Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთის პრეზიდენტი ბრიუსელს სტუმრობს


უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ ქარიმოვი და ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი
უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ ქარიმოვი და ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი
უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ ქარიმოვი ბრიუსელში ვიზიტს იწყებს ევროკავშირისა და ნატოს წამყვან წარმომადგენლებთან შეხვედრის მიზნით. ამ ვიზიტს მწვავედ აკრიტიკებენ უფლებადამცველები.

ვიზიტის პროგრამა ითვალისწინებს შეხვედრებს ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუსთან და ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ გიუნტერ ოტინგერთან. ნატოს შტაბბინაში ვიზიტისას გათვალისწინებულია შეხვედრა გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან ავღანეთში მიმდინარე ომში თანამშრომლობაზე სასაუბროდ.

თუმცა უზბეკეთის პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტს ფონად გასდევს მისი ადმინისტრაციის მხრიდან ადამიანის უფლებების ხელყოფით გამოწვეული მწვავე უკმაყოფილება. უფლებადამცველები აპროტესტებენ უზბეკეთის ლიდერისთვის მომზადებულ დახვედრის ცერემონიას,თავისი წითელი ხალიჩით, და პოლიტიკოსებს შეახსენებენ, რომ ქარიმოვის მთავრობა, როგორც წესი, უფლებების სფეროში ჩატარებულ საერთაშორისო გამოკვლევებში ყველაზე უარესი მაჩვენებლის მქონე რეჟიმებს შორის ხვდება ხოლმე.

საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის ბრიუსელის ოფისის წარმომადგენელი, ენდრიუ შტრელაინი, საკუთარ პოზიციას პირდაპირ აყალიბებს:


„გულწრფელად რომ გითხრათ, ნამდვილი სკანდალი და დიდი სირცხვილია ის, რომ ბაროზუმ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უარეს დიქტატორთან გადაწყვიტა შეხვედრა. ასეთ რეჟიმებთან თანამშრომლობიდან არაფერი გამოვა - ეს არც ევროპისა და არც უზბეკეთის ხალხს კარგს არაფერს მოუტანს.“

ევროკავშირის პრეზიდენტი ჰერმან ვან რუმპე, რომელიც ბრიუსელში ჩასულ სახელმწიფოთა მეთაურებს, როგორც წესი, ხვდება ხოლმე, ქარიმოვთან შეხვედრას არ გამართავს. როგორც ვან რუმპესთან დაახლოებულმა წყარომ რადიო თავისუფლებას უთხრა, ეს გადაწყვეტილება ვან რუმპეს „მორალური, პირადი შეხედულებიდან“ გამომდინარეობს.

2005 წლის მაისში უზბეკეთის ქალაქ ანდიჟანში ასობით ადამიანი დაიღუპა დემონსტრაციაზე, რომელსაც მთავრობის ჯარებმა გაუხსნეს ცეცხლი. მთავრობამ ამ ამბის საერთაშორისო გამოძიებაზე უარი თქვა, რის გამოც უზბეკეთს ევროკავშირმა სანქციები დაუწესა. სანქციებმა მოიცვა ემბარგო იარაღზე და ვიზებზე დაწესებული აკრძალვები 12 ოფიციალური პირისთვის. თუმცა 2009 წელს სანქციები მოხსნეს, როგორც იუწყებოდნენ, გერმანიის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად. გერმანია უზბეკეთის ქალაქ ტერმეზის გარკვეულ უბნებს მეზობელ ავღანეთში მყოფი თავისი ჯარების მოსამარაგებლად იყენებს.

როგორც ქარიმოვის ბრიუსელში ვიზიტამდე ევროკომისიის წარმომადგენელმა, ოლივიე ბაილიმ, განაცხადა, ევროკავშირმა გადაწყვიტა შეწყვიტოს უზბეკეთის იზოლაცია და ამის ნაცვლად ქვეყანასთან გარკვეული პირობებით ითანამშრომლოს იმ იმედით, რომ ამით იქ ადამიანის უფლებების სფეროში გარკვეულ სასიკეთო ცვლილებებს მიაღწევს.

ევროკავშირისა და უზბეკეთის ურთიერთობაში ენერგეტიკის ფაქტორიც მნიშვნელოვანია. ბრიუსელში ბევრი იმედოვნებს, რომ უზბეკეთი სულ უფრო დიდ როლს შეასრულებს ევროკავშირის ენერგეტიკული პროექტის - „ნაბუქოს“ - განხორციელებაში. ამ პროექტის მიზანი, შეგახსენებთ, აზერბაიჯანიდან და კასპიის ზღვის სხვა ქვეყნებიდან ევროპაში ბუნებრივი აირის ჩატანა იქნება, რუსეთისთვის გვერდის ავლით. თუმცა ამ ვარაუდს ზოგიერთი ანალიტიკოსი ეჭვით უყურებს.

იმის მიუხედავად, რომ უზბეკეთის გაზის რეზერვები მოცულობით აზერბაიჯანისაზე დიდია, ანალიტიკოსების ნაწილის ვარაუდით, ახლო მომავალში უზბეკეთის მხრიდან გაზის ევროპისთვის მიწოდება მოსალოდნელი არ არის. ექსპერტები მიუთითებენ, რომ რეზერვების დიდი ნაწილი ჯერ გამოუყენებელია ან ქვეყნის შიგნით მოიხმარება. შესაბამისად, მათი შეფასებით, უზბეკეთს „ნაბუქოში“ გასაშვები ბუნებრივი აირი არ ექნება.
XS
SM
MD
LG