Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუნიციპალური ტრანსპორტი ძვირდება


დღეს საკრებულო მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის 10 თეთრით გაძვირების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტის მიუხედავად, მერიის მიერ ინიცირებული გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ძალაში შევა. ყოველ შემთხვევაში, ასეთი მოლოდინი აქვთ ოპოზიციონერ დეპუტატებს. რა მიზეზით, ვის ხარჯზე ძვირდება მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა?

მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფის 10 თეთრით გაძვირება არ შეეხებათ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, მაგრამ დანარჩენი მგზავრები ავტობუსში ასვლისას 50 თეთრს გადაიხდიან. ისინი, ვინც მგზავრობის საფასურს სპეციალური ბარათით იხდის, მეორე მგზავრობაში 30 თეთრს, მესამეში კი 20 თეთრს გადაიხდის, ბარათის არმქონე პირები კი მუნიციპალური ტრანსპორტით ნებისმიერი რაოდენობით მგზავრობაში 50 თეთრს გადაიხდიან.
საკრებულოს წევრი ინგა გრიგოლია

მერიის ინიციატივას საკრებულში ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი მოჰყვა. ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენლის, ინგა გრიგოლიას განცხადებით, დედაქალაქის ბიუჯეტის მიღებისას ტარიფების ზრდის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი, ანუ ტარიფის ზრდის აუცილებლობა დასაბუთებული არ ყოფილა:

”დედაქალაქის ხელისუფლებას, რომელმაც ბიუჯეტი 2-3 დღის წინ მიიღო, არაფერი უთქვამს ხაზგასმით, რომ მგზავრობის საფასური ძვირდებოდა. ფაქტია, რომ ხელისუფლება, რომელიც არჩევნების წინ ხალხს ლამაზ და ბედნიერ ცხოვრებას ჰპირდებოდა, არჩევნების დასრულებისა და ბიუჯეტის მიღების შემდეგ ხალხს მომენტალურად უძვირებს მგზავრობას. აქ უკვე აღარ არის არავითარი კითხვა. თუ ნაციონალური მოძრაობა ხმას მისცემს ამ გადაწყვეტილებას, ჩვენ ამას შევაფასებთ როგორც დანაშაულს საკუთარი თანამოქალაქეების წინაშე”.

დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლების არგუმენტით, ტარიფის მატება მომსახურების გაუმჯობესებით არის განპირობებული.

რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი კი ამბობს, რომ ტარიფის მატება რეალურად იმ ადამიანებს დააწვება ზურგზე, ვინც პატიოსნად იხდიდა მგზავრობის საფასურს. თინა ხიდაშელის შეფასებით, მერია ცდილობს ტარიფის ზრდით საკუთარი ადმინისტრირების პრობლემა გადაფაროს, რადგან დღემდე პრობლემად რჩება უბილეთო მგზავრების საკითხი:
საკრებულოს წევრი თინა ხიდაშელი

”ორმაგად ზარალდება გადამხდელი - ერთი მხრივ, როგორც გადასახადის გადამხდელი, რომლის ფულიც სუბსიდიაში მიდის, და, მეორე მხრივ, ბილეთის ფულის გადამხდელი, რომელიც პატიოსანი და წესიერი ადამიანია და მის ხარჯზე ხდება როგორც კორუფციული სქემის აგება, ასევე უბილეთო მგზავრების მოთხოვნების დაკმაყოფილება”.

ნაციონალური მოძრაობის - ანუ საკრებულოში უმრავლეობის - წარმომადგენლის კოკი იონათამიშვილის განმარტებით, საზოგადოება გადაწყვეტილებას გაგებით უნდა შეხვდეს, რადგან ტარიფის ზრდა ობიექტური მიზეზებითაა განპირობებული:

” ასეულ მილიონზე მეტი ჯდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ნაწილობრივ ამას თავის თავზე იღებს თბილისის მერია, მაგრამ მოსახლეობამაც ამაში თავისი მონაწილეობა უნდა დააფიქსიროს. ასე ხდება ევროპის ყველა ქალაქში, ასე უნდა გავაკეთოთ ჩვენც. მე მესმის, რომ ეს არის მტკივნეული გადაწყვეტილება”.

საგულისხმოა ის, რომ მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის 10 თეთრით გაძვირებას წინ კიდევ ერთი გადაწყვეტილება უძღოდა. 1 ნოემბრიდან თბილისში ავტობუსების ხაზების რაოდენობა 125-დან 92-მდე შემცირდა. ამასთანავე, დამოკლდა რამდენიმე მარშრუტი, რამაც იმ მგზავრებს, რომლებიც გრძელ მანძილზე გადაადგილდებიან, დამატებითი პრობლემები შეუქმნა - გაიზარდა ლოდინის დრო, ასევე მგზავრებს ზოგჯერ რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ დანიშნულების ადგილზე მისასვლელად, რაც დამატებით თანხებთანაცაა დაკავშირებული.
სატრანსპორტო კომპანიის მიმართ მერიის სუბსიდირება წლების განმავლობაში იცვლებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ტარიფი ან არასწორად იყო შერჩეული, ან ადმინისტრირება, ანუ თანხის ამოღება, არ ხდებოდა სწორად...

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ეკონომიკური ჯგუფის ხელმძღვანელი შოთა მურღულია, რომელიც მერიასთან ერთად ტრანსპორტის ტარიფის შემუშავებაზე მუშაობდა მაშინ, როცა მუნიციპალური სატრანსპორტო ქსელი განახლდა, ამბობს, რომ 40 თეთრიანი ტარიფი რამდენიმე კომპონენტის მიხედვით შემუშავდა. მასში შედიოდა ავტობუსის მომსახურების ტარიფი, საწვავის ხარჯი, მომსახურე პერსონალის ანაზღაურება, ავტობუსის მარშრუტის სიგრძე, სუბსიდიები სოციალურად დაუცველი მოქალაქებისთვის. დღეს შოთა მურღულიას უჭირს იმის ზუსტი ანალიზი, რას შეიძლება გამოეწვია ტარიფის მატება, თუმცა რამდენიმე ვარაუდს მაინც გამოთქვამს:

”თუ წლების მიხედვით დავაკვირდებით, სატრანსპორტო კომპანიის მიმართ მერიის სუბსიდირება წლების განმავლობაში იცვლებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ტარიფი ან არასწორად იყო შერჩეული, ან ადმინისტრირება, ანუ თანხის ამოღება, არ ხდებოდა სწორად. გვახსოვს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე ახალი მიმართულებაც გაიხსნა. როგორც ჩანს, არჩევნებამდე მერი მოერიდა მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღებას, არჩევნების შემდეგ კი მოხდა რეალური ხარჯის დათვლა”.

შოთა მურღულია ამბობს, რომ გასარკვევია, ხომ არ ხდებოდა მუნიციპალური ტრანსპორტის სხვა მიზნებით გამოყენება და მისი შენახვა კი მაინც მგზავრების მიერ გადახდილი საფასურით. ის ასევე გამოყოფს თანხების ადმინისტრირების საკითხს, ანუ რამდენად ახერხებდა მერია მგზავრების მხრიდან თანხის გადახდის კონტროლს.

საზოგადოება კი ტარიფის მატებას არაერთგვაროვან შეფასებას აძლევს. არიან ისეთები, ვისთვისაც ფასის 10 თეთრით გაზრდა ტვირთი იქნება, მაგრამ ნაწილი მოსალოდნელ ცვლილებას, რომელიც 6 დეკემბრიდან შევა ძალაში, მშვიდად ხვდება:

”სააკაშვილი ამბობდა, პენსიები მოემატებაო, მაგრამ სულ ემატება და ემატება ყველაფერს ფასი. წარმოდგენა არა მაქვს, როგორ ვიცხოვრებთ”.

”ძალიან იმოქმედებს ეს ხალხზე და ეს თუ გაძვირდა, ამას ხალხი ვერ მოითმენს”.

” როგორც ყველა, ისე ჩვენც. ადრეც ხო გაძვირდა და მივეჩვიეთ უკვე”.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG