Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა საერთაშორისო ორგანიზაციების იმედად


ილორის ტაძარი რესტავრაციის შემდეგ
ილორის ტაძარი რესტავრაციის შემდეგ
საქართველოს პარლამენტში მიიჩნევენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ის ნაწილი, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე მდებარეობს, განადგურების საფრთხის წინაშე დგას. დეპუტატების მიერ მიწვეული მეცნიერების მტკიცებით, წმინდა გიორგის სახელობის ილორის ტაძრის უხეში გადაკეთება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფის არც პირველი შემთხვევაა და არც უკანასკნელი. რა მდგომარეობაშია სეპარატისტულ რეგიონებში მდებარე საქართველოს მატერიალური კულტურის ძეგლები და როგორ აპირებს ხელისუფლება მათ დაცვას?

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით კომისიაში მიიჩნევენ, რომ 2008 წლის ომისა და სეპარატისტულ რეგიონებში ჩატარებული ეთნიკური წმენდის შემდეგ, საფრთხე საქართველოს მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლებსაც ემუქრება. კომისიის წევრებს ნიმუშად მოაქვთ მე-11 საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ილორის ტაძრის ვანდალური ხელყოფა, თუმცა, როგორც ისტორიკოსი და აფხაზეთის დევნილობაში მყოფი უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ჯემალ გამახარია ამბობს, უკეთეს მდგომარეობაში არც სხვა ძეგლებია:

„ვიცით, რომ ახალ ათონში ერთ-ერთი რუსული სამშენებლო კომპანია აკეთებს რეკონსტრუქციას, თუმცა მისი დეტალები ჩვენთვის უცნობია. რაღაც სამუშაო მიმდინარეობს დრანდაში, თუმცა რეალურად რა კეთდება, ამის ზუსტი მონაცემები არ გაგვაჩნია.“

მსგავსი ვითარებაა ცხინვალის რეგიონშიც. ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატის ბადრი ბასიშვილის თქმით, ძეგლები ზიანდება როგორც გაუფრთხილებლობით, ასევე მიზანმიმართულად:

„არის მცდელობა ამ ისტორიული ძეგლებიდან საერთოდ გაქრეს ქართული წარწერები... არის მე-3, მე-4 საუკუნის ძეგლები, რომელთა ფოტომასალა შემონახულია და საიდანაც ჩანს, რომ ეს ქართული ძეგლებია.“

ქართული ისტორიული ძეგლები რომ განსაცდელშია, ამას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველებიც ადასტურებენ. ახალგორში მდებარე ერთ-ერთი მონასტრის მონაზონმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მახლობლად შენდება აეროდრომი, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს მატერიალური კულტურის უძველეს ძეგლებს.

თუმცა კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად მხოლოდ საქართველოს ძალისხმევა არ კმარა. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის მალხაზ ბარამიძის თქმით, საქართველომ უნდა ისარგებლოს იმით, რომ მიერთებულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ყველა არსებულ კონვენციაზე.

საქართველოს მთავრობამ დახმარებისათვის უკვე მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს: იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობისა და საერთაშორისო სარესტავრაციო ცენტრებს, მუზეუმის საერთაშორისო ორგანიზაციას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობასა და სრულიად დიპლომატიურ კორპუსს. ამასთან, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია მიიჩნევს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფაზე პასუხისმგებლობა უნდა იკისროს ოკუპანტმა ქვეყანამ, რუსეთმა, რომელიც, მალაშხიას თქმითვე, იუნესკოს კოსოვოში სერბული ძეგლების დაცვის მოთხოვნით მიმართავს, მაშინ როცა თვალს ხუჭავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე კულტურულ გენოციდზე.

„ეს არის რუსეთის ორმაგი სტანდარტი და იუნესკოს ეგიდით და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით აუცილებლად დავაყენებთ ამ საკითხს. ჩვენ შევთავაზებთ კულტურის სამინისტროს გამოსცეს ალბომი, რომელშიც შევა ყველა ძეგლი, მდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამ ალბომს გადავუგზავნით საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებს, რათა იყოს ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება აქ მიმდინარე ვანდალიზმზე“, უთხრა შოთა მალაშხიამ რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG