ტუნისში გაიმართა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ინაუგურაცია: ამ მოვალეობას შეასრულებს პარლამენტის ქვედა პალატის ყოფილი თავმჯდომარე, ფუად მებაზაა. მანამდე ტუნისის საკონსტიტუციო საბჭომ განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს და არა პრემიერ-მინისტრს უნდა დაევალოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება. ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ტუნისი წუხელ დატოვა პრეზიდენტმა ზინ ელ აბიდინ ბენ ალიმ და პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა პრემიერ-მინისტრი მუჰამად განუში. ახლა განუში პრემიერ-მინისტრად რჩება, მას მთავრობის შექმნა დაავალა ფუად მებაზაამ. პრეზიდენტ ბენ ალის მიერ ქვეყნის დატოვებით ბოლო მოეღო მის 23-წლიან მმართველობას ტუნისში. დამხობილი პრეზიდენტი და მისი ოჯახი წუხელ ჩავიდნენ საუდის არაბეთში, ტუნისში რამდენიმეკვირიანი საპროტესტო გამოსვლების და არეულობის შემდეგ. საკონსტიტუციო საბჭოს განცხადებით, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 60-დღიან პერიოდში უნდა ჩატარდეს. დასავლეთის მთავრობები ტუნისში დემოკრატიზაციისაკენ მოწოდებით გამოდიან, ბენ ალის მმართველობის დასრულების შემდეგ.
ყველაზე პოპულარული
1