Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოქსიმორონი“ - ახალი ლიტერატურა ელექტრონულ სივრცეში


ქართულ ინტერნეტსივრცეში კიდევ ერთი ახალი ლიტერატურული ჟურნალი გამოჩნდა, რომელსაც “ოქსიმორონი” ჰქვია და ის დაინტერესებულ მკითხველს თვეში ერთხელ მისამართზე www.oxymoron.ge ექსკლუზიურ საკითხავს შესთავაზებს - პოეზია, პროზა, დრამატურგია, დებიუტი, თარგმანი, პუბლიცისტიკა, კინო და თეატრი, ფილოსოფია და ფსიქოლოგია, მითოსი. ელექტრონულ ჟურნალში ფართო საზოგადოებისათვის უცნობი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმებისა და ავტორების მიერ წაკითხული ნაწარმოებების ვიდეოვერსიების ნახვაც არის შესაძლებელი.
”ოქსიმორონის” რედაქტორი ლელა კოდალაშვილი

“ოქსიმორონი” რაღაცნაირი რთული სიტყვაა. თუ სადმე არ წააწყდი და მის მნიშვნელობას უცხო სიტყვათა ლექსიკონში არ ჩახედე ან თუ ლიტერატურა ისე ძალიან არ გიყვარს, შეიძლება არც იცოდე რას ნიშნავს და, მით უმეტეს, ვერ მიხვდე, რატომ ჰქვია ის ერთ ელექტრონულ ლიტერატურულ ჟურნალს. დაილოცოს „ვიკიპედია“, როგორც დღეს ხშირად ამბობენ, და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ განმარტება: ეს არის გონებამახვილური სისულელე, სტილისტური ხერხი, ტროპის სახე, რომელიც ურთიერთგამომრიცხავ ცნებებს ერთმანეთთან აკავშირებს, რითაც სრულიად ახალი ცნება ან წარმოდგენა - „მჭევრმეტყველური დუმილი“ ან „ცოცხალი ლეში“ - იქმნება. მოკლედ, ოქსიმორონი პარადოქსის ერთ-ერთი სახეა.

“ჩვენ რატომ გვქვია „ოქსიმორონი“? იმიტომ, რომ ჩვენც სხვადასხვა მიმდინარეობის, ჟანრის, თაობის ლიტერატურული წრეები, ავტორები გვინდა მოვაქციოთ ამ ერთ სივრცეში. არსებობს რაღაც ტენდენციები, როდესაც ამა თუ იმ გამოცემაში ერთი კონკრეტული წრის წარმომადგენლებს ბეჭდავენ. სხვაგან სხვა წრეა პრიორიტეტული. ჩვენ გვინდა ასეთი წრეების, ცნობადობის და ე.წ. ”ტუსოვკების” მიხედვით კი არ ავირჩიოთ ავტორი, არამედ ხარისხის ნიშნით, რომ მთლიანობაში ამან შექმნას ახალი ოქსიმორონული ტანდემი თუ სტილი თუ ნიჭიერთა თანამეგობრობა...”, - გვითხრა ჟურნალ „ოქსიმორონის" რედაქტორმა ლელა კოდალაშვილმა.
ვიდეოჩანაწერები გვაქვს ექსკლუზიურად ჩვენთვის, სადაც ესა თუ ის ავტორი საკუთარ ლექსს თავად კითხულობს. გვაქვს ასეთი რუბრიკა - პოეტური ჰიტი...

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დღეს არაერთი ლიტერატურული გამოცემა და ლიტერატურული საგაზეთო ჩანართი არსებობს, რასაც ემატება ინტერნეტბიბლიოთეკები თუ ლიტერატურული საიტები, მაინც ძალიან ხშირად გაიგონებთ ფრაზას: რა გახდა ერთი კარგი ლიტერატურული ჟურნალის გაკეთება! ეს ფრაზა „ოქსიმორონის“ რედაქტორსაც ხშირად სმენია, თავადაც ხშირად უთქვამს... ბოლოს კი გადაწყვიტა, რომ ჩივილს სჯობდა თავად ეცადა რაღაც საინტერესოს და სხვისგან განსხვავებულის გაკეთება:

”ვიდეოჩანაწერები გვაქვს ექსკლუზიურად ჩვენთვის, სადაც ესა თუ ის ავტორი საკუთარ ლექსს თავად კითხულობს. გვაქვს ასეთი რუბრიკა - პოეტური ჰიტი. მაგალითად, ჟურნალის პირველ ნომერში ზვიად რატიანი და გივი ალხაზიშვილი თავის ერთ ცნობილ ლექსს გვიკითხავენ. გვაქვს საშუალება, რომ პატარა ფილმები ვაჩვენოთ, კინოსა და თეატრსაც ვეხმაურებით. აი, მაგალითად, ჩვენთან არ არის კინოსცენარების ბეჭდვის ტრადიცია და გვინდა, რომ ვბეჭდოთ ასეთი კინოსცენარები”.
მე არ მიყვარს მსახიობების წაკითხული ლექსები, ყოველთვის მირჩევნია პოეტმა წაიკითხოს ისე, როგორც ის კითხულობს. ამის მოსმენას არაფერი სჯობს...

„ოქსიმორონის“ პირველ ნომერში, როგორც ლელამაც თქვა, პოეტისა და მთარგმნელის გიორგი ლობჟანიძის ლექსებს ვიდეოც ახლავს, რომელშიც ის თავად კითხულობს საკუთარ ლექსს. ანუ კითხვის პარალელურად, უსმენ და ხედავ კიდეც ავტორს, მისი კითხვის მანერას. შესაძლოა ამ ავტორზე შენი წარმოდგენა საერთოდ არ დაემთხვეს რეალობას და დიდი მოულოდნელობა იყოს, პირიქითაც შესაძლებელია მოხდეს. ყველა შემთხვევაში საინტერესოა.

”მართლა ძალიან მნიშვნელოვანია როგორ კითხულობს ავტორი. მე ის თაობა ვარ, რომელსაც წიგნს ვერაფერი შეუცვლის და მასთან ურთიერთობა ყველაფერს ურჩევნია, მაგრამ მახსოვს, რომ ვერაფრით ვერ მივედი, ვთქვათ, ლია სტურუას პოეზიასთან, როცა მე პატარა ვიყავი. ერთ მშვენიერ დღეს კი ტელევიზორში ვნახე როგორ კითხულობდა ის თავის ლექსებს და ისე მოვინუსხე, რომ მერე უკვე თავისით გაიხსნა ჩემში ამ პოეზიის ნაკადი და ამ პოეზიასთან მისასვლელი გზა. და შესაძლოა, ბევრი მკითხველისთვის აღმოჩნდეს ასე, რომ ვიზუალურად ვერ დაამყაროს კონტაქტი პოეზიასთან, მაგრამ დაეხმაროს ავტორის ხმა. მე არ მიყვარს მსახიობების წაკითხული ლექსები, ყოველთვის მირჩევნია პოეტმა წაიკითხოს ისე, როგორც ის კითხულობს. ამის მოსმენას არაფერი სჯობს” - ამბობს გიორგი ლობჟანიძე.
”ოქსიმორონის” პრეზენტაცია

პირველ ნომერში მოხვდა ასევე პოეტის და ჟურნალისტის ბელა ჩეკურიშვილის კრიტიკული წერილი დავით ჩიხლაძის რომანზე. ბელას ლექსებს დღეს თითქმის ყველა გამოცემაში წააწყდებით. ამბობს, რომ ლიტერატურა ბოლო დროს მოდური გახდა:

”აშკარაა, რომ ლიტერატურული პერიოდიკა მომრავლდა. გამომცემლობებმაც კომერციალიზაცია მოახდინეს თითქოს, ყოველ მეორე ჟურნალს წიგნი მოჰყვება, არაერთი ლიტერატურული ჩანართი გაჩნდა გაზეთებში, ამას დაემატა უკვე ელექტრონული ჟურნალებიც. რაც ბევრი, უკეთესი, თუმცა ერთი პრობლემის წინაშე მაინც მგონია, რომ ყველა დადგება: ამდენი კარგი ავტორი სად უნდა იპოვონ? ან ყველა ავტორს ყველა პუბლიკაცია კარგი აქვს? ”
მე მახსოვს ის წინა თვეები, როცა „ოქსიმორონის“ რედაქტორი ხარისხიან ლიტერატურას ეძებდა და ასე ადვილად ვერ იპოვა, ასე არ ელაგა...

ისე, დასაფიქრებელი კითხვაა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ბოლო დროს ლიტერატურული გამოცემები სულ უფრო მკაცრად სთხოვენ ავტორებს დაუბეჭდავ, ექსკლუზიურ მასალას.

”მე მახსოვს ის წინა თვეები, როცა „ოქსიმორონის“ რედაქტორი ხარისხიან ლიტერატურას ეძებდა და ასე ადვილად ვერ იპოვა, ასე არ ელაგა”, - ამბობს ბელა ჩეკურიშვილი...

თუმცა „ოქსიმორონის“ რედაქტორს იმედი აქვს, რომ თვეში ერთხელ გამოუქვეყნებელი და თან ხარისხიანი მასალის მოძიება არ გაუჭირდება. მათთვის კი, ვისაც წერაც უყვარს და კითხვა - მით უფრო, უკვე არსებობს ჟურნალი „ოქსიმორონი“, რომლის გარეკანის მხატვრობაც თამარ კვესიტაძეს ეკუთვნის. ასე რომ, ნუ გადადებთ, აკრიფეთ www.oxymoron.ge.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG