Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ფულადი შემოწირულობები” დასაქმების უფლებისათვის?


თბილისის სამარშრუტო ტაქსები
თბილისის სამარშრუტო ტაქსები
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირი ქალაქის მთავრობას სამარშრუტო ტაქსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა სატენდერო კომისიის დაუყოვნებელ შეკრებას სთხოვს. პროფკავშირის შეფასებით, სხდომაზე განსახილველი ძირითადი საკითხი უნდა იყოს თბილისში ამოქმედებული კორუფციული მექანიზმი, რომლის მიხედვითაც სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს ახლად შექმნილი სატრანსპორტო კომპანიები ფულს სძალავენ.

უფრო დაწვრილებით ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანიების მიერ მძღოლებისადმი წაყენებული ფულადი მოთხოვნების, კერძოდ, თანხის ოდენობისა და მიზნების შესახებ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარე ლავრენტი ალანია საუბრობს:

” პირველი 200 ლარი, შემდეგ 6 000 ლარი, შემდეგ 1200 დოლარი. 200 ლარი ეს არის თითქოსდა კონკურში მონაწილეობის ნებართვისათვის რომ 100 000 ლარი შეგროვდეს, 6000 ლარი იმისთვის, რომ შეგროვდეს ის 1 300 000 დოლარი, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში საგარანტიოდაა საჭირო, 1200 დოლარი ეს არის საგარანტიო ნებართვის ფასისათვის და, ჯამში, თითო მძღოლს უწევს 10 000 ლარამდე გადახდა.”

ლავრენტი ალანიას მეორე მოთხოვნა მერიის მისამართით არის ის, რომ სამარშრუტო ტაქსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა კონკურსზე ფართო და ქმედითი საინფორმაციო კამპანია აწარმოოს. ამ კამპანიის ძირითადი მიზანი მძღოლების ტენდერის პირობებში გარკვევა უნდა იყოს, რათა მათ გადაწყვეტილებების მიღება შეძლონ და დაცულები იყვნენ მაქინატორთა მანიპულაციებისაგან. როგორც ლავრენტი ალანია ამბობს, ქალაქში გამოჩნდა ასევე ჯგუფი ახალგაზრდებისა, რომლებიც, თანხის გადახდის შემთხვევაში, მძღოლებს ტენდერში გამარჯვებას ჰპირდებიან.

” მოდიან ჩვენთან ხაზზე, რაღაც ფურცლები მოაქვთ და ამ ანგარიშზე ჩაგვირიცხეთო თანხებიო. ჰოდა, ეს თანხები საით და როგორაა მიმართული, ხალხი ვერ ერკვევა და გაუგებრობაა”, - გვითხრა სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა გიორგი დარსაველიძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ქრისტიან-დემოკრატი ჯაბა სამუშია კი ამბობს, რომ, საინფორმაციო კამპანიის წარმოების გარდა, აუცილებელია ასევე სატენდერო ვადის გაზრდა.

” სატენდერო კომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, ეს ვადები ისევ იანვრის შუა რიცხვებამდე დავტოვოთ თუ ვადებმა უნდა გადაიწიოს. მთლიანი პასუხისმგებლობა პროცესზე და იმ დაპირისპირებაზე, რომელიც დღეს არის სამარშრუტო ტაქსებსა და სამარშრუტო ბიზნესში, როცა ერთ ხაზზე მომუშავენი მეორე ხაზზე მომუშავეებს უპირისპირდებიან და უამრავი მსგავსი ინციდენტი მომხდარა, ეკისრება მერიას. და ვთვლით, რომ ასეთ ფორსმაჟორში ამხელა რეფორმის გატარება არის შეცდომა.”

თბილისის მერიამ დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა კონკურსი 6 დეკემბერს გამოაცხადა. კონკურსი 45 დღე გაგრძელდება და 14 იანვრამდე გასტანს. სპეციალური სატენდერო კომისია, რომელიც 14 წევრისაგან შედგება, გამარჯვებულს 1 თებერვალს გამოავლენს. კონკურსი 5 ლოტადაა გამოცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სამარშრუტო ტაქსებით მგზავრებს უახლოესი დროიდან ხუთი ან ხუთზე ნაკლები გადამზიდავი კომპანია მოემსახურება.

” ჩვენი ფირმა არის ”დილიჟანი”, რომელიც გაჩუმებულია, ხმას არ იღებს ჯერჯერობით. ვერ ღებულობს მონაწილეობას ტენდერში იმიტომ, რომ არა აქვს მაგის საშუალება. მიდითო და თქვენ იმოქმედეთო. რა გავაკეთო, გავიფიცო-მეთქი, ვკითხე. გაფიცვა რას შველის. სადაც რეალურად გვეუბნება ჯაფარიძე, მოდითო, მივალთ იქ. სხვა გამოსავალი არ არის.”

სამარშრუტო ტაქსის მძღოლი რამინ შანიძე გულისხმობდა ფირმა ”ტრანსვეიზის” დირექტორს, ნოდარ ჯაფარიძეს, რომელმაც, თავის მხრივ, შემდეგი გვითხრა:

” მე უარი განვაცხადე, ვერანაირ მონაწილეობას მე ვერ ვღებულობ ტენდერში. რატომ და ბევრი ფული უნდა და გარანტიაც არ არის. ისეთი რთული პირობებია, რომ ვერ გავიმარჯვებ. ვერ შევცვლი ახალ პარკს. ერთი 10 მილიონი უნდა და სად არის ამდენი?”

ნოდარ ჯაფარიძე ამბობს, რომ პროცესი გამჭვირვალეა და გაიმარჯვებს ის, ვინც ტენდერის პირობებს დააკმაყოფილებს. სხვათა შორის, სატენდერო კომისიის რიგგარეშე სხდომაზე, რომლის მოწვევასაც ტრანსპორტის პროფკავშირი და ქრისტიან-დემოკრატიული პარტია ითხოვენ, ისინი ტენდერის პირობების გადახედვის საკითხის დასმასაც აპირებენ.
XS
SM
MD
LG