Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოშიმშილე ვეტერანების დარბევისა და ”ათასწლეულის გამოწვევის” კვირა


გმირთა მოედანი აქციის დაშლის შემდეგ
გმირთა მოედანი აქციის დაშლის შემდეგ
კვირის მთავარ და ყველაზე ხმაურიან მოვლენად იქცა პოლიციელების მიერ მოშიმშილე ვეტერანების აქციის დარბევა. გავიხსენოთ, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილე ვეტერანების აქცია გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის წინ 27 დეკემბრიდან მიმდინარეობდა. შიმშილობის მთავარ მიზეზად ვეტერანები მძიმე სოციალურ პირობებსა და სახელმწიფოს მხრიდან შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას ასახელებდნენ.

”ჩვენ ის ხალხი ვართ, რომლებმაც ვიომეთ და სისხლი დავღვარეთ... ჩვენ კი არ ვითხოვთ, ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომ მოგვხედოს. რამდენი ჩვენნაირი სოციალურად დაუცველი და გაჭირვებული არსებობს... კი, პრეზიდენტმა უნდა იფრინოს, მე არ მინდა, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ურმით დადიოდეს, მაგრამ ხალხს უნდა მიხედოს, ხალხს... სამსახურებიდან გამოყარეს ჩვენი მებრძოლები, გარდაცვლილი მებრძოლების სურათები გადაგვიყარეს, ჩამოხსნეს და გადაყარეს... ”
აქციის დაშლა

ერთ-ერთმა მოშიმშილე ვეტერანმა ეს კომენტარი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას 3 იანვარს, შუადღისას გააკეთა. დაახლოებით ორ საათში კი, ვეტერანთა აქცია საპატრულო პოლიციამ და სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა სამართალდამცველებმა დაშალეს.

ხმაურიანი შეხლა-შემოხლის ფონზე, მოშიმშილე ვეტერანები პოლიციამ აქციის ეპიცენტრიდან გაიყვანა და მათი ადგილ-სამყოფელის დადგენა კარგა ხნის მანძილზე ვერ ხერხდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 4 იანვარს გამოქვეყნებულმა განცხადებამ საზოგადოებას შეატყობინა, რომ 3 იანვარს, გმირთა მოედანზე მოშიმშილე ვეტერანების აქციის დაშლისას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 11 პირი იქნა დაკავებული.

”აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ ადგილზე გამოცხადებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნას კარვის აღების თაობაზე, გაუწიეს მათ ფიზიკური წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ 4 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს განცხადებაში ასახულ გარემოებებს, ვიდეომასალებზე დაყრდნობით, აბსოლუტურად უარყოფს სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის, მიერ 4 იანვარს გავრცელებული შეფასებები.

”აღსანიშნავია, რომ იმ მომენტში, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაიწყეს აქციის მონაწილეების დაკავება მემორიალთან აღარ ჩანს კარავი. აქციის მონაწილეებს სამართალდამცავი და სამოქალაქო ფორმაში მყოფი პირები აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, მაშინ როცა აქციის მონაწილეთა მხრიდან ადგილი არ ჰქონია რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. ამასთან, პირები, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებოდნენ და რიგ შემთხვევაში აკავებდნენ შეკრების მონაწილეებს, ატარებდნენ სამოქალაქო ფორმას, რაც მათ იდენტიფიცირებას შეუძლებელს ხდიდა”, - ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში. ომბუდსმენი აცხადებს, რომ აქცია საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით მიმდინარეობდა და ვეტერანებმა შესაბამისი განცხადებით წინასწარ გააფრთხილეს დედაქალაქის მერიაც.

თუმცა, ამის მიუხედავად, 4 იანვარს გამართულ სასამართლო პროცესზე თერთმეტივე დაკავებულს საქალაქო სასამართლომ 400-ლარიანი ჯარიმა მაინც დააკისრა. დაკავებულების ადვოკატის განცხადებით, ისინი განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებენ.
ამ სახის ძალადობას არა აქვს ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებებში...

სახალხო დამცველის განცხადებამ კმაყოფილი დატოვა შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, რომელმაც 5 იანვარს ჟურნალისტებთან საუბრისას ”სერიოზული გამოძიების” აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

"მე შეწუხებული ვარ პოლიციის მიერ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის შესახებ გავრცელებული ცნობებით. ამ სახის ძალადობას არა აქვს ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებებში“, – განუცხადა 5 იანვარს ჯონ ბასმა ჟურნალისტებს.

ასევე 5 იანვრით თარიღდება შინაგან საქმეთა სამინისტრო ვებგვერდზე გამოქვეყნებული ცნობა, რომელიც გვატყობინებს, რომ 3 იანვრის აქციის დაშლის დროს ”შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის - ოთარ გვენეტაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიციის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევას. აღნიშნულთან დაკავშირებით, მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ოთარ გვენეტაძე გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან”.

ამგვარ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში, თუმცა ის ასევე მიიჩნევს, რომ საქმესთან დაკავშირებით შესაფასებელია სხვა გარემოებებიც. 6 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ ”აღნიშნული ფაქტის შესწავლა გაგრძელდება, და გატარებული ღონისძიებები იქნება ადეკვატური”.

ვეტერანთა აქციის დარბევასთან დაკავშირებით, კვირის მანძილზე არაერთი პროტესტი გამოხატეს პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა. იმისათვის, რომ 3 იანვრის ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოების ყურადღება არ მოდუნდეს, ”ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი გამოძიების შემდგომი მონიტორინგის აუცილებლობას ხედავს:

”ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვაპირებთ ვაწარმოოთ გამოძიების სამოქალაქო მონიტორინგი. გავარკვიოთ რეალურად გამოვლინდებიან და დაისჯებიან თუ არა დამნაშავეები, თუ ეს იქნება მხოლოდ ფასადური, მაგალითად, ერთი-ორი პიროვნების გაშვება თანამდებობებიდან და ამით საქმით დამთავრება”.

არასამთავრობო სექტორი მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, შოთა უტიაშვილის, მიერ 6 იანვარს გაკეთებულ კომენტარს იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციის მიერ ძალის შესაძლო გადამეტების საკითხს პროკურატურა შეისწავლის.

მიმდინარე კვირაში, კერძოდ, 6 იანვარს საქართველოს განათლების სამინისტრომ და პოლიციის აკადემიამ მანდატურების საქმიანობის შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართეს. განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განმარტებით, 2010-2011 სასწავლო წელს სკოლებში მანდატურების ინსტიტუტის ამოქმედებამ კარდინალურად შეცვალა სასკოლო დისციპლინა, დანაშაული კი 83%-ით შეამცირა.
მანდატურების საქმიანობის შემაჯამებელი პრეზენტაცია

დიმიტრი შაშკინი არ იზიარებს კრიტიკულ შეფასებებს, რომელთა გამოც მანდატურის ინსტიტუტი კვლავაც რჩება საზოგადოების განსჯის საგნად:

”სამწუხაროდ, მე არ გამიგია შინაარსობრივი კრიტიკა. მე გამიგია ადამიანების პოზიცია, რომლებისთვისაც მიუღებელია წესრიგი და მიუღებელია დისციპლინა მენტალობის დონეზე; და ეს, დამერწმუნებით, კრიტიკა არ არის. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მათი შინაგანი პოზიცია და ასეთ კრიტიკას მე ნამდვილად არ მივიღებ”.

6 იანვრის შეხვედრაზე ასევე გაირკვა, რომ 2011 წლის განმავლობაში საჯარო სკოლების გარდა, მანდატურები შევლენ ასევე პროფესიულ კოლეჯებსა და იმ რამდენიმე კერძო სკოლაში, რომლებმაც შესაბამისი თხოვნით მიმართეს განათლების სამინისტროს.

6 იანვარს საქართველოში დიდი კმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ქვეყანას ”ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისთვის” ახალი საპროექტო წინადადებების წარდგენის საშუალება მიეცა. გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთან ერთად განასაც შეეხება, მიღებულია 5 იანვარს, კორპორაციის დირექტორთა საბჭოს მიერ, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი, თავმჯდომარეობს. შეერთებული შტატების მთავრობის სააგენტოს - ”ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ოფიციალურ” ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია, რომ 5 იანვარს, ყოველკვარტლურ შეხვედრაზე, ”ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” დირექტორთა საბჭომ 350-მილიონიანი გრანტი მხოლოდ მალავის მთავრობას გამოუყო; ხოლო განა და საქართველო ”დაასახელა ქვეყნებად, რომლებიც უფლებამოსილი არიან, შეიმუშაონ წინადადებები ახალი ხელშეკრულებებისთვის”.

საქართველოს, პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი საგარეო საკითხებში თამარ კოვზირიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ”ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” 5 იანვრის გადაწყვეტილება გარკვეულწილად პოლიტიკურ ელფერს ატარებს და რომ ამ გადაწყვეტილებით ასევე დასტურდება შეერთებული შტატების კმაყოფილება საქართველოსთან მიმართებით:

”ეს დამოკიდებულია ძირითადად ორ კრიტერიუმზე. პირველი არის - რამდენად ეფექტურად ხორციელდება არსებული პროგრამა და ამ ნაწილში საქართველო ყოველთვის იყო ერთ-ერთი მოწინავე, ანუ რამდენად სწრაფად და ეფექტიანად ხდებოდა ამ თანხების ათვისება... და მეორე - რამდენად ინტენსიურად ხორციელდება ქვეყანაში ეკონომიკური, სოციალური რეფორმები და კორუფციასთან ბრძოლა. ჩვენ ამ ნაწილშიც საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს და ამან განაპირობა, რომ ვართ, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი პირველები...”

საქართველოს ამ ეტაპზე მოეთხოვება, რომ მოამზადოს შესაბამისი საგრანტო პროექტები და წარუდგინოს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას. ამ პროცედურას, აშშ-სა და საქართველოს შორის პირველი 5-წლიანი ხელშეკრულების შემთხვევაში, წელიწად-ნახევარი დასჭირდა.
დნესტრისპირეთსა და სამხრეთ კავკასიაში გაჭიანურებული კონფლიქტები, ასევე სიტუაცია საქართველოში ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ლიტვის პრიორიტეტებს შორის იქნება...

ხსენებული პირველი ხელშეკრულების დროს, რომელიც 2006 წლის აპრილში შევიდა ძალაში, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ საქართველოს დაახლოებით 400 მილიონი დოლარი გამოუყო. თანხის ძირითადი ნაწილი მიმართული იყო სამცხე–ჯავახეთის რეგიონის გზისა და ჩრდილოეთ–სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციისკენ, აგრარული სფეროსა თუ რეგიონალური ინფრასტრუქტურის განვითარების სხვადასხვა პროექტის განხორციელებისკენ. აქვე ვთქვათ, რომ ხელშეკრულებით გათვალიწინებული პროექტების განხორციელების პროცესში არაერთი დარღვევა აღმოაჩინეს მონიტორინგში ჩართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. საუბარი იყო ვადების დარღვევაზე, თანხების არაგეგმურ გადანაწილებაზე, კონტრაქტორი ფირმების დაბალ კვალიფიკაციაზე თუ მონიტორინგისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიღების სიძნელეებზე.

და ბოლოს, კვირის კიდევ ერთი მოვლენა. მართალია, მოულოდნელობა არ ყოფილა, მაგრამ ახალი წლის პირველი კვირის ერთგვარ სიახლეს წარმოადგენდა მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეუთოს ახალი მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის - ლიტვის - მომავალ ერთწლიან საქმიანობაში საქართველოს საკითხი პრიორიტეტულ ადგილს დაიკავებს.

”დნესტრისპირეთსა და სამხრეთ კავკასიაში გაჭიანურებული კონფლიქტები, ასევე სიტუაცია საქართველოში ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ლიტვის პრიორიტეტებს შორის იქნება”, - ვკითხულობთ ეუთოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ლიტვის, საგარეო საქმეთა მინისტრის აუდრონიუს აჟუბალისის გეგმებს ასახავს. აჟუბალისი ხაზს უსვამს რეგიონული თანამშრომლობის როლს ”ეუთოს სივრცეში გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარების საქმეში“.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG