან გამყრელიძესა და პაატა იმნაძესთან ინტერვიუების დროს დასმული კითხვების გამო, ჟურნალისტები საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან შეურაცხყოფისა და უსაფუძვლო კრიტიკის საგანი გახდნენ.

შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ჟურნალისტების დანიშნულება სწორედ მწვავე და კრიტიკული კითხვების დასმაა.

გვესმის, რომ ხელისუფლებაში მყოფი პირების გრაფიკი დატვირთულია, თუმცა, საზოგადოებასთან საუბარი ამავე გრაფიკის ნაწილი უნდა იყოს. ჟურნალისტები სწორედ მოქალაქეების ინფორმირებისთვის საჭირო კითხვებს სვამენ.

მაშინ, როდესაც საგანგებო მდგომარეობის გამო საჯარო ინფორმაციის გადაცემა შეჩერდა, მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ყველა პირს, პატივი სცენ საზოგადოებას და უპასუხონ ჟურნალისტების დასმულ კითხვებს. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და მედიასთან გამჭვირვალე კომუნიკაციის მნიშვნელობა მოსახლეობის წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულების ნაწილია.

შექმნილ ვითარებაში ინფორმაციას, რომელიც საზოგადოებამდე სწორედ ჟურნალისტებს მოაქვთ, შეიძლება, სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდეს“, - წერია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

28 მარტს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორთან, ამირან გამყრელიძესთან ინტერვიუს ჟურნალისტი ვახო სანაია უძღვებოდა, ხოლო მის მოადგილეს, პაატა იმნაძეს ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე ესაუბრებოდა. ინტერვიუები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

სალომე ზურაბიშვილი: ვიწყებთ ბრძოლის ახალ ეტაპს, - ყველანი შემართებითა და სიფრთხილით უნდა ვიყოთ

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელთან განთავსებულ გამშვებ პუნქტთან იმყოფებოდა. მან მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს მასშტაბით მოქალაქეები ერთნაირად არიან დაცული და კორონავირუსთან ბრძოლის ახალ ფაზაში, მოქალაქეებს მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ.

„ქვეყნის ყველა რეგიონში ყველა მოქალაქე ერთნაირადაა დაცული. აქ ძალიან ბევრი სინჯი ჩატარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ზომაა გამოყენებული იმისათვის, რომ ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები.

ჩვენ ეხლა ახალ ფაზაში შევდივართ, რომელიც შესაძლოა, ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ამიტომ ყველა მზად უნდა იყოს ამისათვის. ყველას ერთმანეთის მიმართ ბევრად უფრო მეტი სიფრთხილე დაგვჭირდება, ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ, რადგან შესაძლოა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ საკმარისია ერთმა ადამიანმა დაარღვიოს სიფრთხილის ნორმები და ამას ძალიან მძიმე შედეგი ჰქონდეს.

მე დღეს აქ მოსვლით, უპირველესად, მინდოდა მადლობის გადახდა იმ ადამიანებისათვის, ვინც ჩვენთვის იბრძვიან და ასევე, გამეფრთხილებინა ყველა - ჩვენ ეხლა ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ, როცა ყველანი შემართებით და სიფრთხილით უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ, რომ ჩვენ ყველა ვართ პასუხისმგებელი ერთმანეთის ჯანმრთელობაზე“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი: ვიწყებთ ბრძოლის ახალ ეტაპს, - ყველანი შემართებითა და სიფრთხილით უნდა ვიყოთ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელთან განთავსებულ გამშვებ პუნქტთან იმყოფებოდა. მან მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს მასშტაბით მოქალაქეები ერთნაირად არიან დაცული და კორონავირუსთან ბრძოლის ახალ ფასაში, მოქალაქეებს მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ.

„ქვეყანის ყველა რეგიონში ყველა მოქალაქე ერთნაირადაა დაცული. აქ ძალიან ბევრი სინჯი ჩატარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ზომაა გამოყენებული იმისათვის, რომ ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები.

ჩვენ ეხლა ახალ ფაზაში შევდივართ, რომელიც შესაძლოა, ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ამიტომ ყველა მზად უნდა იყოს ამისათვის. ყველას ერთმანეთის მიმართ ბევრად უფრო მეტი სიფრთხილე დაგვჭირდება, ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ, რადგან შესაძლოა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ საკმარისია ერთმა ადამიანმა დაარღვიოს სიფრთხილის ნორმები და ამას ძალიან მძიმე შედეგი ჰქონდეს.

მე დღეს აქ მოსვლით, უპირველესად, მინდოდა მადლობის გადახდა იმ ადამიანებისათვის, ვინც ჩვენთვის იბრძვიან და ასევე, გამეფრთხილებინა ყველა - ჩვენ ეხლა ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ, როცა ყველანი შემართებით და სიფრთხილით უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ, რომ ჩვენ ყველა ვართ პასუხისმგებელი ერთმანეთის ჯანმრთელობაზე“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს ორ მუნიციპალიტეტში - მარნეულსა და ბოლნისში - კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო კარანტინი 23 მარტს გამოცხადდა.

ანდრია ჯაღმაიძე: თუ იქნება უფრო მკაცრი რეკომენდაციები, სინოდი იმსჯელებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციები თითქმის ყველა ეკლესიაში სრულდება. დამატებითი შეზღუდვების განსახილველად კი სინოდის შეკრება გახდება საჭირო.

„გვითხრეს - 2 მეტრი დაიცავით (დისტანცია შიგნით) და გარეთ - 1,5 მეტრი... ნიშნულები გავაკეთეთ და თითქმის ყველა ტაძარში გაითვალისწინეს ეს. თუ რაიმე სხვა რეკომენდაციები იქნება, კიდევ უფრო მკაცრი, ისევ მღვდელმთავრები უნდა შეიკრიბონ და ითათბირონ ამაზე... სინოდის შეკრება არ არის ლიმიტირებული. შესაძლებელია, რომ განსაკუთრებული აუცილებლობის გამო კვლავ შეიკრიბოს სინოდი...

შეკითხვას რაც შეეხება, რომ სინოდის გადაწყვეტილების ფარგლებში თუ შეიძლება რაიმე დაზუსტდეს? შეიძლება დაზუსტდეს. სინოდის გადაწყვეტილება რასაც არ კრძალავს, იქ შესაძლებელია, რომ დაზუსტდეს კიდევ რეკომენდაციები... მე ახლა ვერ ჩამოგითვლით უბრალოდ, ნაადრევი იქნება ჩემგან რაღაცის გაჟღერება... ნებისმიერი დებულება, ნებისმიერი მიღებული გადაწყვეტილება არ არის იმდენად მკაცრად განსაზღვრული, რომ იქ არ შეიძლებოდეს რაღაცის დაზუსტება კიდევ... ამიტომ თუ იქნება ამის აუცილებლობა და მღვდელმთავრები მიიჩნევენ საჭიროდ კვლავ შეკრებას, დაველოდოთ..., - განაცხადა 29 მარტს ანდრია ჯაღმაიძემ.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მიუხედავად, მორწმუნეებმა ზიარება ისევ საერთო კოვზით მიიღეს 29 მარტს.

„წმინდა ზიარება არის საკურნებელი სულისა და ხორცისა მათთვის, ვინც რწმენითა და საეკლესიო წესების დაცვით ეზიარება. ამიტომაც, ეკლესიის წევრებისათვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა, მაგალითად, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია“, - წერია სინოდის სხდომის 20 მარტის განჩინებაში.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 90 შემთხვევაა დადასტურებული.

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 30 ათასს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 30 ათასს გადააჭარბა. შემთხვევათა ორი მესამედი ევროპაშია რეგისტრირებული.

29 მარტს ესპანეთმა, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ვითარებაა პანდემიის თვალსაზრისით, განაცხადა, რომ უკანასკნელ დღე-ღამეში 829 ადამიანი გარდაიცვალა, რის შედეგადაც ლეტალური შემთხვევების საერთო რაოდენობამ 6528-ს მიაღწია. ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ინფიცირებულთა რაოდენობა 24 საათში 72248-დან 78797-მდე გაიზარდა.

სიკვდილიანობის თვალსაზრისით ესპანეთი ჩამორჩება მხოლოდ იტალიას, სადაც 10 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა COVID-19-ს, ინფიცირებულია 92472.

აშშ-ის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის თანახმად, ამჟამად მსოფლიოში ინფექციის 680 ათასი შემთხვევაა დადასტურებული.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილება მიიღო, ნიუ-იორკის რეგიონი არ მოათავსოს კარანტინში მას შემდეგ, რაც მის ამ გეგმას მწვავე რეაქცია მოჰყვა ადგილობრივი პოლიტიკური ლიდერების მხრიდან.

როგორც ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ და ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა ნედ ლამონტმა თქვეს, მკაცრი კარანტინის შემოღება პანიკას ატეხს და კიდევ უფრო მეტ ზარალს მიაყენებს საფინანსო ბაზრებს. ამასთან, კუომოს თქმით, ეს ზომები „აბსურდული“ და „ანტიამერიკული“ იქნებოდა.

აშშ-ში, თავდაპირველი შეყოვნების შემდეგ დაჩქარებით დაიწყეს ტესტირება. 29 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 124 ათასს გადააჭარბა. ეს მსოფლიოში ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობაა.

ამ დროს ჩინეთის ქალაქ უჰანში, საიდანაც დაიწყო კორონავირუსის პანდემია გასული წლის ბოლოს, ორთვიანი მკაცრი საკარანტინო ზომების თანდათან შესუსტება დაიწყეს.

28 მარტს ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაფიქსირებულია დაავადების 54 ახალი შემთხვევა. მისი თქმით, ყველა უცხოეთიდან არის შესული.

თუმცა ექსპერტები ეჭვით უყურებენ ჩინეთის ოფიციალურ მონაცემებს, ვინაიდან ხელისუფლება მკაცრად აკონტროლებს ადგილობრივ მედიას.

თავდაცვის სამინისტროს 6-დან 2 თანამშრომელს პნევმონია აქვს

თავდაცვის სამინისტროს ექვსი თანამშრომლიდან ორს პნევმონია აღენიშნება, ხოლო დანარჩენების მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, - აცხადებს გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორი, დავით ბარლიანი. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ექვსი პირი ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია.

„ამ ეტაპზე ჩვენთან არის 9 დადასტურებული (შემთხვევა). აქედან წუხელ შემოვიდა 6 დადასტურებული შემთხვევა. ისინი არიან ეროვნული გვარდიის დასუფთავების სამსახურიდან. ორ მათგანს უფიქსირდება პნევმონია და დანარჩენებთან შედარებით მსუბუქი კლინიკით მიმდინარეობს. ერთმანეთთან კოორდინაციით, ჯანდაცვის სამინისტროსთან და თავდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, გამოკვლეულია მათი კონტაქტები და დაკვირვება მიმდინარეობს“, - უთხრა ჟურნალისტებს დავით ბარლიანმა.

ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის ექვსი თანამშრომლის ინფიცირების შესახებ განცხადება თავდაცვის სამინისტრომ 28 მარტს გამოაქვეყნა.

„დაავადებულებთან გამოვლენილი პირდაპირი თუ ირიბი ყველა კონტაქტი იმყოფება კარანტინის და თვითიზოლაციის რეჟიმში ყველა წესის სრული დაცვით. კერძოდ, მათთან სავარაუდოდ კონტაქტში მყოფი რვა პირი გადაყვანილია გორის სამხედრო ჰოსპიტალში შემდგომი შემოწმების მიზნით. იდენტიფიცრებულია ვირუსის გადადების წყარო, რომელიც ერთ-ერთი ინფიცირებული თანამშრომლის ინფორმაციით, სავარაუდოდ, აზერბაიჯანიდან ჩამოსულ ოჯახის წევრს უკავშირდება“, - იტყობინებოდა თავდაცვის სამინისტრო.

29 მარტის 15:00 საათისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 90 შემთხვევაა დადასტურებული.

რუსეთი: პატრიარქმა კირილემ მორწმუნეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ეკლესიებში სიარულისგან

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ მორწმუნეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ეკლესიებში სიარულისგან და სახლში ილოცონ. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის მოწოდების შესახებ ინფორმაციას რია ნოვოსტი ავრცელებს.

მან ხალხს ასევე მოუწოდა, შეასრულოს ყველა მოთხოვნა, რაც ხელისუფლებამ წამოაყენა კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის თაობაზე.

„მე ამას არასოდეს ვიტყოდი, რომ არა საოცარი, წმინდა მაგალითი ღირსი მარიამ ეგვიპტელისა“, თქვა პატრიარქმა მოსკოვში, მაცხოვრის ტაძარში ქადაგებისას.

ქრისტიანული გადმოცემით, მარიამ ეგვიპტელმა 47 წელი გაატარა უდაბნოში სრულიად განმარტოებულმა, მარხვასა და ლოცვაში.

კირილეს სიტყვები არ ნიშნავს, რომ ტაძრები დაიკეტება.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები აქამდე ეწინააღმდეგებოდნენ მრევლის მიერ ეკლესიების მონახულებაზე შეზღუდვების დაწესებას.

ეკლესიაში აცხადებენ, რომ ზომები მიიღეს კორონავირუსის ინფექციის გავრცელებასთან საბრძოლველად - კერძოდ, მრევლს ურჩიეს, არ ემთხვიონ ჯვარსა და მღვდლის ხელს, გამოიყენონ ერთჯერადი ჭურჭელი და ა.შ.

ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 1500-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 1000-ზე მეტი - მოსკოვში. გარდაიცვალა რვა ადამიანი.

კორონავირუსით გარდაიცვალა ესპანეთის სამეფო დინასტიის წარმომადგენელი პრინცესა მარია ტერეზა

პარიზში კორონავირუსით გარდაიცვალა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-ის ბიძაშვილი, 86 წლის პრინცესა მარია ტერეზა. ეს ევროპის სამეფო დინასტიათა შორის COVID-19-ის შედეგად სიკვდილის პირველი შემთხვევაა.

მარია ტერეზას „წითელ პრინცესას“ უწოდებდნენ „სოციალისტური მონარქიის“ იდეების ერთგულებისთვის. ის კარლისტების მონარქისტულ პარტიას უჭერდა მხარს და ამავე დროს კაპიტალიზმს აკრიტიკებდა.

ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებულია სამეფო დინასტიების ორი წარმომადგენელი: ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი ჩარლზი და მონაკოს მმართველი თავადი ალბერ II. ესპანეთის მეფეს ინფექცია არ აღმოაჩნდა.

ესპანეთი კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვით მეორე ადგილზეა იტალიის შემდეგ. ქვეყანაში 6 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა.

ამჟამად მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 669 ათასს გადააჭარბა. გარდაიცვალა 30 ათასზე მეტი ადამიანი. გამოჯანმრთელდა 142 ათასამდე.

ირაკლი ჩიქოვანი: "სამეგრელოს ტერიტორიაზე იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება"

„სამეგრელოს რეგიონში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულება გამკაცრდა, მათ შორის, იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, ეს არის ერთადერთი დამატება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედ შეზღუდვებზე სხვა რეგიონებთან მიმართებით. „დადგება დამატებით ბლოკ-პოსტები რეგიონის შესასვლელებში, გაძლიერებული საპოლიციო ძალები ანუ ეკიპაჟები მკაცრად გააკონტროლებენ საავტომობილო გადაადგილებას. მანქანების გადაადგილების კონტროლში იგულისხმება სოციალური დისტანციის დაცვით გადაადგილება, ანუ ერთ ავტომობილში დასაშვებია 3 ადამიანის ყოფნა - მძღოლი და 2 პირი, რომლებიც უკან უნდა ისხდნენ“.

ამავდროულად, პოლიცია დაიწყებს პატრულირებას, რათა გაკონტროლდეს ყველა ის წესი, რაც საგანგებო რეჟიმით არის გათვალისწინებული: საჯარო სივრცეში შეკრებები, სხვადასხვა ობიექტის მუშაობა და ა.შ.

ჩიქოვანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს არ არის სამეგრელოს რეგიონში კარანტინის გამოცხადება და არც კომენდანტის საათის დაწესება. მისი განმარტებით, მკაცრი კონტროლი მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის რეგიონში გართულებულია ეპიდემიოლოგიური ვითარება და, ამასთანავე, გალში გამოცხადებულია ე.წ. კომენდანტის საათი.

სომხეთში COVID-19-ს ორი ადამიანი ემსხვერპლა, საერთო რაოდენობა სამამდე გაიზარდა

სომხეთი იტყობინება კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტის გარდაცვალების შესახებ. მთლიანობაში სომხეთში COVID-19-ით დაავადების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 29 მარტს გამოაცხადა, რომ დაავადებულთა საერთო რიცხვმა 424-ს მიაღწია.

ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა წუხელ ფეისბუკში დაწერა, რომ ერევნის ინფექციურ საავადმყოფოში ორი ადამიანი გარდაიცვალა.

„გარდაცვლილები არიან 55 წლის ქალი და 73 წლის მამაკაცი, რომლებსაც ახალი კორონავირუსი სხვა ქრონიკულ დაავადებებთან ერთად ჰქონდათ“, - წერს ტოროსიანი.

სომხეთში COVID-19-ის პირველი ლეტალური შემთხვევა 26 მარტს მოხდა, როცა გარდაიცვალა 72 წლის ქალი. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა თქმით, მას რამდენიმე სხვადასხვა დაავადება სჭირდა, მათ შორის - გულის უკმარისობა.

ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში ამ მომენტისთვის COVID-19-ით დაავადებული 30 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

16 მარტს სომხეთში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც, სულ მცირე, 14 აპრილამდე გასტანს.

ამჟამად მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 669 ათასს გადააჭარბა. გარდაიცვალა 30 ათასზე მეტი ადამიანი. გამოჯანმრთელდა 142 ათასამდე.

კორონავირუსის გავრცელების შესანელებლად 25 მარტს მთელი სომხეთის მასშტაბით იქნა შემოღებული თვითიზოლაციის ერთკვირიანი რეჟიმი, რომელიც მოქალაქეთა გადაადგილებას ზღუდავს.

განკარგულების თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ თავიანთი სახლების დატოვება მხოლოდ ნებადართული სამუშაოსთვის და რიგი სასიცოცხლო მნიშვნელობის მიზეზებით, როგორებიცაა სურსათისა და მედიკამენტების ყიდვა ან ვარჯიში.

ჯანდაცვის მინისტრმა ტოროსიანმა 28 მარტს განაცხადა, რომ შესაძლოა, თვითიზოლაციის პერიოდი 1 აპრილის შემდეგაც გაგრძელდეს.

მეუფე შიომ საკვირაო ქადაგების შემდეგ კორონავირუსის გავრცელების მიზეზებზე ილაპარაკა

„ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, როგორიც არის სოდომიის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად და ა.შ. და ა.შ. ხომ არ არის დრო, რომ დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ასეთი ტოტალური გავრცელებისა ამ ვირუსისა. იცით, რატომ გეუბნებით ამ ყველაფერს?“

- ასე გამოეხმაურა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებას. მან სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ვირუსის გავრცელების მიზეზებზე ისაუბრა. თქვა, რომ ამ მოვლენას ორი ახსნა აქვს - ფიზიოლოგიური და სულიერი.

„ჩვენ ვხედავთ დღეს, არა მხოლოდ მართლმადიდებლები, არამართლმადიდებლებიც, ასევე პოლიტიკოსებიც არაერთი ქვეყნისა, გამოდიან და სინანულზე საუბრობენ. ფიქრობენ ცოდვაზე, რა შეიძლება იყოს მიზეზი ამ დიდი უბედურებისა, ხომ არ შევცოდეთ ჩვენ?! საჯაროდ ინანიებენ, საჯაროდ ასახელებენ ამ ცოდვებს, რომელიც უნდა გამოსწორდეს. რომ ეს არის პირველ რიგში განდგომა უფლისაგან, დავიწყება ღმრთისა, ღმერთის მცნებებისა, მისი ღირებულებებისა, ქრისტიანული ღირებულებებისა, ეს იქნება განათლების სფეროში, ეს იქნება ჩვენს სოციალურ სფეროში, ცხოვრებაში პირდაპირ ასახელებენ ეს დიდი მოღვაწეები და ჩვენ მით უმეტეს გვმართებს, რომ ვისაუბროთ ამაზე. ეს არის ერის ცოდვები, როგორიც არის ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, როგორიც არის სოდომიის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად და ა.შ. და ა.შ. ხომ არ არის დრო, რომ დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ასეთი ტოტალური გავრცელებისა ამ ვირუსისა. იცით, რატომ გეუბნებით ამ ყველაფერს? - ორი შრე აქვს ამ მოვლენის ახსნას - ერთი მატერიალური, ფიზიოლოგიური და მეორე არის სულიერი. ჩვენ ორივეზე უნდა ვიფიქროთ. ვიფიქროთ სულიერზე, არ ნიშნავს, რომ გამორიცხო მატერიალური მიდგომა და არ გაითვალისწინო ის რჩევები, რასაც ექიმები ამბობენ. ორივე უნდა იყოს, რომ ჩვენ ავმაღლდეთ და მივიღოთ წყალობა და მადლი. მხოლოდ ეს გააჩერებს, განგვკურნავს ჩვენ და ამას შეუძლია შეაჩეროს ასეთი დიდი გამოვლინება ამ დაავადებისა - ჩვენი სინანული, უფალთან მობრუნება და მისადმი ლოცვა“, - განაცხადა მეუფე შიომ.

ტურძელაძე: „გუშინ გაგზავნილი 16 ტესტიდან არცერთი არ დადასტურდა. 2 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა“

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის თანახმად, მათ კლინიკაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული 15 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 2-ის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მათ შენარჩუნებული აქვთ სასიცოცხლო ფუნქციები, ტურძელაძე მათი გამოჯანმრთელების იმედს გამოთქვამს. მან ისაუბრა ბოლნისიდან ჩამოყვანილ პაციენტზეც:

„რაც შეეხება ბოლნისიდან ჩამოყვანილ მეთხუთმეტე პაციენტს, მას აქვს ორმხრივი პნევმონია, მძიმე მდგომარეობა აქვს, თუმცა ჯერ არის პალატაში და არა კრიტიკული მედიცინის ცენტრში“.

კლინიკაში მოთავსებული 3 ჩვილიდან 2-ის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ისაუბრა იმ პაციენტებზეც, რომელთაც ჩივილები არ აღენიშნებათ:

„გუშინ გადაგზავნილი 16 კვლევიდან არცერთი არ დადასტურდა.

ორსულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მხოლოდ პერიოდულად აქვს 37 სიცხე.

3 პაციენტის მდგომარეობა არის კარგი, მათ პნევმონია და სხვა ჩივილები არ აქვთ, ველოდებით 14 დღის გასვლას, რომ განმეორებითი ტესტირება ჩავატაროთ“.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 90 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 18 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4717 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 268.​

თავდაცვის სამინისტროს 6 თანამშრომელის ინფიცირების პირველწყაროს დადგენა მიმდინარეობს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით დაავადებული თავდაცვის სამინისტროს 6 თანამშრომლის, კონტაქტებისა და ვირუსის პირველწყაროს მოძიება მიმდინარეობს. მისი თქმით პაციენტების მდგომარეობა მძიმე არ არის.

"თავდაპირველად იყო ერთი პაციენტი და დაემატა ხუთი. ამ ერთზე დადასტურებული იყო ვირუსი. არც ერთი არ არის სამხედრო პირი. ექვსივე არის სამოქალაქო. ეს არის ჯგუფი, რომელსაც სამსახურებრივი რაღაც დამოკიდებულება აქვთ. ეს კონტაქტებია, მაგრამ პირველწყაროს მოძიება ჯერ მიმდინარეობს. არ არის ბოლომდე დადასტურებული პირველწყარო. ასე რომ, კატეგორიულად ვერ ვიტყვით აქ რა სიტუაციაა. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ გორის ჰოსპიტალშია გადაყვანილი ეს ექვსივე პაციენტი, მათი მდგომარეობა არ არის მძიმე. მეთვალყურეობა გრძელდება და ალბათ, გამოსავალი არ უნდა იყოს სერიოზული. ჯერჯერობით ასეთი მდგომარეობაა და ვნახოთ დინამიკაში რა სიტუაცია იქნება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 90 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 18 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4717 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 268 პირია.

მარინა ეზუგბაია: "ინფექციური საავადმყოფოს 2 პაციენტი დღეს დატოვებს კლინიკას"

"დილის მონაცემებით ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევები გვაქვს 90. გუშინდელი დღის მერე დაგვემატა 5. აქედან ჩვენს ცენტრში არცერთი არ არის დადასტურებული. გუშინ ორ ეტაპად გაკეთდა 14 პაციენტზე ტესტი და იყო უარყოფითი." - აღნიშნა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, დღეს ინფექციური საავადმყოფოს 2 პაციენტი დღეს დატოვებს კლინიკას. ამ მონაცემით, ჯამში საქართველოში, ახალი კორონავირუსისგან 18 გამოჯანმრთელებული პაციენტი ფიქსირდება.

"გაგიხარდებათ და გეტყვით, რომ ჩვენ კლინიკაში გამოჯანმრთელებული 17 პაციენტიდან, რომელთაგან 5 ბავშვია, დღეს ერთი დატოვებს ცენტრს, წინა დღეებში კიდევ ერთი გაეწერა და ჯამში 2 გაჯანმრთელებული ბავშვია, ისინი ბინაზე გადავლენ, დარჩენილი 3-ის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება, დამაკმაყოფილებელია."- განაცხადა ეზუგბაიამ

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 2 კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა უცვლელია. 80-ს გადაცილებულ პაციენტთან შეინიშნება სტაბილიზაცია, დილიდან მკვეთრად არ გაუარესებულა მეორე პაციენტის მდგომარეობაც.

შეგახსენებთ, რომ ჯამში, საქართველოში ინფიცირებული 90 პაციენტიდან, 31-ინფექციური საავადმყოფოს პაციენტია, რომელთაგან 2 დღეს დატოვებს კლინიკას.

"როსნეფტი" წყვეტს ვენესუელაში საქმიანობას

„როსნეფტმა“ გამოაქვეყნა განცხადება ვენესუელაში საქმიანობის შეწყვეტისა და ამ ქვეყანაში საქმიანობასთან დაკავშირებული აქტივების გაყიდვის შესახებ.

როგორც კომპანიის საიტი იტყობინება, დღეს „როსნეფტმა“ შეთანხმებას მიაღწია კომპანიასთან, რომელიც 100%-ით არის რუსეთის ფედერაციის მთავრობის მფლობელობაში, ვენესუელაში თავისი წილების გაყიდვისა და იქ ყველა პროექტის შეწყვეტის შესახებ.

ვენესუელა ფლობს მსოფლიოში უდიდეს დამტკიცებულ საბადოებს. 2007 წელს უგო ჩავესმა დაასრულა ქვეყნის ნავთობის დარგის ნაციონალიზაცია, მოახდინა რა დასავლეთის ნავთობკომპანიებისგან მსხვილი საბადოების ექსპროპრიაცია. ჩავესის მემკვიდრის, ნიკოლას მადუროს პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ნავთობის ფასების ვარდნამ დაანგრია ვენესუელის ეკონომიკა, მათ შორის ნავთობის მრეწველობა.

კორონავირუსით დაავადდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 6 თანამშრომელი

კორონავირუსით დაავადება დაუდასტურდა თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის ექვს თანამშრომელს, რომლებიც 21 მარტიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

"დაავადებულებთან გამოვლენილი პირდაპირი თუ ირიბი ყველა კონტაქტი იმყოფება კარანტინის და თვითიზოლაციის რეჟიმში ყველა წესის სრული დაცვით. კერძოდ, მათთან სავარაუდოდ კონტაქტში მყოფი რვა პირი გადაყვანილია გორის სამხედრო ჰოსპიტალში შემდგომი შემოწმების მიზნით. იდენტიფიცრებულია ვირუსის გადადების წყარო, რომელიც ერთ-ერთი ინფიცირებული თანამშრომლის ინფორმაციით სავარაუდოდ აზერბაიჯანიდან ჩამოსულ ოჯახის წევრს უკავშირდება", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში,

12 მარტიდან თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სამინისტროს თანამშრომელთა უმრავლესობა დისტანციურ რეჟიმზე მუშაობს, ხოლო 21 მარტიდან თავდაცვის ძალები ყაზარამულ მდგომარეობაზეა გადასული.

"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს არანაირი შეხება არ ჰქონიათ სხვა სამხედრო ნაწილებთან. ყველა ინფიცირებული გადაყვანილია სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

დონალდ ტრამპის თქმით, შეიძლება კარანტინში მოაქციოს ნიუ-იორკი, ნიუ-ჯერსი და კონექტიკუტი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს განაცხადა, რომ შეიძლება კარანტინში მოაქციოს ნიუ-იორკი, ნიუ-ჯერსი და კონექტიკუტი.

მისი თქმით, ის ფიქრობს კარანტინის შესახებ, ამავე დროს ის მოითხოვს, სწრაფად გაიხსნას ეკონომიკა.

ტრამპმა თქვა, რომ არ არის დარწმუნებული, შეძლებს თუ არა აშშ 12 აპრილისთვის ბიზნესის განახლებას ქვეყნის დიდ ქალაქებში.

როგორც როიტერსი იტყობინება, შეკითხვაზე, მისი აზრით, მოხერხდება თუ არა აშშ-ში მკაცრი ზომების გაუქმება აღდგომისთვის, ტრამპმა თეთრ სახლში განაცხადა, „ვნახავთ, რა მოხდება“.

ჯუზეპე კონტეს თქმით, ევროკავშირში დაპირისპირებაა საერთოევროპული ობლიგაციების თაობაზე

ჯუზეპე კონტე

ევროკავშირის ისტორიაში პირველი საერთო-ევროპული ობლიგაციების ემისიამ პოლემიკა გამოიწვია და აზრთა სხვადასხვაობა გამოავლინა ევროპის წამყვან პოლიტიკოსებს შორის.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ გამოთქვა შიში, რომ ევროკავშირი დაკარგავს თავის ამოცანას, თუკი სერიოზულ პასუხს ვერ გასცემს პანდემიას და მასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ კრიზისს. ეს განცხადება კონტემ 28 მარტს გააკეთა იტალიურ საქმიან გაზეთ Il Sole 24 Ore-სთან ინტერვიუში.

„თუკი ევროპა ვერ მოერევა ამ უპრეცედენტო ამოცანას, ხალხისთვის მთელი ევროპული სტრუქტურა დაკარგავს არსებობის აზრს“, - თქვა კონტემ. საქმე ეხება ევროპული ობლიგაციების ემისიას, რომლის მიზანია განსაკუთრებით დაზარალებული ქვეყნების დახმარება. ევროობლიგაციების გამოშვებას იტალია და ესპანეთი ითხოვენ.

26 მარტს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ვიდეოკონფერენციაზე ვერ მოხერხდა ობლიგაციებთან დაკავშირებით საერთო პოზიციის შემუშავება.

იტალიის პრემიერმა დისკუსიას უწოდა არა „უბრალოდ უთანხმოება“, არამედ „მკვეთრი და ღია კონფტრონტაცია“ ევროკავშირის მომავალი კურსის თაობაზე.

საქართველოში დადასტურდა COVID-19-ის ხუთი ახალი შემთხვევა

28 მარტის განმავლობაში 85-დან 90-მდე გაიზარდა ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, - ამის შესახებ იტყობინება სამთავრობო ვებ-საიტი stopcov.ge, რომელმაც განახლებული მონაცემები 28 მარტის, 20.00 სთ-ზეგამოქვეყნა.

არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, რომელიც კვლავ 14-ია.

ოფიციალური მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 4534, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 276 ადამიანი.

ამირან გამყრელიძე: „საქართველო იმყოფება ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე!“

„მომავალი ერთი თვე, ოთხი კვირა, ემთხვევა ყველაზე დიდ დღესასწაულს ქვეყანაში. ამიტომ მიუხედავად ყველაფრისა, იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლე, უნდა დავემორჩილოთ მოწოდებებს და აუცილებლად უნდა მივყვეთ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს. თუ არადა, ამ ოთხი კვირის განმავლობაში დიდი საფრთხეა ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარების დაწყებისა“, - ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

ამირან გამყრელიძის თქმით, სამი დაავადებულის შემთხვევაში დაკარგულია ინფიცირების კვალი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში იწყება ახალი კორონავირუსის უკონტროლო გავრცელების ეტაპი.

„ვუყურებ, რომ მოსახლეობა ცოტა მოეშვა, დადიან ქუჩებში მანქანით თუ ფეხით, კვლავ იკრიბებიან... მაგრამ ქვეყანა არის საგანგებო ვითარებაში. ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე. ეპიდემია ისედაც არის. ვართ ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე. ეს შეიძლება გადავიდეს ისეთ უმართავ პროცესებში, როგორსაც ადგილი აქვს იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში... ყველა ხედავს, რაც ხდება იქ. არადა, ეს ქვეყნები არიან გაცილებით ძლიერები ეკონომიკურად, ჯანდაცვის სისტემით, ვიდრე საქართველოა. რეალური საშიშროების წინაშე ვართ“, - ამბობს ამირან გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოუწოდებს ყველას, დაიცვან ის რეჟიმი, რასაც მოითხოვს სახელმწიფო და ჯანდაცვის სფერო.

„ეს მარტივია: სოციალური დისტანცირება გახლავთ ყველაზე უფრო მძლავრი იარაღი ეპიდემიებთან ბრძოლაში. უნდა გავიჭირვოთ სულ მინიმუმ ორი თვე მაინც, დავრჩეთ სახლებში. განსაკუთრებით ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადებებით ავადმყოფები და, რაც მთავარია, მკაცრად დაიცვას ყველამ კარანტინით განსაზღვრული წესები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG