Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის პირველი შეთანხმებები


ამ ცოტა ხნის წინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დასრულდა საარჩევნო კოდექსის სადავო დებულებების გამოსწორებაზე მომუშავე ჯგუფის რიგით მესამე შეხვედრა, რომელიც პირველი შედეგებით დასრულდა. პარტიები, რომელთა რაოდენობაც თექვსმეტს შეადგენს, სამუშაო რეგლამენტზე შეთანხმდნენ და გადაწყვიტეს, რომ კოდექსის გაჯანსაღებაზე საგნობრივი მსჯელობა თემატურად მომავალ შეხვედრაზე დაიწყონ. შეხვედრა ერთ კვირაში გაიმართება.

საარჩევნო კოდექსის შესწორებაზე მომუშავე პარტიათა ჯგუფის მესამე შეხვედრაზე შეთანხმება სამ ძირითად საკითხზე შედგა.

”წინა სხდომის გადაწყვეტილებები მოექცა კონკრეტულ დოკუმენტში, ანუ ოქმში. მეორე საკითხია ის, რომ კონკრეტულად, პერსონალურად განისაზღვრა რომელ პარტიას ვინ ეყოლება წარმომადგენელი ამ ფორმატის მუშაობის დროს და მესამე საკითხი - განისაზღვრა დღის წესრიგი მთლიანად ამ მაგიდის მუშაობისა, ანუ საკითხთა ნუსხა თავისი თანმიმდევრობისა და დღეების მიხედვით.

საკითხებში, რომლებიც ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ, ჩამოთვალა, თავისი მნიშვნელობით ლიდერობს რიგით მესამე საკითხი, რომელიც ამა თუ იმ საარჩევნო თემაზე პარტიათა პროექტების პრეზენტაციას გულისხმობს.

”ჩვენ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, თავების მიხედვით გავყვეთ იმ ფორმულირებებს, რაც დღეს მოქმედ საარჩევნო კოდექსში არის და შესაბამისი საკითხები იმ თავების მიხედვით იყოს განხილული, როგორც ეს დღევანდელ საარჩევნო კოდექსშია მოცემული. აქედან გამომდინარე, უკვე გვექნება მსჯელობა, კონკრეტულად რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, როგორ მოდელზე შევთანხმდებით და ასე შემდეგ”, - გვითხრა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა, რომლის განმარტებითაც, მმართველი პარტია მზადაა, ოპოზიციასთან თანამშრომლობამ კონკრეტული, პოზიტიური შედეგები გამოიღოს.

პირველი საკითხი, რომელზეც საარჩევნო კანონის გაუმჯობესებაზე მომუშავე პარტიები უკვე მომავალი კვირიდან შეუდგებიან მუშაობას, საარჩევნო სიებს შეეხება. ქრისტიან-დემოკრატი ლევან ვეფხვაძე ამბობს:

”შემდეგ ოთხშაბათს უკვე იქნება საუბარი ამომრჩეველთა რეგისტრაციასა და სიებზე. ანუ ეს იქნება პირველი მსხვილი თემა, რომელიც შემდეგ ოთხშაბათს დაიწყება და ამ თემაზე იქნება პრეზენტაცია პოლიტიკური პარტიების მხრიდან. ამავდროულად, მოვიწვევთ სამოქალაქო რეესტრის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს. მათი დასწრებით პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ შესაძლებლობა, წარმოადგინონ ეს საკუთარი ხედვები. ამის შემდეგ გადავალთ მეორე თემაზე, მესამე თემაზე, და მერე უკვე დაიწყება მეორე მოსმენით თემატურად საკითხების განხილვა”.

ლევან ვეფხვაძის ნათქვამს დავძენთ, რომ, უკვე დაზუსტებული ცნობით, მომავალ ოთხშაბათს საარჩევნო სიების საკითხზე პრეზენტაციას ორი სუბიექტი გააკეთებს. ესენი არიან რვა პარტიული ფორმატის წარმომადგენლები და ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ითქვა, არ არის გამორიცხული, რომ პრეზენტაციის მსურველთა რაოდენობა გაიზარდოს კიდეც. ამას გარდა, აღსანიშნავია ისიც, რომ პრაქტიკულად შეთანხმებულია არა მარტო მომავალი კვირის, არამედ შემდგომი კვირების დღის წესრიგიც. შესაბამისად, იმავე მამუკა კაციტაძის შეფასებით, ყინული არა მარტო დაიძრა, საქმე დაიწყო. მის ამგვარ განწყობას იზიარებენ შეხვედრიდან გამოსული პოლიტიკოსებიც და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც - მათ შორის, ”სამართლიანი არჩევნების” თავმჯდომარე ეკა სირაძე-დელონე.

”თუ გავითვალისწინებთ წარსულ გამოცდილებას, საათობით გვჭირდებოდა ხოლმე ელემენტარულ საკითხებზე შეთანხმება. მე ვფიქრობ, რომ დღეს საკმაოდ კარგი შეხვედრა იყო, სამივე საკითხზე შეთანხმდნენ, მომავალი კვირიდან კი კონკრეტული საკითხების აქტიური განხილვა დაიწყება”.

წინასწარი გათვლებით, საარჩევნო კოდექსის ცალკეული თავების მიხედვით პრეზენტაციების ნაწილი წლის ბოლომდე დასრულდება, შემდეგ კი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მეორე ეტაპი, გადაწყვეტილებების მიღების ეტაპი, დაიწყება.
XS
SM
MD
LG