Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტიდან საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციამდე


საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტის წინ
საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტის წინ
გასული სამუშაო კვირა საქართველოსთვის პოლიტიკური მოვლენებით გამორჩეული იყო როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. მთავარი შიდაპოლიტიკური მოვლენა ოპოზიციური პოლიტიკური ფლანგის გააქტიურება იყო, ხოლო მთავარი საგარეო მოვლენა - საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ევროპარლამენტში.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტს 23 ნოემბერს - ვარდების რევოლუციის დღეს - ეწვია. ევროპარლამენტის დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლის დიდი ნაწილი სწორედ იმ გზის მიმოხილვას მიეძღვნა, რომელიც ქვეყანამ ამ რევოლუციიდან დღემდე გასული შვიდი წლის განმავლობაში განვლო. თუმცა მთავარი, რითაც ეს სიტყვა გამოირჩეოდა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო ინიციატივა იყო:

მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტის ტრიბუნაზე
”ჩვენ ვაყენებთ ცალმხრივ ინიციატივას იმის განსაცხადებლად, რომ საქართველო არასოდეს მიმართავს ძალას რუსეთის ოკუპაციის აღსაკვეთად და თავისი კონტროლის აღსადგენად ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ვიხელმძღვანელებთ მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით დეოკუპაციისა და გამთლიანების მისიის შესრულებისას. მაშინაც კი, თუ რუსეთის ფედერაცია უარს იტყვის თავისი ოკუპანტი ძალების გაყვანაზე და გააძლიერებს ადამიანის უფლებების ხელყოფას, საქართველო დაიტოვებს მხოლოდ თავდაცვის უფლებას - ახალი შეტევებისა და ინტერვენციის შემთხვევაში - ტერიტორიის იმ 80%-ზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარება”.

აღნიშნული ინიციატივა, მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, განხილული და შეთანხმებულია ევროპელ და ამერიკელ მოკავშირეებთან და შესაბამისი წერილები გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის ლიდერებსაც გაეგზავნებათ. კიდევ ერთი თხოვნა კი, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში ევროკავშირის ქვეყნებს შეეხებოდათ, რუსეთთან დიალოგის დაწყებაში დახმარებასა და ტერმინ ”ოკუპაციის” დაკანონებას გულისხმობდა.

2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ქმედებების შემდგომ განვითარებულ პროცესებთან ერთად, ოკუპაციად შეფასების საკითხზე თავიანთი პოზიცია ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა ევროსაბჭოში 23 ნოემბერსვე გამოხატეს. საუბარია პოზიციაზე, რომელიც ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიშის საპასუხოდ ჩამოყალიბდა. ანგარიში ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა ორგანიზაციის 47 ქვეყნის ელჩებს ნოემბრის დასაწყისში გააცნო, განხილვა კი სტრასბურგში, მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე შედგა. რუსეთის მიერ საქართველოს ”ოკუპაციასთან” დაკავშირებულმა ფრაზამ განცხადების მე-4 პუნქტში შემდეგი სახით იჩინა თავი:

”ევროკავშირი ემხრობა ევროსაბჭოს მეტ ჩართულობას და აქტიურობას საქართველოში. შესაბამისად, ის წაახალისებს გენერალურ მდივანს, უფრო ინტენსიური გახადოს კონტაქტი ყველა ჩართულ მხარესთან. განსაკუთრებით იმისთვის, რომ სრულად მიუწვდებოდეს ხელი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე”.

აქვე შევნიშნავთ, რომ ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოთქმულ ინიციატივას იმის შესახებ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საქართველო ძალას არასდროს გამოიყენებს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალური კომენტარით 24 ნოემბერს გამოეხმაურა. აღნიშნული კომენტარის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ”საზეიმო” დაპირების სერიოზულად აღქმა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის წერილობით სახეს მიიღებს და იურიდიულად გაფორმდება თბილისსა და ცხინვალს, თბილისსა და სოხუმს შორის”.

თბილისში, სადაც გასული სამუშაო კვირა ძირითადად ოპოზიციის გააქტიურებით იყო აღსანიშნავი, მოსკოვის ეს განცხადება არაადეკვატურად შეაფასეს. რაც შეეხება ოპოზიციის გააქტიურებას, გამოვყოფთ ორ საკითხს - ”ქართული პარტიის” დამფუძნებელ ყრილობას და პარლამენტთან გამართულ წარმომადგენლობით სახალხო კრებას.

”ქართული პარტიის” ლიდერები: ლევან გაჩეჩილაძე, კოკა გუნცაძე და სოზარ სუბარი. დამფუძნებელი ყრილობა
თანმიმდევრობით თუ მივყვებით, პირველი ”ქართული პარტიის” დამფუძნებელი ყრილობაა, რომელიც 24 ნოემბერს გაიმართა. დელეგატებმა პარტიის თავმჯდომარედ სოზარ სუბარი აირჩიეს, თანათავმჯდომარეებად კი ლევან გაჩეჩილაძე და ირაკლი ოქრუაშვილი დაასახელეს. ეროსი კიწმარიშვილმა პოლიტიკური მდივნის, ხოლო კოკა გუნცაძემ გენერალური მდივნის თანამდებობები დაიკავეს.

”ჩვენ აღვადგენთ ურთიერთობას რუსეთთან! რუსეთთან ურთიერთობის გარეშე არ იქნება უსაფრთხოება და არც აფხაზ და ოს ხალხთან პირდაპირი დიალოგის შესაძლებლობა. უსაფრთხოების გარეშე არ იქნება მშვიდობა და სტაბილურობა! მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე კი შეუძლებელია ინვესტიციები, სამუშაო ადგილები, დასაქმება. ინვესტიციებისა და სამუშაო ადგილების გარეშე გამორიცხულია კეთილდღეობა და მომავალი განვითარება”, - აღნიშნა ყრილობაზე გამოსულმა კოკა გუნცაძემ. პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა კი დასძინა, რომ ”ქართული პარტია” გამარჯვებისთვის ბრძოლის ავანგარდში იქნება:

”ურთულეს პირობებში იქმნება ქართული პარტია, რომელიც უნდა იყოს გამარჯვებისთვის ბრძოლის ავანგარდში. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ დღეს წყდება ჩვენი სამშობლოს ბედი. სააკაშვილის გაკოტრებულმა რეჟიმმა ქვეყანა და ჩვენ, ყველანი უფსკრულის პირას მიგვიყვანა”.

მოქმედი ხელისუფლების შესაცვლელად გამარჯვებისათვის ბრძოლის ავანგარდში დგომა პრაქტიკულად პირდაპირი მნიშვნელობით გამოხატეს წარმომადგენლობითი სახალხო კრების მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა, რომლებიც 25 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ... თუმცა კრების ინიციატორთა მოლოდინი, რომელიც ხალხის რაოდენობას უკავშირდებოდა, არ გამართლდა.

”ჩვენ ვფიქრობდით, რომ აქ შეიძლებოდა მოსულიყო 50-100 ათასი კაცი. არ დაგიმალავთ და ვიტყვით, რომ ჩვენი გეგმა, თქვენთან ერთად, იყო ის, რომ ამდენი, ზღვა ხალხი მოვიდოდა და ჩვენ დღესვე დავიწყებდით ჩვენს გეგმას, მაგრამ ახლა ჩვენ მოგვიწევს ცოტა მეტი მოთმინება”, - განაცხადა წარმომადგენლობით სახალხო კრებაზე ირაკლი ბათიაშვილმა.

პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილენი
კრების ინიციატორთა მონაცემებით, პარლამენტის წინ 15 000 ადამიანი მივიდა. კრების სიმცირემ ბრძოლის დაწყების სტრატეგია, როგორც ჩანს, შეცვალა. თუმცა კრებამ აირჩია გადაწყვეტილებების მიმღები და აღმასრულებელი ორგანოები და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას უნდობლობის ვერდიქტი გამოუტანა. უნდობლობის გამოცხადების პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით კრება დაუმორჩილებლობის კომიტეტების შექმნას გეგმავს.

წარმომადგენლობით სახალხო კრებას ოპოზიციურ პარტიათა ერთი, ძირითადად ის ნაწილი შეუერთდა, რომელიც ხელისუფლებას რადიკალურად ემიჯნება და მასთან ნებისმიერი სახის დიალოგს უსარგებლოდ მიიჩნევს. ოპოზიციის კიდევ ერთი ნაწილი, საპარლამენტო ოპოზიციის ჩათვლით, გასულ სამუშაო კვირაში საარჩევნო კანონმდებლობის გაჯანსაღებაზე მსჯელობდა. საარჩევნო კოდექსის სადავო დებულებების გაუმჯობესებაზე მომუშავე რიგით მესამე შეხვედრა 24 ნოემბერს პირველი შედეგებით დასრულდა. პარტიები შეთანხმდნენ თემატური მსჯელობა საგნობრივად მომავალი კვირიდან დაიწყონ. პრეზენტაციებს საარჩევნო კოდექსის თავების მიხედვით მსურველი პოლიტიკური სუბიექტები წარადგენენ.

”შემდეგ ოთხშაბათს უკვე იქნება საუბარი ამომრჩეველთა რეგისტრაციასა და სიებზე. ანუ ეს იქნება პირველი მსხვილი თემა, რომელიც შემდეგ ოთხშაბათს დაიწყება და ამ თემაზე იქნება პრეზენტაცია პოლიტიკური პარტიების მხრიდან. ამავდროულად, მოვიწვევთ სამოქალაქო რეესტრის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს. მათი დასწრებით პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ შესაძლებლობა, წარმოადგინონ ეს საკუთარი ხედვები. ამის შემდეგ გადავალთ მეორე თემაზე, მესამე თემაზე და მერე უკვე დაიწყება მეორე მოსმენით თემატურად საკითხების განხილვა”, - გვითხრა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრმა ლევან ვეფხვაძემ.

უკვე ცნობილია იმ ორი სუბიექტის ვინაობა, ვინც საარჩევნო სიების საკითხზე საკუთარ პროექტს წარადგენს. ესენი არიან ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და ერთობლივი, 8-პარტიული, ფორმატის წარმომადგენლები. არ გამორიცხავენ, რომ პრეზენტაციის მსურველთა რაოდენობა გაიზარდოს კიდეც.
XS
SM
MD
LG