Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორუფცია სოფლის მეურნეობაში


შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მთავარმა პროკურატურამ კორუფციის ბრალდებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხრა თანამშრომელი დააკავა. ოფიციალური ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის სამმართველოს უფროსსა და სხვა თანამდებობის პირებს ბრალი ედებათ თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასა და ქრთამის მრავალჯერად აღებაში.
მთლიანობაში, ქრთამის სახით აღებულმა თანხამ 310 ათასი ლარი შეადგინა...

„შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა საქართველოს სამელიორაციო სისტემის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვისა და განკარგვის კანონიერების შესწავლისას არაერთი დარღვევა გამოავლინეს“, - განაცხადა 9 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე მთავარი პროკურორის მოადგილემ დავით საყვარელიძემ. მისი თქმით, დაკავებულ მოხელეებს ქრთამის აღებაში ედებათ ბრალი:

„აღნიშნული პირები იყენებდნენ თანამდებობრივ უფლებამოსილებას ბოროტად და აიძულებდნენ მეწარმეებს მათთვის ქრთამის არაერთგზის გადახდას. ქრთამს ითხოვდნენ რეგისტრაციის პროცედურების, სამსახურებრივი მფარველობის და სხვა ქმედების განხორციელების სანაცვლოდ. მთლიანობაში, ქრთამის სახით აღებულმა თანხამ 310 ათასი ლარი შეადგინა“.
საშუალო და დაბალ დონეზე კორუფციის ხარისხი არის დაბალი და ეს უდავოდ პოზიტივად შეიძლება ჩაითვალოს...

ბრიფინგის პარალელურად მთავარმა პროკურატურამ სამელიორაციო ასოციაციების ხელმძღვანელთა ჩვენებებიც გაავრცელა. მეჰტი ყურბანოვამ, სამელიორაციო ასოციაცია „ორჰანის“ ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ 200 ლარისა და 100 დოლარის ოდენობის ქრთამი გადაიხადა.

გამოძიების ინფორმაციით, ქრთამის მოცულობას განსაზღვრავდა ის, თუ რა ფართობის მორწყვას ითხოვდა ესა თუ ის სამელიორაციო ასოციაცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის იოსებ თოფურიძის თქმით, ქრთამის მიცემისა და აღების ფაქტზე დაკავებულია ასოციაციის ოთხი ხელმძღვანელი და მელიორაციის სამმართველოს უფროსი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლების დაკავების ფაქტზე კომენტარი გააკეთა სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრმა. ბაკურ კვეზერელს გამოძიების კომპეტენტურობაში ეჭვი არ ეპარება.
კორუფციას აქვს ძალიან ბევრი გამოვლინება: არაეფექტიანი ხარჯვა, კარტელური შეთანხმებები, პოლიტიკური კომპონენტი ფასწარმოქმნაში და ა.შ...

სულ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, ეკონომიკურ დანაშაულზე მთლიანი დანაშაულის 7,6 პროცენტი მოდის. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში კი ამ ტიპის 2 ათასზე მეტი დანაშაული აღირიცხა. ამ და სხვა მონაცემებზე დაყრდნობით, ეკონომიკის ექსპერტები შენიშნავენ, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები ეფექტიანად ებრძვიან კორუფციასა და თანამდებობრივ დანაშაულს, თუმცა, როგორც გია ხუხაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, თვალშისაცემია საკმაოდ უსიამოვნო ტენდენცია:
ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი

„საშუალო და დაბალ დონეზე კორუფციის ხარისხი არის დაბალი და ეს უდავოდ პოზიტივად შეიძლება ჩაითვალოს. სხვა საკითხია, რომ კორუფციის ერთადერთი სახე არ გახლავთ ნაღდი ფულის ხელში მიცემა უბრალო ინსპექტორის დონეზე. კორუფციას აქვს ძალიან ბევრი გამოვლინება: არაეფექტიანი ხარჯვა, კარტელური შეთანხმებები, პოლიტიკური კომპონენტი ფასწარმოქმნაში, გაუმჭვირვალე ერთ პირთან წარმოებული ტენდერები და ა.შ... ანუ ეგრეთ წოდებული ელიტური კორუფცია, სამწუხაროდ, გახდა მასშტაბური პრობლემა ქვეყნისათვის“.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG