Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეფორმები განათლების სფეროში


დიმიტრი შაშკინი პედაგოგებთან და მოსწავლეებთან შეხვედრისას
დიმიტრი შაშკინი პედაგოგებთან და მოსწავლეებთან შეხვედრისას
2010 წელი პრაქტიკულად პირველივე დღეებიდან განათლების სფეროში რეფორმებით დაიწყო. რეფორმების ეგრეთ წოდებული მეორე ტალღის ძირითადი ღონისძიებების შესახებ პირველმა საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა. მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ერთიანი ეროვნული გამოცდებით კორუფცია მოისპო და სოციალური სამართლიანობა აღდგა, განათლების ხარისხი გაუარესდა. შესაბამისად, 2010 წლის გამოწვევებს შორის აღმოჩნდა მასწავლებელთა პროფესიული დონის ამაღლებისა და სერტიფიცირების პროცესის დაწყება,უსაფრთხო სკოლის კონცეფციის განვითარება და დანერგვა, მოსწავლეთა მაღალი დასწრების უზრუნველყოფა, სასკოლო ატესტატის მნიშვნელობის გაზრდა საატესტატო გამოცდების გზით და სხვა. განათლების სფეროს რეფორმირების მეორე ეტაპის პირველი - 2010 - წელი ამ მიმართულებით, ძირითადად, რთული და წინააღმდეგობრივი გამოდგა.

განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა საქართველოს მთავრობის მიმდინარე წლის მთავარ პრიორიტეტთა რიგში აღმოჩნდა. რეფორმის მიზნისა და შინაარსის განმარტება, იმის ხაზგასმა, რომ სკოლაში მასწავლებელს სწავლების, მოსწავლეს კი სწავლის საშუალება უნდა ჰქონდეს, მიზანმიმართულად დაიწყო. თუმცა სიახლეები ძნელად მისაღები აღმოჩნდა რეფორმის მთავარი ადრესატებისათვის, კერძოდ, მოსწავლეთა იმ ნაწილისთვის, რომელსაც 2010-2011 სასწავლო წლის ბოლოს საატესტატო გამოცდების ჩაბარება უწევს. მათ უკმაყოფილებას მოჰყვა რამდენიმე სკოლის მეთორმეტეკლასელების საპროტესტო აქციები მოთხოვნით, გაუქმდეს გამოცდები იმ საგნებში, რომლებსაც ბოლო წლების განმავლობაში ისინი სრულყოფილად არ დაუფლებიან:

” რეალურად არ მიმიღია საფუძვლიანი განათლება, რომ ეს გამოცდები წარმატებით ჩავაბარო, თუნდაც მხოლოდ ბიოლოგიის მაგალითით რომ ვიმსჯელოთ. ჩვენ სემესტრული სწავლება გვქონდა. მერე გაარკვიეს, რომ თურმე სემესტრული სწავლება შეცდომა იყო. მაგრამ ჩვენ სემესტრული სწავლება გამოვიარეთ და, ფაქტობრივად, ცოდნა ვერ მივიღეთ. ასეთი პრობლემებია დანარჩენ საბუნებისმეტყველო საგნებშიც. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ არაფერში დაგვჭირდებოდა ფიზიკა და ქიმია და ეროვნულ გამოცდებზე მაინც გავიდოდით. უცებ კი გაირკვა, რომ თურმე გვჭირდებოდა ის საგნები, რეალურად კი სწავლება არ მიმდინარეობდა.”

საპროტესტო აქციის მონაწილეთა აქტივობის შეფასებისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ”ოროსნების რევოლუციას” არ დაუშვებს. მოსწავლეებს განუმარტეს, რომ საატესტატო გამოცდები რთული არ იქნება, გამოცდები 8 საგანს მოიცავს, კომპიუტერულად ჩატარდება და ”მოსწავლის შესაძლებლობებს მოერგება”. თუმცა სკანდალი ამით არ დასრულებულა. თანამდებობები დაატოვებინეს 8 სკოლის დირექტორს - გავრცელებული ინფორმაციით, იმ დირექტორებს, რომელთა სკოლის მოსწავლეებმაც საპროტესტო აქციაში მიიღეს მონაწილეობა. ამ ფაქტზე მოგვიანებით გაკეთებულ განცხადებაში დიმიტრი შაშკინმა განმარტა, რომ დირექტორებმა თანამდებობები საკუთარი ნებით დატოვეს:

”საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არ ათავისუფლებს საჯარო სკოლის დირექტორებს. 8 საჯარო სკოლის დირექტორმა დაწერა განცხადება წასვლის თაობაზე და მიმართა სამეურვეო საბჭოებს. ეს მათი პირადი გადაწყვეტილებაა. ჩვენი კანონმდებლობით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არ ერევა ამ პროცესებში. არსებობს ქვეყანაში სკოლების დეცენტრალიზაცია და სამეურვეო საბჭო არის ის ორგანო, რომელიც წყვეტს ამ საკითხებს.”

საქართველოს განათლების სამინისტროს 2010-2011 წლების გამოწვევებსა და ინიციატივებში პრაქტიკულად არაფერია ნათქვამი სკოლის თვითმმართველობათა ქმედობაუნარიანობის გასაუმჯობესებლად. რაც შეეხება 2010 წლის ერთ-ერთ მთავარ ნოვაციას, მანდატურის ინსტიტუტის ამოქმედებას სოციალური რეკლამებითა და საჯარო შეხვედრების ორგანიზებით, სამინისტრო ცდილობდა საზოგადოება დაერწმუნებინა იმაში, რომ მანდატური მოსწავლისა და მასწავლებლის მაკონტროლებელი კი არა, უსაფრთხო სკოლის ერთ-ერთი მთავარი გარანტორია. როგორც მსოფლიო ბანკის გამოკვლევამ აჩვენა, ამ შეფასებას იზიარებს და სკოლებში მანდატურების შეყვანას მხარს უჭერს გამოკითხულთა 83 პროცენტი. დანარჩენები - მათ შორის, ფსიქოლოგი მაია ცირამუა - ფიქრობენ, რომ 2010 წელს სკოლებში დეჰუმანიზაციის პროცესი შეინიშნებოდა:

” თვითონ სისტემაში მანდატური გაჩნდა როგორც მუქარა, ასე ვთქვათ, რომელიც დასჯის ბავშვს. რა ფუნქცია აქვს მანდატურს? ეს არის ადამიანი, რომელიც ბავშვზე ზრუნავს, თუ ეს არის ადამიანი, რომელიც ბავშვს აკონტროლებს? ეს თვისებრივად სხვადასხვა პოზიციაა. თუ ეს არის ადამიანი, რომელიც ბავშვს აკონტროლებს, ყოველთვის ექნება ბავშვს მისი მიუღებლობა. არ არის გათვალისწინებული გარდატეხის ასაკის თავისებურებები. არის ასაკი, როდესაც ბავშვი თავისთავად ხდება პროტესტანტი, აგრესიული და ეს ბუნებრივი მოვლენაა.”

მოსწავლეთა პროტესტმა ერთ კონკრეტულ შემთხვევაში მანდატურებთან დაკავშირებითაც იჩინა თავი. ინციდენტი მოხდა 173-ე სკოლაში, რომლის თანამდებობიდან გათავისუფლებული დირექტორის ადგილი მანდატურმა დაიკავა. პროტესტის მიზეზი კი გახდა ის, რომ ყოფილი დირექტორი ახალმა დირექტორმა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგობიდანაც გაათავისუფლა.

განათლების სფეროში მიმდინარე ცალკეული პროცესების საწინააღმდეგოდ გამართული საპროტესტო აქციების სიმრავლით გამორჩეული 2010 წელი გამორჩეული იყო ასევე ისეთი სიახლეებით, როგორიცაა პირველკლასელთა ნაწილში კომპიუტერული სწავლების დანერგვა, ინგლისურის დაუფლების მიზნით უცხოელი პედაგოგების მივლინება საქართველოს საჯარო სკოლებში, საჯარო სკოლების ბრენდირება, სასკოლო ბიბლიოთეკების შევსება, სასკოლო სასადილოების მოწყობა, ლაბორატორიების გაუმჯობესება, მასწავლებელთა სერტიფიცირების დაწყება და სხვა. ეს უკანასკნელი მოსალოდნელზე ცუდი შედეგით დასრულდა: მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეთა 89 პროცენტმა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა.

” პირადად ვხვდები იმ მასწავლებლებს, რომლებმაც გაიარეს სერტიფიცირება და ისინი ძალიან ამაყები არიან ამით. და ეს კარგია, იმიტომ რომ ამ ადამიანებს შესაძლებლობა გაუჩნდათ, რომ საზოგადოების წინაშე იყვნენ წელგამართულები, იყვნენ ამაყები იმითი, რომ დაადასტურეს საკუთარი პროფესიონალიზმი რაღაც ობიექტურ სისტემაში. პრინციპში ეს არის ძალიან გრძელვადიანი პროცესის დასაწყისი. მთავარი ის არის, რომ სახელმწიფომ არ დათმოს”, ამბობს ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, სიმონ ჯანაშია.

მასწავლებელთა ატესტაციის პროცესის დასრულება საქართველოში 2014 წელს იგეგმება. მანამდე წინ არის 2011, როცა, ძირითადად, 2010 წლიდან დაწყებული რეფორმები გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG