Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაელ ღონიმი - ეგვიპტის სახალხო ამბოხების სიმბოლო


„გუგლის“ თანამშრომელი ვაელ ღონიმი
„გუგლის“ თანამშრომელი ვაელ ღონიმი
პარასკევს, 11 თებერვალს, ეგვიპტეში 18 დღის განმავლობაში მიმდინარე მასობრივი პროდემოკრატიული დემონსტრაციების მონაწილეებმა სასურველ მიზანს მიაღწიეს - პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი თანამდებობიდან გადადგა.
პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა გადაწყვეტილება მიიღო და პრეზიდენტის უფლებამოსილება დათმო. სახელმწიფო საქმეების კონტროლი მან შეიარაღებული ძალების უზენაეს საბჭოს გადააბარა...

ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო ტელევიზიის მეშვეობით ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა, ომარ სულემანმა გააკეთა და დასძინა, რომ ახლა ეგვიპტეს სამხედრო ხელმძღვანელობა ჰყავს:

„ჩემო თანამოქალაქენო. ჩვენი ქვეყნისთვის ამ რთულ დღეებში პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა გადაწყვეტილება მიიღო და პრეზიდენტის უფლებამოსილება დათმო. სახელმწიფო საქმეების კონტროლი მან შეიარაღებული ძალების უზენაეს საბჭოს გადააბარა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“.

ამ განცხადების გავრცელებისთანავე კაიროს ტაჰრირის მოედანზე შეკრებილი ათიათასობით დემონსტრანტი ძლიერმა სასიხარულო ემოციებმა მოიცვა. ისინი ერთმანეთს ეხვეოდნენ, ტიროდნენ, ცეკვავდნენ, ეგვიპტის დროშებს აფრიალებდნენ და სკანდირებდნენ, „რეჟიმი ხალხმა დაამხოო“.

და მართლაც, ეგვიპტის საპროტესტო მოძრაობას არ ჰყოლია ერთი, გამოკვეთილი ლიდერი, პოლიტიკოსის თუ ოპოზიციური პოლიტიკური ძალის სახით. საპროტესტო მოძრაობის ძირითადი წარმმართველი ძალა სწორედ ხალხის უკმაყოფილება იყო - ქვეყანაში გამეფებული სოციალური უსამართლობით, ათწლეულების მანძილზე ადამიანის და სამოქალაქო უფლებების უგულებელყოფით გამოწვეული ბრაზი.
ეგვიპტელები მუბარაქის წასვლას ზეიმობენ

თუმცა ლიდერი არა, მაგრამ, ბევრის აზრით, ერთგვარი „სახე“ თუ სიმბოლო საპროტესტო მოძრაობამ მაინც შეიძინა, კომპანია „გუგლის“ თანამშრომლის, 30 წლის ვაელ ღონიმის ფიგურით. ყოველ შემთხვევაში, მისმა ციხიდან გამოსვლამ საპროტესტო ტალღას მნიშვნელოვანი ენერგია და დინამიკა შემატა.

ღონიმი 12 დღის განმავალობაში ჰყავდათ დაპატიმრებული, იმის მიუხედავად, რომ „გუგლი“ მისი გათავისუფლებისთვის აქტიურად მუშაობდა. მას ბრალად საპროტესტო აქციებისთვის ხელის შეწყობა ედებოდა.

ღონიმი 28 იანვარს დააპატიმრეს. მისი გაუჩინარების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად ბევრმა შეიტყო, რომ სწორედ ღონიმი იყო ანონიმი ადმინისტრატორი ფეისბუქში შექმნილი ჯგუფისა, სახელწოდებით „ჩვენ ყველანი ხალედ საიდები ვართ“. ხალედ საიდი 28 წლის კაცი იყო, რომელიც ეგვიპტის პოლიციამ ცემით მოკლა. ამ ამბავმა ჰოსნი მუბარაქის მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო მუხტის კატალიზატორის ფუნქცია შეასრულა, რაც ბოლოს მასობრივ აქციებში გადაიზარდა.
მე გმირი არ ვარ. მე 12 დღის განმავლობაში მეძინა. გმირები ისინი არიან, ვინც ქუჩაში იყო, დემონსტრაციებში მონაწილეობდა, ამ საქმეს თავისი სიცოცხლე შესწირა - ვისაც სცემეს, დააპატიმრეს და საფრთხეში ჩააგდეს...

7 თებერვალს, ციხიდან გამოსვლისთანავე, ღონიმი საპროტესტო ტალღის სიმბოლოდ იქცა. აქციების ბევრმა მონაწილემ ტელევიზიით ნახა, როგორ ტიროდა ღონიმი დემონსტრაციების დროს დაღუპული ადამიანების ფოტოების თვალიერებისას. შეგახსენებთ, რომ აქციების დაწყების დღიდან, 25 იანვრიდან, დემონსტრანტებსა და მთავრობის ძალებს შორის შეტაკებებს 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ეგვიპტელებმა ღონიმის განცხადებაც მოისმინეს:

„მე გმირი არ ვარ. მე 12 დღის განმავლობაში მეძინა. გმირები ისინი არიან, ვინც ქუჩაში იყო, დემონსტრაციებში მონაწილეობდა, ამ საქმეს თავისი სიცოცხლე შესწირა - ვისაც სცემეს, დააპატიმრეს და საფრთხეში ჩააგდეს“.

8 თებერვალს ღონიმმა საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს მოკლე, მაგრამ ემოციური სიტყვით მიმართა, ახლა ინდივიდების და პარტიების დრო არ არის, ახლა ყველამ ერთად უნდა ვთქვათ: „ეგვიპტე, უპირველეს ყოვლისაო“.

სააგენტო „ასოშიეიტიდ-პრესის“ ცნობით, დაახლოებით 130 000 ადამიანია გაწევრიანებული ჯგუფში, რომელიც ვაელ ღონიმს ეგვიპტელი რევოლუციონერების სახელით ლაპარაკის უფლებას ანიჭებს.

თუმცა ის, თუ თავად ღონიმი რამდენად აღიქვამს თავს ლიდერად, ძნელი სათქმელია. ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის ვებსაიტ ტვიტერზე ღონიმი საკუთარ თავს აღწერს პიროვნებად, რომელიც „მუდმივად იცვლება, სერიოზული ხუმარაა, ინტერნეტზეა მიჯაჭვული და გაბატონებული სტატუს კვოს შერყევა უყვარს“. გუგლის ყურადღება ღონიმმა 2005 წელს მიიპყრო, როცა დააარსა ვებსაიტი mubasher.info, რომელიც სულ მალე ახლო აღმოსავლეთში წამყვანი ფინანსური პორტალი გახდა და ახლა მას მილიონობით რეგიონალური ინვესტორი იყენებს.
ის გენიოსია. ძალიან ჭკვიანია. ბევრს მუშაობს. ძალიან უყვარს ინტერნეტი, აქტიური ტიპია. იდეებით აღსავსეა. თან მორცხვია და თბილი. მოკლედ, ძალიან კარგი ბიჭია...

იორდანიაში დაფუძნებული, არაბულენოვანი ვებსაიტის - ArabCrunch-ის - ადმინისტრატორი, გაიტ საყერი, ღონიმთან უკვე რამდენიმე წელიწადია მეგობრობს და მას ასე ახასიათებს:

„ის გენიოსია. ძალიან ჭკვიანია. ბევრს მუშაობს. ძალიან უყვარს ინტერნეტი, აქტიური ტიპია. იდეებით აღსავსეა. თან მორცხვია და თბილი. მოკლედ, ძალიან კარგი ბიჭია“.

ახლა კი ღონიმი ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკური აქტივისტია. თუმცა, ცხადია, ჯერჯერობით შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რა გზას აირჩევს ღონიმი ახლა, როცა უპრეცედენტო მასობრივმა საპროტესტო აქციებმა სასურველ მიზანს მიაღწია და პარასკევს 82 წლის მუბარაქის გადადგომა მოიტანა. ეგვიპტეს წინ რთული და წინააღმდეგობებით სავსე დღეები ელის. თუმცა ერთი რამ უკვე ცხადია: მოძრაობამ, რომელსაც ღონიმმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი, ხალხის ძალაუფლებას მორიგი ისტორიული გამარჯვება მოუტანა და, ამასთან, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის ეფექტიანი და უპრეცედენტო შესაძლებლობები, რომელიც სახალხო მოძრაობებს თანამედროვე საინფორმაციო ეპოქამ შესძინა.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG