Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს სატრანზიტო როლს


ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუსთან საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრის თაობაზე დღეს ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული პრესრელიზი გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციამ. თავდაპირველი შეფასებით, ბაროზუს განცხადება, რომ ევროკავშირი საქართველოს ოკუპაციას არასდროს შეურიგდება, ”პირველი შემთხვევაა, როდესაც ტერმინი ოკუპაცია ოფიციალურად მკვიდრდება ევროკავშირის ლექსიკონში”. დილით გამოქვეყნებული ვარიანტით, ”ევროკომისიის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, რომ საქართველომ ოფიციალურად გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში ინტეგრაციის თაობაზე”. მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ შინაარსის პრესრელიზი ახლით შეცვალა. მასში მოყვანილია ჟოზე მანუელ ბაროზუს განცხადება იმის თაობაზე, რომ ”ევროკავშირი არასდროს შეურიგდება საქართველოს ოკუპაციას” და ციტატა: „ეს ძალზე სენსიტიური თემაა, რომლის მიმართ ჩვენ ყოველთვის პრინციპული პოზიცია გვქონდა. როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმაც აღნიშნა, ჩვენ პრინციპულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ინტეგრაციას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ არა ერთხელ ღიად გამოვხატეთ, რომ საქართველოს რომელიმე ნაწილის ოკუპირება ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენი პოზიცია ცალსახად ნათელია და მას მომავალშიც დავიცავთ". პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ მეორე პრესრელიზში აღარ არის ნათქვამი, რომ ევროკომიის პრეზიდენტმა საქართველოს მოუწოდა, ”ოფიციალურად გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში ინტეგრაციის თაობაზე”. პრესრელიზის თანახმად, ბაროზუმ განაცხადა, რომ ევროკავშირი, რომლისთვისაც მთავარი პრიორიტეტია სამხრეთ დერეფნის განვითარება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს სატრანზიტო როლს და სთავაზობს, ”ოფიციალურად გამოხატოს სურვილი ენერგოჯგუფში ინტეგრაციის თაობაზე”.
XS
SM
MD
LG