Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ირლანდიის კრიზისს განიხილავს


ევროკავშირის ერთიანი ვალუტის - ევროს - მოქმედების ქვეყნები მეტად შეშფოთებულები არიან ირლანდიის ეკონომიკური კრიზისის გამო. ეს შეშფოთება მთავარი თემა იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც ბრიუსელში დაახლოებით ერთ საათში უნდა დაიწყოს. შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე ევროკავშირის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ ევროს გარშემო შექმნილ კრიზისს ვერ დაძლევს, საკუთრივ ბლოკის არსებობა დადგება საფრთხის ქვეშ.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ირლანდიის ეკონომიკური პრობლემები ევროს მოქმედების ზონას მეორე ფართომასშტაბიან კრიზისს უქადის. პირველი კრიზისული ვითარება ექვსი თვის წინ შეიქმნა - მაშინ, როცა ევროკავშირი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი საბერძნეთს 110 მილიარდი ევროს მოცულობის თანხით დაეხმარნენ.

თუმცა, თავად ირლანდიის განცხადებით, ის ევროკავშირს არ სთხოვს თავისი სახელმწიფო ბიუჯეტის პრობლემების გადაჭრას. დუბლინი ამბობს, რომ მას დახმარება მხოლოდ საბანკო სექტორისთვის ესაჭიროება, რომელსაც მძიმე კვალი დაატყო გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა და უძრავ ქონებაზე ფასების დაცემამ.

ირლანდიის ბიუჯეტში დავალიანებაზე მოთხოვნილება 2011 წლის შუა პერიოდამდე დაფინანსებულია, თუმცა ბოლო კვირის განმავლობაში ობლიგაციების ბაზარზე ირლანდიისთვის სასესხო საფასური მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ინვესტორები შიშობენ, ვაითუ დუბლინმა ვერ შეძლოს ვალის დაფარვაო. შექმნილი ვითარების გამო სასესხო ფასი ევროს მოქმედების, 16 ქვეყნისგან შემდგარი ზონის სხვა სახელმწიფოებისთვისაც გაიზარდა - მაგალითად, ესპანეთისა და პორტუგალიისთვის, რომლებსაც თავად აქვთ მსგავსი პრობლემები.

ევროპის ცენტრალური ბანკი დუბლინს სთხოვს სწრაფად იმოქმედოს და დათანხმდეს საბიუჯეტო დახმარების მიღებაზე. თუმცა ორშაბათს ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ბრაიან კოუენმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დახმარების მისაღებად დუბლინი არ აპირებს მიმართოს ევროკავშირს ან საერთაშორისო სავალუტო ფონდს:

„ირლანდიას განაცხადი არ შეაქვს სახელმწიფო დაფინანსების მიღებაზე, ვინაიდან ცხადია, რომ მომავალი წლის შუა პერიოდამდე დაფინანსებული ვართ. აშკარაა, რომ ევროს მოქმედების ზონაში ღრმა შეშფოთება არსებობს საბაზრო პირობების ირგვლივ - როგორც იცით, ობლიგაციების ბაზარმა აჩვენა, რომ ფულის ღირებულება ძალიან მაღალია. ნორმალური ვითარება ის იქნება, ეს საკითხები პარტნიორებთან განვიხილოთ და ვნახოთ, როგორ შევძლებთ საფინანსო და საბანკო უსაფრთხოების უზრუნველყოფას ევროს მოქმედების ზონაში“.

ირლანდიის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი აცხადებენ, რომ მთავრობა საბიუჯეტო დახმარების გამოყოფის მოთხოვნას პოლიტიკური მიზეზებით არიდებს თავს - იცის, რომ ელექტორატი ამ ნაბიჯს ნეგატიურად აღიქვამს. ფინანსების საკითხებში ოპოზიციის წარმომადგენელმა მაიკლ ნუნენმა განაცხადა, სინამდვილეში - დახურულ კარს მიღმა - მთავრობა საბიუჯეტო დახმარების გამოყოფას ითხოვსო:

„ახლა საჭიროა პრემიერ-მინისტრი განცხადებით გამოვიდეს და ხალხს გააგებინოს, როგორ ვითარებაში ვართ. ჩვენი ხალხი სულ უფრო მეტადაა შეშფოთებული. მათ სულ უფრო მეტად აწუხებთ ბანკების საკითხი - ისევე როგორც მთავრობის კომპეტენციის თემა. დაუშვებელია სიტუაცია, სადაც მინისტრები ერთმანეთის მიყოლებით გამოვლენ და კატეგორიულად უარყოფენ, რომ რაღაც ხდება, ამავე დროს კი მაღალჩინოსნები - მათ შორის, მთელი ევროპის მასშტაბით ცენტრალური ბანკების მმართველები - საპირისპიროზე მიუთითებენ“.

ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველი საბჭოს წევრის ევალდ ნოვოტნის განცხადებით, ევროკავშირს ირლანდიის საკითხის გადაჭრა სწრაფად და ეფექტიანად სურს, რათა კრიზისი დიდი დეფიციტის მქონე სხვა ქვეყნებზე არ გავრცელდეს - მაგალითად, ესპანეთსა და პორტუგალიაზე.

ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე ევროკავშირის პრეზიდენტი, ჰერმან ვან რუმპე, სიტყვით გამოვიდა და თქვა, თუ ევროს გარშემო შექმნილ კრიზისს ვერ დაძლევს, საკუთრივ ევროკავშირის არსებობა დადგება საფრთხის ქვეშო.
XS
SM
MD
LG