Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძემ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა სერგეი ლავროვი


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსი კოლეგა შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. გრიგოლ ვაშაძის თქმით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე გასულ კვირაში, ბერნში გამართული შეხვედრისას თბილისისა და მოსკოვის დელეგაციები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებას აპრილში განაახლებენ, თავად მოლაპარაკების მიმდინარეობის შესახებ კი, მედიასთან არ ისაუბრებენ. ”ძალიან დიდი სინანულით მინდა ვთქვა, რომ რუსული დიპლომატიის მამამთავარმა, ბატონმა ლავროვმა რამდენიმე დღის შემდეგ ერთ წინადადებაში დაარღვია ეს შეთანხმება, გამოგვიგზავნა მუქარა და წამოაყენა წინაპირობები”, - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გრიგოლ ვაშაძემ. მინისტრის ეს შეფასება მოჰყვა სერგეი ლავროვის ინტერვიუს რუსულ ”მესამე არხთან,” რომელსაც მან განუცხადა, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება რუსეთს საქართველოს თანხმობის გარეშეც შეუძლია. დღეს ვაშაძემ განმარტა, რომ ლავროვის ამ განცხადების შინაარსის კომენტირებას პრინციპულად არ აპირებს, რადგან საქართველო რუსეთისგან განსხვავებით შეთანხმებებს იცავს.
XS
SM
MD
LG