Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოზარ სუბარმა თხოვნით მიმართა დიპლომატებს


თბილისში, ვეტერანთა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლის შეფასების თხოვნით, ქართული პარტიის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა, საგანგებოდ მიმართა ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ვეტერანთა აქცია ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ექსცესების გარეშე და შეკრებისა და მანიფესტაციების კანონის სრული დაცვით. სოზარ სუბარის თქმით, 3 იანვარს გმირთა მოედანზე პოლიცია მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდა, რაც აქციის ადგილის მახლობლად პრეზიდენტის კორტეჟმა ჩაიარა, 40 წუთში კი, აქციის ძალით დაშლა დაიწყო. ”ეს ფაქტი საფუძველს გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ მშვიდობიანი აქციის უკანონოდ დაშლა პრეზიდენტის ინიციატივა იყო", - განაცხადა ქართული პარტიის თავმჯდომარემ. მისივე შეფასებით, ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას საქართველოში სისტემატური ხასიათი აქვს და მსგავს სიტუაციაში საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ფაქტორია, რომელსაც საქართველოს მთავრობა ანგარიშს მეტ-ნაკლებად უწევს.
XS
SM
MD
LG