Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა, 1 მარტი 2011


„ვედომოსტი“ აქვეყნებს „ვოლ სტრით ჯორნალის“ ფინანსური ჟურნალისტის ალენ მატიჩის მიერ შექმნილ რეიტინგებს ქვეყნებისა, რომლებიც ყველაზე მეტად არიან პროტესტისკენ მიდრეკილნი პარამეტრებად აღებულია მსოფლიო დიდი ორგანიზაციების - მაგალითად, „ტრანსპარანსი ინტერნეიშენალის“ ან გაეროს მონაცემები. პროტესტისკენ მიდრეკილება კი სამი პარამეტრით განისაზღვრება: პირველი - სოციალური უსამართლობის ხარისხი, მეორე -მოსახლეობის მიდრეკილება სამოქალაქო წინააღმდეგობისაკენ და მესამე -მოსახლეობის მასობრივი მზაობა ქუჩაში გამოსასვლელად.

სოციალური უსამართლობა თავისთავად სამი კრიტერიუმით იზომება. პირველ კრიტერიუმად აღებულია კორუფციის დონე, „ტრანსპარანსი ინტერნეიშენალის“ მონაცემებზე დაყრდნობით. მეორე კრიტერიუმისათვის მონაცემი გაეროს სტატისტიკიდან არის აღებული, სტატისტიკიდან, რომელიც ითვლის, როგორ პირობებს სთავაზობს სახელმწიფო ქვეყანაში თითოეულ მოქალაქეს ინდივიდუალური განვითარებისთვის. მესამე კრიტერიუმია ეგრეთ წოდებული ჯინის კოეფიციენტი, რომელიც ითვლის ფენობრივ დანაწევრებას საზოგადოებაში, ანუ რაც უფრო მაღალია ეს კოეფიციენტი, მით უფრო მეტია განსხვავება ღარიბსა და მდიდარს შორის ქვეყანაში.

ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებისკენ მიდრეკილება განისაზღვრება უმუშევრობის დონისა და ახალგაზრდობის პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით. რაც უფრო მაღალია ეს პარამეტრები, მით უფრო მაღალია წინააღმდეგობის მუხტი. როგორც „ვედომოსტი“ წერს: ”ავტორი ეყრდნობოდა თეორიას, რომ ახალგაზრდები და უმუშევარი ადამიანები ყოველთვის მეტად არიან მიდრეკილნი ბუნტისკენ[…], რადგან მათ დასაკარგი ნაკლები აქვთ…”

დაბოლოს, ადამიანთა მზაობა საპროტესტო მასობრივ აქციებში ჩასაბმელად განისაზღვრება იმით, თუ როგორია, სტატისტიკის მიხედვით, პროცენტული მაჩვენებელი სამომხმარებლო კალათისა მთლიანი შემოსავლის წილში.

” აქ ავტორი გამოდიოდა იმ დასკვნიდან, რომ შიმშილი ისტორიულად ყოველთვის ქმნიდა აჯანყებისა და ბუნტისკენ მიდრეკილებას”, წერს „ვედომოსტი“.

ზევით ჩამოთვლილი პარამეტრების მიხედვით, პირველ ათ ადგილს ინაწილებენ აფრიკის ქვეყნები, მეათე ადგილზეა აზერბაიჯანი. მეორე ათეულში ხვდება საქართველო მეთვრამეტე პოზიციით, ბოლო ათეულში -განვითარებული ქვეყნები. მაგალითად, ყველაზე ნაკლებად პროტესტისკენ მიდრეკილი არის შვეცია, ავსტრია და კანადა. რუსეთი მეორმოცე ადგილს იკავებს. ამერიკის შეერთებული შტატები სამოცდამეათეს.

ერთ-ერთ მიმოხილვაში ჩვენ ვსაუბრობდით ვლადიმირ პუტინის ერთ მილიარდდოლარიანი საზაფხულო სასახლის შესახებ, რომელიც „ვიკილიქსის“ რუსული ანალოგის, „რულ ლიკსის“ საიტზე გამოქვეყნდა. მას შემდეგ, რაც სტატია „ნოვაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციას საჯაროდ უარი განუცხადებია ყოველგვარ კავშირზე ამ მშენებლობასთან. ამჯერად „რულ ლიქსი“ და, მის კვალზე, „ნოვაია გაზეტა“ პრემიერის ახლა უკვე ზამთრის სამთო-სათხილამურო სასახლის ფოტოსურათებს აქვეყნებს - როგორც ექსტერიერს, ასევე ინტერიერს.

დაბოლოს, „იზვესტია“ წერს საქართველოში უსაფრთხოების კონცეფციის მიღების პროცესზე. როგორც „იზვესტიას“ ჟურნალისტი კირილ კოლოდკინი ამბობს, პროცესის დასაწყისში ”ერთ-ერთმა - პრეზიდენტ სააკაშვილისადმი ლოიალურად განწყობილმა - ოპოზიციურმა დეპუტატმა, პაატა დავითაიამ, განაცხადა, რომ ‘აუცილებელია პირდაპირ ჩაიწეროს, რომ რუსეთი საქართველოს მტერია’ ”.

სტატიის მიხედვით, მოგვიანებით დავითაიას აზრი შეუცვლია და არც მსგავსი რამ გაწერილაო კონცეფციაში, წერს კოლოდკინი. ავტორის თქმით, მთავარი ფაქტორი კონცეფციის მიღებისა ყოფილა ოკუპაციის ფაქტის დაფიქსირება იურიდიულ დოკუმენტში.
XS
SM
MD
LG