Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილების პროტესტი ცხინვალში


ომის შედეგად დაზიანებული სახლები ცხინვალში
ომის შედეგად დაზიანებული სახლები ცხინვალში
90-იანი წლების ქართულ-ოსური კონფლიქტის შედეგად დევნილი ადამიანები ცხინვალში აუტანელ პირობებში ცხოვრობენ და კოკოითის ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

პირველი კონფლიქტის დროს არაერთი ოსი ეროვნების მოქალაქე საქართველოდან წავიდა. ნაწილი საცხოვრებლად ვლადიკავკაზში გადავიდა და იქ მიიღო დევნილის სტატუსი, ნაწილმა კი ცხინვალს მიაშურა.

მიუხედავად იმისა რომ უკვე 20 წელი გავიდა მათი საცხოვრებელი პირობები ოდნავადაც არ გაუმჯობესებულა. ეს ადამიანები ნახევრად დანგრეულ საერთო საცხოვრებლებში ცხოვრობენ. ზოგიერთ დევნილს ამ დრომდე არც პასპორტი აქვს, არც მოქალაქეობა, არც დევნილის სტატუსი და არც რაიმე სახის სხვა დოკუმენტი.

გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობის გამო დევნილებმა ცხინვალის ადმინისტრაციას პროტესტით მიმართეს. მათ ცხინვალის მერი, რევაზ ხუგაევი, შეხვდა. ეს შეხვედრა დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით გადაიცა. დევნილები კოკოითის ხელისუფლებისგან პრობლემების სასწრაფოდ მოგვარებას მოითხოვდნენ.

20 წლის წინანდელი დევნილები იმასაც აპროტესტებდნენ, რომ დე ფაქტო ხელისუფლება მხოლოდ 2008 წლის ომის დროს დაზარალებულებს ეხმარება, მათ კი მეორეხარისხოვან მოქალაქეებად მიიჩნევენ.

იმ დროს, როცა დე ფაქტო რესპუბლიკაში როგორც პირველი, ისე მეორე კონფლიქტის დროს დაზარალებული ათასობით ადამიანი ცხოვრობს, ადგილობრივი ხელისუფლება ბიუჯეტიდან დაფინანსებას გამოყოფს და რუსეთში ხანძრების შედეგას დაზარალებულებს ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის. ამის გამო იძულებით გადაადგილებული პირები აღშფოთებას ვერ მალავდნენ.

ცხინვალის მერმა დარბაზში შეკრებილების დამშვიდება სცადა და შეჰპირდა, რომ ხელისუფლება მათი პრობლემების მოგვარებითაც დაინტერესდება. ამ დაპირების მიუხედავად, ზოგიერთმა დევნილმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა, რადგან იმედი არა აქვს, რომ ხელისუფლება მათ გასაჭირს გაიზიარებს. ბევრ დევნილს კოკოითის ხელისუფლების დაუსრულებელი დაპირებების უკვე აღარ სჯერა.
XS
SM
MD
LG