Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობის აღწერა მიმდინარეობს


გალი
გალი
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარეობს მოსახლეობის აღწერა, რომელიც 28 თებერვალს დასრულდება. დე ფაქტო რესპუბლიკის სტატისტიკის სამმართველოს განცხადებით, აღწერის შედეგად გაირკვევა აფხაზეთში მცხოვრებთა რაოდენობა და ეროვნება, დემოგრაფიული მდგომარეობა, დასაქმების და განათლების დონე და მოსახლეობის შემოსავლის წყაროები.

აღწერის პროცესში, რომელსაც მეთვალყურეობას უწევენ რუსეთის სტატისტიკის სამსახურის თანამშრომლები, გამოკითხვას ძირითადად ადგილობრივი პედაგოგები აწარმოებენ.

დე ფაქტო რესპუბლიკის სტატისტიკის სამმართველოს უფროსმა ზოია ავიძბამ აფხაზურ და რუსულ საინფორმაციო სააგენტოებს განუმარტა, რომ სწორედ პედაგოგებს შეუძლიათ მოქალაქეებთან კორექტული ფორმით ურთიერთობა. ავიძბას ინფორმაციით, 8-დღიან სამუშაოში თითოეულ მასწავლებელს 3 ათას 600 რუსულ რუბლს გადაუხდიან.

აღწერისთვის განკუთვნილი ანკეტები, რომელშიც 16 სხვადასხვა შეკითხვაა, რუსულ ენაზეა შედგენილი. დე ფაქტო რესპუბლიკის სტატისტიკის სამმართველოს უფროსის განცხადებით, თუ რომელიმე მოქალაქეს რუსული არ ესმის, მისთვის გასაგებ ენაზე მიმართავენ, პასუხებს კი რუსულად გადათარგმნიან.

ვითარებაში გასარკვევად რადიო თავისუფლება გალის რაიონის სოფლის მოსახლეობას დაუკავშირდა. ოტობაიელი ქალბატონი იტყობინება, რომ მოსახლეობის აღწერაში ჩართულია ერთი მასწავლებელი, რომელიც სამსახურიდან დროებით გაათავისუფლეს.

„ჩვენთან უკვე მიმდინარეობს აღწერა. განსაკუთრებულს არაფერს ითხოვენ. დადიან კარდაკარ და ავსებენ ანკეტებს. ვფიქრობ, პრობლემები შეექმნებათ იმ ადამიანებს, რომლებიც აღწერის პერიოდში არ იქნებიან სოფელში“, - ამბობს მეორე ოტობაიის მკვიდრი.

პირველი და მეორე ოტობაიისგან განსხვავებით, მოსახლეობის აღწერაზე არაფერი სმენიათ ოკუპირებულ საბერიოში. რადიო თავისუფლების რესპონდენტის ინფომაციით, ამ მიზნით მათთან ჯერჯერობით არავინ მისულა.

სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თორნიკე კილანავა ფიქრობს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება შეეცდება უარი ათქმევინოს საკუთარ ქონებაზე იმ ხალხს, რომელიც აღწერის მიმდინარეობისას ოკუპირებულ რეგიონში არ იქნება.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სტატისტიკის სამმართველოს უფროსი ზოია ავიძბა ირწმუნება, რომ აფხაზეთში 2003 წელს ჩატარებული აღრიცხვის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, რადგან ბევრი ადამიანი, რომელიც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო იძულებული იყო უცხოეთში ემუშავა, 2008 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. 2003 წელს ჩატარებული აღრიცხვის თანახმად, აფხაზეთში 21 ათას 572 ადამიანი ცხოვრობდა.
XS
SM
MD
LG