Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WWF საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციამ შეაშფოთა


საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციის გამო, დღეს განცხადება გაავრცელა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისმა. მისი შეფასებით, საქართველოში გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმება, თუ დასუსტება ეწინააღმდეგება ამ სფეროში არსებულ საერთაშორისო პოლიტიკას, რომელიც გლობალური გამოწვევების ფონზე ქვეყნებისგან ამ სექტორის გაძლიერებას მოითხოვს. ორგანიზაციის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს რეორგანიზაციის ის პუნქტები, რომელთა თანახმად, ბუნებრივი რესურსების შემადგენელი სატყეო სექტორი ენერგეტიკის, ხოლო დაცული ტერიტორიების სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს უნდა დაექვემდებარონ. "სატყეო სექტორის გარემოს დაცვის სექტორიდან გამოყოფის მიზნობრივი აუცილებლობა საეჭვოა და მსგავს გადაწყვეტილებას შესაძლოა მოჰყვეს მკვეთრად უარყოფითი შედეგები, რაც აისახება არა მხოლოდ გარემოს სიჯანსაღეზე, არამედ ქვეყნის ეკონომიკაზეც“, - აცხადებს WWF-ის კავკასიის ოფისი და განსაკუთრებულად აღნიშნავს, რომ ტყეს უპირველესად, ეკოლოგიური მნიშვნელობა აქვს.
XS
SM
MD
LG