Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ახალ გზებს ეძებს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის განსაახლებლად


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი, ფილიპ კროული
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი, ფილიპ კროული
აშშ ცვლის მოქმედების ტაქტიკას, რომლის მიზანიც ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებაა. თუ აქამდე ცდილობდნენ ისრაელის დაყოლიებას პალესტინელებთან სადავო ტერიტორიებზე დასახლებების მშენებლობის შეჩერებაზე, ახლა ვაშინგტონი სხვა გზებს ეძებს სამშვიდობო პროცესის განახლების მისაღწევად.

შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას ძალისხმევით, წელს, 2 სექტემბერს ვაშინგტონში განახლდა ისრაელისა და პალესტინელების წარმომადგენელთა პირდაპირი მოლაპარაკება 20-თვიანი პაუზის შემდეგ. მაგრამ მოლაპარაკების პროცესი მალევე შეწყდა - შეწყდა მას შემდეგ, რაც ამოიწურა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ებრაული დასახლებების მშენებლობაზე დაწესებული მორატიორიუმი.

ახლა, რამდენიმეთვიანი დიპლომატიური აქტიურობის შემდეგ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ფილიპ კროულიმ განაცხადა, რომ ძალისხმევა დასახლებების მშენებლობის შეჩერებაზე ისრაელის დასაყოლიებლად, ამაო გამოდგა...

„გარკვეულ პერიოდში გვეგონა, რომ მორატორიუმი, შემდეგ კი მორატორიუმის განახლება, შესაძლოა, საუკეთესო მექანიზმი ყოფილიყო მხარეებს შორის შინაარსიანი და უწყვეტი დიალოგის ხელშესაწყობად. მივედით დასკვნამდე, რომ ეს არ არის საუკეთესო საფუძველი წინ წასაწევად“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

ფილიპ კროულის განცხადებას მალევე მოჰყვა გამოხმაურება. პალესტინელების პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა „შეერთებული შტატების ძალისხმევის წარუმატებლობის“ აღიარება უწოდა ვაშინგტონის გადაწყვეტილებას, აღარ გააგრძელოს ძალისხმევა ისრაელის დასახლებების მშენებლობაზე მორატორიუმის გასახანგრძლივებლად; ხოლო პალესტინელების მთავრობის პრესმდივან ღასან ხატიბის თქმით, ებრაული დასახლებების გაფართოების შეჩერება კვლავაც რჩება პირობად პირდაპირი მოლაპარაკების განახლებისთვის.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ამერიკელების ძალისხმევა, დაერწმუნებინათ ისრაელი დასახლებების გაფართოებისთვის ბოლოს მოღების საჭიროებაში, წარუმატებელია, რადგან პალესტინელთა მხარეს სჯერა, რომ ისრაელის დასახლებების გაფართოების შეჩერება აუცილებელი პირობაა შინაარსიანი და წარმატებული სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის“, - თქვა პალესტინელების წარმომადგენელმა.

ისრაელის პირველი რეაქცია კი უფრო ზოგადი განცხადებით გამოიხატა: ეს იყო პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის განცხადება, რომ „ისრაელი კვლავაც გააგრძელებს ძალისხმევას პალესტინელებთან ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად“.

როგორ აპირებს ვაშინგტონი ახლა, ისრაელის დასახლებების მშენებლობის შეჩერების მცდელობაზე უარის შემდეგ, ხელი შეუწყოს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებას, ამის თაობაზე ფილიპ კროულიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონს ექნება ორივე მხარესთან მოლაპარაკებები „არსებით საკითხებზე“. „კვლავაც შევეცდებით, გამოვნახოთ გზები ნდობის ისეთი გარემოს შესაქმნელად, რომელიც საბოლოოდ, იმედია, შესაძლებელს გახდის მათს პირდაპირ მოლაპარაკებას“, - დასძინა კროულიმ.

ვაშნიგტონში უკვე მომავალ კვირაში მოელიან ისრაელისა და პალესტინელების წარმომადგენლებს, სამშვიდობო მოლაპარაკების განსაახლებლად მათი შეხედულებების მოსასმენად.

წინასწარ მარტო ის არის ნათელი, რომ იოლი არ იქნება მხარეების დაყოლიება მოლაპარაკების საერთო მაგიდასთან დაბრუნებაზე. და რომ დაიყოლიონ კიდეც, ეს ავტომატურად არ ნიშნავს სამშვიდობო შეთანხმებასთან მიახლოებას: წელს სექტემბერში, როცა ისრაელის და პალესტინელების პირდაპირი მოლაპარაკება განახლდა, მაჰმუდ აბასმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადეს, რომ შეეცდებოდნენ ერთი წლის მანძილზე მიეღწიათ შეთანხმებისთვის მთავარ საკითხებზე, მათ შორის პალესტინელების მომავალი სახელმწიფოს საზღვრებზე, პალესტინელი ლტოლვილების პრობლემაზე, იერუსალიმის სტატუსზე. სექტემბრის დასაწყისში ეს დაპირება ოპტიმისტურად ჟღერდა, სექტემბრის ბოლოდან კი არარეალისტურს უფრო ჰგავს. მას შემდეგ, რაც 26 სექტემბერს დასრულდა მორატორიუმი, დაწესებული მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის დასახლებების მშენებლობაზე, პალესტინელები პირდაპირ მოლაპარაკებას გამოეთიშნენ, მორატორიუმის გაგრძელების მოთხოვნით.

შეერთებული შტატები, როგორც უკვე ითქვა, აღარ უჭერს მხარს ამ მოთხოვნას.
XS
SM
MD
LG