Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას უპირებს საქართველოს ”ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია”?


საქართველოში დიდი კმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ქვეყანას ”ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისთვის” ახალი საპროექტო წინადადებების წარდგენის საშუალება მიეცა. გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთან ერთად განასაც შეეხება, მიღებულია 6 იანვარს, კორპორაციის დირექტორთა საბჭოს მიერ, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი თავმჯდომარეობს. რის მიხედვით შეარჩიეს ქვეყნები ”ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან” შემდგომი თანამშრომლობისთვის და როგორია საქართველოს პრიორიტეტები?

საქართველოს ცენტრალურმა ტელეარხებმა 5 იანვარს გაავრცელეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ”ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია” საქართველოს მორიგი ტრანშის სახით 300 მილიონ დოლარს გამოუყოფს. თუმცა ჯერჯერობით მსგავსს არაფერს გვატყობინებს ცნობა, რომელიც შეერთებული შტატების მთავრობის სააგენტოს - ”ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება. ამ ცნობაში ნათქვამია მხოლოდ ის, რომ 5 იანვარს, ყოველკვარტალურ შეხვედრაზე, ”ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” დირექტორთა საბჭომ 350-მილიონიანი გრანტი მხოლოდ მალავის მთავრობას გამოუყო; ხოლო განა და საქართველო ”დაასახელა ქვეყნებად, რომლებიც უფლებამოსილი არიან, შეიმუშაონ წინადადებები ახალი ხელშეკრულებებისთვის”. აქვე ნათქვამია ისიც, რომ ”ეს მეორე ხელშეკრულებები დამოკიდებულია პირველი ხელშეკრულებების შესრულების წარმატებაზე, წარმატებული პოლიტიკის თანმიმდევრულ გატარებაზე, ისეთი წინადადებების შემუშავებაზე, რომლებსაც არსებითი გავლენის მოხდენა შეუძლიათ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე და სიღარიბის შემცირებაზე, და ფინანსური სახსრების არსებობაზე.
.
ამ ახალი ხელშეკრულებებისთვის გამოსაყოფი თანხის მოცულობა ჯერჯერობით რომ უცნობია, ამას ჩვენთან საუბარში ადასტურებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი საგარეო საკითხებში თამარ კოვზირიძე. ის ამბობს, რომ დაფინანსების მოცულობა თბილისსა და ვაშინგტონს შორის იმ პროექტების ღირებულებიდან გამომდინარე შეთანხმდება, რომლებსაც საქართველო ”ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას” სავარაუდოდ 2012 წელს წარუდგენს. საქართველოს პრიორიტეტებს კი, ამ მიმართულებით განათლებისა და ინფრასტრუქტურის სფეროები წარმოადგენს.

თამარ კოვზირიძე იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ”ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” 5 იანვრის გადაწყვეტილება გარკვეულწილად პოლიტიკურ ელფერს ატარებს და რომ ამ გადაწყვეტილებით ასევე დასტურდება შეერთებული შტატების კმაყოფილება საქართველოსთან მიმართებით:

”ეს დამოკიდებულია ძირითადად ორ კრიტერიუმზე. პირველი არის - რამდენად ეფექტურად ხორციელდება არსებული პროგრამა და ამ ნაწილში საქართველო ყოველთვის იყო ერთ-ერთი მოწინავე, ანუ რამდენად სწრაფად და ეფექტურად ხდებოდა ამ თანხების ათვისება... და მეორე - რამდენად ინტენსიურად ხორციელდება ქვეყანაში ეკონომიკური, სოციალური რეფორმები და კორუფციასთან ბრძოლა. ჩვენ ამ ნაწილშიც საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს და ამან განაპირობა, რომ ვართ, ასე ვტქვათ, ერთ-ერთი პირველები...”

საქართველო, განასთან ერთად, მართლაც ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელსაც, პირველი ტრანშის მიმღებ 16 ქვეყანას შორის, ”ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ” პროექტებისთვის წინადადებების მეორედ წარდგენის საშუალება მისცა. თუმცა საქმე გამონაკლისს არ შეეხება - 5 იანვარს ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ცნობა ასევე გვატყობინებს, რომ მსგავსი შანსის მიღების საშუალება მალე მაგალითად ჰონდურასსაც ექნება.

აქვე გავიხსენოთ, რომ შეერთებული შტატების მთავრობის სააგენტო - ”ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია” - ძირითადად განვითარებად ქვეყნებთან მუშაობს და მის მთავარ მიზანს წარმოადგენს სიღარიბის დაძლევა ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის საშუალებით.

აშშ-სა და საქართველოს შორის პირველი 5-წლიანი ხელშეკრულება, რომელსაც ხელი 2005 წელს მოეწერა, 2006 წლის აპრილში შევიდა ძალაში. დასაფინანსებლად გამოყოფილი დაახლოებით 400 მილიონი დოლარი ძირითადად მიმართული იყო სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გზის რეაბილიტაციისკენ, ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციისკენ, აგრარული სფეროსა თუ რეგიონალური ინფრასტრუქტურის განვითარების სხვადასხვა პროექტის განხორციელებისკენ.

ამ პირველი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტების მონიტორინგი, ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოსთან” ერთად, 2006 წლის იანვრიდან დაიწყო ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა და არაერთი სერიოზული დარღვევაც აღმოაჩინა. საუბარი იყო ვადების დარღვევაზე, თანხების არაგეგმურ გადანაწილებაზე, კონტრაქტორი ფირმების დაბალ კვალიფიკაციაზე თუ მონიტორინგისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიღების სიძნელეებზე.

მიუხედავად ამისა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტების დირექტორს ნინო ევგენიძეს მაინც არ გაჰკვირვებია ის ფაქტი, რომ ”ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ” საქართველოს, ასე ვთქვათ, მეორე ტრანშის შანსი მისცა. სხვა საკითხია, რამდენად სახარბიელო მაჩვენებელია პირველობა განასთან ან ჰონდურასთან ერთად:

”რა თქმა უნდა, საქართველო ისეთ ქვეყნებს შორის, როგორიც არის მაგალითად ჰონდურასი და გვატემალა, წარმატებულია ამ პროექტის განხორციელების თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თამასა არ გადიოდეს ჰონდურასსა და გვატემალაზე და ჩვენი წინსვლა უფრო განვითარებული ქვეყნებისკენ იყოს მიმართული, ვიდრე ჩვენზე ბევრად ჩამორჩენილი ქვეყნებისკენ... ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროექტებისთვის გამოყოფილი თანხები მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ეფექტიანად დაიხარჯოს”.

ნინო ევგენიძის ორგანიზაცია - ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი კვლავაც განაგრძობს ”ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა” და საქართველოს შორის გაფორმებული პირველი 5-წლიანი ხელშეკრულების მონიტორინგს და საბოლოო შედეგებს მას შემდეგ გამოაქვეყნებს, რაც 2011 წლის აპრილში ამ ხელშეკრულების ვადა ამოიწურება. ამის შემდეგ კი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი აპირებს აქტიური მონაწილეობა მიიღოს მომდევნო ტრანშისთვის შესარჩევი პროექტების პრიორიტეტების განსაზღვრაში.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG