Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა მომავალი ექიმებისა და იურისტების განათლებას გამონაკლისის სახით დააფინანსებს


საქართველოს მთავრობამ ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე ხუთი თვით ადრე სახელმწიფო გრანტის გაცემის წესი შეცვალა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წელს სამართლის, ჯანდაცვის, ბიზნესის ადმინისტრირების, ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტებზე ჩარიცხული სტუდენტები მხოლოდ 100 პროცენტიანი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში დაფინანსდებიან. რატომ შეცვალა მთავრობამ სახელმწიფო გრანტის გაცემის წესი და რას ფიქრობენ სიახლის შესახებ განათლების სფეროს სპეციალისტები?

საქართველოს მთავრობა სახელმწიფო გრანტის სახით ყოველწლიურად 11 მილიონ ლარს გასცემს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამბობს, რომ ამ თანხის დაახლოებით 85 პროცენტი საერთაშორისო სამართლის სპეციალისტების, ექიმებისა და სამართალმცოდნეების მომზადებაზე იხარჯება და ეს მაშინ, როცა მასშტაბური უმუშევრობის ფონზე სხვა პროფილის სპეციალისტების - ინჟინრებისა და ფუნდამენტურ მეცნიერებათა წარმომადგენლების - მწვავე დეფიციტია.

ყველა მშობელი ცდილობს ბავშვმა ჩააბაროს ისეთ ფაკულტეტზე, სადაც დაფინანსებასაც მიიღებს ...
დიმიტრი შაშკინმა ეს განცხადება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. თავის მხრივ, მაია მიმინოშვილმა განმარტა, რომ ყველა სხვა მიმართულებაზე შენარჩუნებული იქნება თანადაფინანსების სისტემა, ანუ, სამართლის, ჯანდაცვის, ბიზნესის ადმინისტრირების, ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტების გარდა, სახელმწიფო კვლავინდებურად გასცემს გრანტს 70, 50 და 30 პროცენტიანი დაფინანსებით. ამ სიახლეს სიფრთხილით შეხვდნენ აბიტურიენტთა მშობლები, რომლებისთვისაც შვილების არჩევანიც მნიშვნელოვანია და თანადაფინანსების მოცულობაც:

„ყველა მშობელი ცდილობს ბავშვმა ჩააბაროს ისეთ ფაკულტეტზე, სადაც დაფინანსებასაც მიიღებს, მაგრამ ახლა გონება იქით მაქვს მიმართული, თუ რომელ ტექნიკურ სპეციალობაზე ჩავაბაროთ... მაგრამ ერთი მომენტი მაინც რჩება: მისცემს თუ არა ეს ინსტიტუტი საჭირო განათლებას. არ ვიცით, რა გამოცდილება აქვს, როგორი პროფესორ-მასწავლებლები ჰყავს - ეს ყველაფერი საფიქრალია.“

რეალურად ამითი განაწყობდა თავის მოსახლეობას იმისთვის, რომ ეძებნათ ის სპეციალობები, საიდანაც დასაქმდებოდნენ. ამის მაგალითია საკომუნიკაციო სფერო ...
განათლების სფეროს სპეციალისტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სიახლეს არ ექნება ისეთი ეფექტი, როგორსაც განათლების სამინისტროს მესვეურები მოელიან. ილიას უნივესიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშია ჩამოთვლის რამდენიმე მიზეზს. პირველი: ერთი რომელიმე სპეციალობისთვის მომზადებულმა აბიტურიენტმა შესაძლოა ვერ აითვისოს თვისებრივად განსხვავებული სხვა სპეციალობა. მეორე: მაღალი ალბათობით, უმაღლესი სასწავლებლები შეცვლიან სტრატეგიას და ეგრეთ წოდებულ პრივილეგირებულ სპეციალობებს მეტ ადგილს დაუთმობენ:

„ერთი ის არის, რომ შეიძლება ვერ ისწავლოს. მეორე ის, რომ შეიძლება აზრიც არ ჰქონდეს იქ სწავლას. ვთქვათ, გორში ჩააბარა საინჟინროზე იმიტომ, რომ გორმა გახსნა საინჟინრო ფაკულტეტი, რადგანაც იციან, რომ აქედან ფული შემოვა. ანუ შეიძლება სახელმწიფომ „აიძულოს“ უნივერსიტეტი გახსნას ისეთი სპეციალობები, რომლის შესაბამისი რესურსები არ აქვთ და ისეთი პროგრამული აკრედიტაციაც არ არსებობს ამ სფეროებში, რომელიც იტყვის, აქვს თუ არა უნივერსიტეტს იმისი რესურსი, რომ გახსნას, ვთქვათ, ფიზიკის ფაკულტეტი.“

სიმონ ჯანაშიას თქმით, უფრო ეფექტიანი იქნება, თუკი საქართველოს მთავრობა მიბაძავს ევროპის ქვეყნებს და გამოაქვეყნებს სტატისტიკას იმის შესახებ, თუ რომელ სპეციალობას როგორი გასავალი აქვს შრომის ბაზარზე, რა ღირს სპეციალობის დაუფლება და როგორ ანაზღაურდება სპეციალისტის შრომა.

„რეალურად ამითი განაწყობდა თავის მოსახლეობას იმისთვის, რომ ეძებნათ ის სპეციალობები, საიდანაც დასაქმდებოდნენ. ამის მაგალითია საკომუნიკაციო სფერო. რატომაა, რომ ფიზიკაზე ცოტა მიდის და ინფორმატიკაზე ბევრი? იმიტომ, რომ დასაქმების გაცილებით მეტი საშუალებაა და სწავლაც არაა ძალიან რთული! ანუ ნაკლები ძალისხმევით შესაძლებელია მეტის მიღწევა. ამ შემთხვევაში, თუკი დიდი ძალისხმევით ცოტას მიღწევას შეძლებ, რაც უნდა ფული მისცე ადამიანს, არ წავა ამაზე“, უთხრა სიმონ ჯანაშიამ რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG