Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WTO-ში საქართველოს გვერდის ავლით?


რუსეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშეც მიიღებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც აცხადებენ, რომ საქართველოს მხარდაჭერის გარეშე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თეორიული შესაძლებლობა მართლაც არსებობს. რამდენად მაღალია მოვლენების ასეთი სცენარით განვითარების ალბათობა და რა შემთხვევაში შეიძლება არ გაითვალისწინოს საქართველოს პოზიცია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის უმაღლესმა ორგანომ?
რუსეთი არც საქართველოს მიერ წამოყენებული პირობების დაკმაყოფილებას აპირებს და არც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების იმედს კარგავს. ასეთი დასკვნის საფუძველს იძლევა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის 13 მარტის განცხადება:
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

„თუ ჩვენი ქართველი მეზობლები წამოსწევენ ისეთ თემას, როგორიცაა, მათი სიტყვებით რომ ვთქვათ, საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის აღდგენა სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის, აფხაზეთისა და რუსეთის საზღვრებზე, მაშინ ვიტყვით, რომ ამას საერთო არაფერი აქვს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და ეს გზა უპერსპექტივოა. და თუ ჩვენი ქართველი კოლეგები ჯიუტად დაიცავენ ამ პოლიტიზებულ პოზიციას, მაშინ მოგვიწევს საკითხის მათი მონაწილეობის გარეშე გადაწყვეტა, რისი შესაძლებლობაც არსებობს.“

საქართველოს გვერდის ავლით, ანუ ოფიციალური თბილისის თანხმობის გარეშე, რუსეთის WTO-ში მიღების თეორიული შანსი მართლაც არსებობს და ამის შესახებ საქართველოს მთავრობაშიც უწყიან, თუმცა პრემიერ-მინისტრის პერსსამსახურის უფროსი ნიკო მჭედლიშვილი ყურადღებას ამახვილებს ორგანიზაციის განსხვავებულ პრაქტიკულ გამოცდილებაზე. მისი თქმით, ორგანიზაციაში, რომელიც 153 წევრს ითვლის, არც ერთი ქვეყანა არ მიუღიათ ისე, როგორც ეს ლავროვს წარმოუდგენია, ანუ საყოველთაო კონსენსუსის გარეშე.
ეს იქნება ძალზე იშვიათი და უცნაური გამონაკლისი, რომელიც საჭიროებს ყველა წევრის თანხმობას ძირითადი პრინციპის დარღვევაზე...

საქართველოს მთავრობის მსგავსად, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მიღების აპრობირებული წესის რადიკალურ შეცვლას არც საგარეო საქმეთა სამინისტროში მოელიან.

„ძალიან გამიკვირდება, რომ ასეთი პრეცედენტის დაშვება მოინდომოს სავაჭრო ორგანიზაციამ. ეს იქნება ძალზე იშვიათი და უცნაური გამონაკლისი, რომელიც საჭიროებს ყველა წევრის თანხმობას ძირითადი პრინციპის დარღვევაზე“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესდება მართლაც ითვალისწინებს, გამონაკლისის სახით, საყოველთაო კონსენსუსის გარეშე ახალი წევრის მიღებას. სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის, კახა გოგოლაშვილის თქმით, გადაწყვეტილებას იღებს ორგანიზაციის უმაღლესი ორგანო - მინისტრთა კონფერენცია გენერალური სამდივნოს წარდგინებით:

„შვეიცარიის მეთაურობით შექმნილ ჯგუფს, რომელიც მუშაობს რუსეთის გაწევრიანების საკითხზე, აქვს იმის უფლებამოსილება, რომ ჩათვალოს საქართველოს ის მოთხოვნები, რომლებიც შეესაბამებოდა WTO-ს წესებსა და მოთხოვნებს, თითქოსდა რუსეთს დაკმაყოფილებული აქვს ან ამის იქით შეუძლებელია, რომ რუსეთმა დამატებით შემხვედრი ნაბიჯი გადადგას და შეიტანოს რეკომენდაცია გენერალურ სამდივნოში, რათა რუსეთის საკითხი განიხილონ მინისტრების კონფერენციაზე. კონფერენციაზე კი საკითხი ხმათა ორი მესამედით წყდება.“
პირველ რიგში, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებით მოგვეცემა უფლება, გავლენა ვიქონიოთ საერთაშორისო ვაჭრობის წესებზე...

თუმცა შვეიცარიის მეთაურობით მიმდინარე მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის ჯერ არ დასრულებულა. უკანასკნელად ჯგუფი ბერნში 9 მარტს შეიკრიბა. მართალია, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, მაგრამ მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ პოზიციების შეჯერებას ერთი თვის თავზე დაგეგმილ შეხვედრაზე შეძლებენ. ამასთან, ეკონომიკის ქართველი და რუსი ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებით ორივე ქვეყნის ეკონომიკა იხეირებს. დავიწყოთ რუსეთით. მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის პროფესორის ალექსეი პორტანსკის თქმით, რუსეთის WTO-ში გაწევრიანებით ბევრი რამ შეიცვლება:

„პირველ რიგში, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებით მოგვეცემა უფლება, გავლენა ვიქონიოთ საერთაშორისო ვაჭრობის წესებზე. მეორე: უფლება გვექნება დავიცვათ ჩვენი ექსპორტი და ექსპორტიორების ინტერესები გარე ბაზრებზე, რისი საშუალებაც ახლა არა გვაქვს. დაბოლოს: ჩვენ გავთავისუფლდებით მთელი რიგი დისკრიმინაციული პროცედურებისგან, რომლებიც ჩვენი ექსპორტიორებისა და მწარმოებლების მიმართ მოქმედებს.“
კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დავით ნარმანია


ცხადია, სარგებელს ნახავს საქართველოს ეკონომიკაც, რომელიც, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის დავით ნარმანიას თქმით, რუსეთის ბაზრის ჩაკეტვით მნიშვნელოვნად დაზარალდა. მისი თქმით, საქართველოსთვის კარგი იქნება ის, რომ რუსეთი იძულებული გახდება ცივილიზებული წესებით იმოქმედოს და გააუქმოს ემბარგო. თუმცა საქართველოს ხელისუფლებაში კვლავ იმეორებენ, რომ ამგვარი სარგებლის სანაცვლოდ არ აპირებენ პოზიციის შეცვლას, ანუ კვლავ მოითხოვენ სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე ლეგალური საბაჟო პუნქტების გახსნას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG