Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინფლაციისა და უსაფრთხოების ახალ კონცეფციაზე მუშაობის კვირა


გასული კვირის განმავლობაში კვლავინდებურად მნიშვნელოვანი იყო ინფლაციის თემა. რადიო თავისუფლების მიერ მომზადებული რამდენიმე სიუჟეტიდანაც ჩანდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რაც საქართველოში აწუხებთ, პროდუქტების გაძვირებაა.

განიხილავდნენ იმ ნაბიჯებსაც, რომლებსაც, საქართველოს ხელისუფლების მტკიცებით, უნდა შეემსუბუქებინა მოსახლეობის მდგომარეობა. მათ შორის გახლდათ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა მორიგი - ამჯერად სასურსათო - ვაუჩერების დარიგების შესახებ. რამდენად ეფექტიანი იქნება მსგავსი დახმარება, ამას მოსახლეობასთან ერთად ექსპერტებიც განიხილავდნენ. ექსპერტების დიდ ნაწილს ეჭვი შეაქვს ვაუჩერების საყოველთაოდ დარიგების მიზანშეწონილობაში. ეკონომიკის ექსპერტმა, ნოდარ ხადურმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები შეიძლებოდა გაცილებით ლოგიკურად დახარჯულიყო.

ინფლაციაზე კონტროლის შენარჩუნების მიზნით კი, ეროვნულმა ბანკმა კვირის ბოლოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.5%–დან 8%–მდე გაზარდა. ეროვნული ბანკის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ორიოდე დღით ადრე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ ყველაფერი კეთდება ინფლაციის ერთნიშნა ნიშნულზე დასაბრუნებლად.

თუმცა ეკონომიკის ექსპერტები ეროვნულ ბანკსა და ხელისუფლებას უფრო მეტად რადიკალური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, ინფლაციის მოსათოკად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარებაა საჭირო.

გასული კვირის განმავლობაში ასევე გრძელდებოდა მუშაობა საქართველოს უსაფრთხოების ახალ კონცეფციაზე. კონცეფციის 40 გვერდზე გაწერილ საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს შორის, რომლებიც, პროექტის ავტორთა აზრით, ამ ეტაპზე საქართველოს წინაშე დგას, უპირველესია: რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ახალი სამხედრო აგრესიების რისკი, კავკასიაში არსებული კონფლიქტების გადმოდინება, საერთაშორისო ტერორიზმი, ეკონომიკური და სოციალური, დემოგრაფიული გამოწვევები.

კვირის დასაწყისში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ოპოზიციურ პარტიებსაც შესთავაზა ჩართულიყვნენ კონცეფციის განხილვაში. თავიდან ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ერთობლივად განხილვის იდეა მოიწონა, თუმცა, საბოლოოდ, განხილვის მთავრობის მიერ შეთავაზებულ ფორმაზე არ დათანხმებულან.

კვირის ბოლოსკენ, 17 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტერორისტული აფეთქებების შესრულებაში დადანაშაულებული კიდევ სამი პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის აღმოჩნდა აქამდე ძებნილი მერაბ ყოლბაიაც (მეტსახელად ”კოჭო”), რომელიც, სამართალდამცველების ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთს აფარებდა თავს. გამოჩნდა ამ საქმის დამატებითი დეტალებიც, რომელთა შესახებაც რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა უთხრა:

დაბოლოს, გასული კვირის განმავლობაში ერთ-ერთი აქტუალური თემა ამინდიც გახლდათ. თოვლის გამო რამდენჯერმე დაიკეტა და გაიხსნა საავტომობილო გზები ახალქალაქისა და გუდაურის მიმართულებით. თოვლმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა კახეთს, სადაც ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ასზე მეტ სოფელს. დაწყდა ელექტროენერგიის გადამცემი და სატელეფონო ხაზები. უდენობამ კი პურის საცხობების მუშაობა შეაფერხა და კახეთის მაღაზიებში პურის დეფიციტი გაჩნდა. თოვდა თითქმის მთელ საქართველოში, თბილისის გარდა. თუმცა შაბათ საღამოს თოვლი თბილისშიც წამოვიდა. გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, თოვა საქართველოში მომავალ კვირაშიც გაგრძელდება.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG