Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ნაბიჯს გადადგამს ოსამა ბინ ლადენის მოკვლის შემდეგ ვაშინგტონი?


ვაშინგტონში სჯა-ბაასი მიმდინარეობს იმაზე, თუ როგორ მოექცნენ, საიდან მიუდგნენ ოსამა ბინ ლადენის ყველაზე ცნობილ მოკავშირეს, თალიბანის ლიდერ მოლა ომარს. ერთნი მოლაპარაკების მაგიდასთან თალიბანის დასმაში ხედავენ გამოსავალს, სხვები - მისი ლიდერების მიმართ სამხედრო ოპერაციებში.

აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების სამსახურების კომიტეტის თავმჯდომარეა მიჩიგანელი სენატორი, კარლ ლევინი, რომელსაც ეჭვი არ ეპარება, რომ პაკისტანის მთავრობამ იცის, სად არიან მოლა ომარი და ავღანელი თალიბების სხვა ლიდერები. ის უკმაყოფილოა მეამბოხეთა ლიდერებთან ბრძოლაში თანამშრომლობისთვის პაკისტანის მზადყოფნის ხარისხით და ამბობს, ამ ჯგუფების წევრები თავისუფლად გადადიან საზღვარზე და ავღანეთში ამერიკელ ჯარისკაცებს ხოცავენო.
ამერიკელების აზრით, როგორც პრეზიდენტ ობამასგან მოვისმინეთ, ასეთი თავდასხმები შეიძლება მოეწყოს, თუ არსებობს დასაბუთებული სადაზვერვო ინფორმაცია მაღალი რანგის სამიზნის შესახებ...

ისლამაბადის მთავრობით უკმაყოფილო სენატორისგან განსხვავებით, აშშ-ის მაღალი რანგის გენერალი, რიჩარდ მილსი, პირდაპირ არა, მაგრამ მინიშნებით, აშშ-ის სამხედროების შემდეგ ნაბიჯზე ლაპარაკობს: მოლა ომარის ადგილას რომ ვიყო, მშვიდად ვერ ვიქნებოდი, ბინ ლადენის მოკვლა ამტკიცებს, რომ ამერიკელები მიზანდასახულად მოქმედებენო. პაკისტანელმა ჟურნალისტმა რაჰიმულა იუსუფზაიმ სახელი გაითქვა ოსამა ბინ ლადენთან რამდენიმე ინტერვიუთი და თალიბანის მოძრაობის ცოდნით. ის თვლის, რომ არსებობს რეალური შესაძლებლობა, ამერიკელების შემდეგი სამიზნე მოლა ომარი იყოს:

„ამერიკელების აზრით, როგორც პრეზიდენტ ობამასგან მოვისმინეთ, ასეთი თავდასხმები შეიძლება მოეწყოს, თუ არსებობს დასაბუთებული სადაზვერვო ინფორმაცია მაღალი რანგის სამიზნის შესახებ. და მე მგონია, რომ ეს მაღალი რანგის სამიზნე მოლა ომარია.“
თალიბანის ლიდერი მოლა ომარი

მოლა ომარი იყო ოსამა ბინ ლადენის და მისი „ალ ყაიდის“ მთავარი მოკავშირე, როცა 2001 წელს, აშშ-ის მეთაურობით, ავღანეთის ომი დაიწყო. სავარაუდოდ, მოლა ომარი და მისი ამხანაგები კვლავ ავღანეთში თალიბანის წინააღმდეგობას მეთაურობენ. ომარის ადგილსამყოფელზე სხვადასხვა ცნობაა გავრცელებული: ერთნი ფიქრობენ, რომ ის პაკისტანში, ქალაქ კეტაშია; სხვები ვარაუდობენ, რომ ის ყარაჩიშია, ასევე პაკისტანის ზღვისპირა 12 მილიონიან ქალაქში, სადაც მალულად ყოფნაც იოლია და ადგილობრივი პუშტუნების მხარდაჭერაც დიდია. პენტაგონის ზოგიერთი წარმომადგენელი თალიბანის ლიდერების მიმართ სამხედრო ოპერაციაზე ლაპარაკობს, ამ დროს კი სამოქალაქო პირები აშშ-ის ხელისუფლებაში თვლიან, რომ ბინ ლადენის მოკვლას უნდა მოჰყვეს პოლიტიკური ნაბიჯი. სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა თქვა, რომ ახლა დიპლომატია უნდა ამოქმედდეს. მისი ვარაუდით, თალიბებს ბინ ლადენის სიკვდილმა მოლაპარაკების მაგიდისკენ უნდა უბიძგოს. კვლევითი ცენტრის, ამერიკის უშიშროების პროექტის თანამშრომელი, ჯოშუა ფაუსტი ამბობს:

„ოსამა ბინ ლადენის სიკვდილის შემდეგ კილო შეიცვალა. ჯერ ვერ გეტყვით, რას ნიშნავს ეს ახალი კილო, მაგრამ შესაძლოა ამ ეტაპზე ამერიკის ადმინისტრაციამ უარი თქვას სამხედრო გზაზე და დაიწყოს პოლიტიკური საშუალების ძიება, იმის დადგენა, რა შემთხვევაში იქნებოდა აზრიანი, არ შეეცადონ ომარის მოძებნას.“
„ალ ყაიდასთან“ თალიბანის ურთიერთობა შესუსტდება, რადგან მოლა ომარისა და თალიბანის მთავარი დამაკავშირებელი ოსამა ბინ ლადენი იყო. მისი არყოფნის პირობებში, მოსალოდნელია, გაჩნდეს შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა...

პაკისტანელი ჟურნალისტი იუსუფზაი ამბობს, შეიძლება დავუშვათ, რომ მოლა ომარი აქტიურად არ განაგებს თალიბანის წინააღმდეგობას, მაგრამ თალიბანი არაფერს გააკეთებს მისი დასტურის გარეშეო. მისი თქმით, შეიძლება მას ბევრი მოადგილე ჰყავდეს, ბევრი დამხმარე და მრჩეველი, მაგრამ შთაგონების მთავარ წყაროდ მაინც ის რჩება. მოლა ომარის ამ განსაკუთრებული სტატუსის გამო, ამერიკელებმაც კარგად უნდა აწონდაწონონ, სანამ მის მიმართ იმოქმედებენ, მით უმეტეს, რომ ავღანეთიდან ჯარის გაყვანაა დაგეგმილი. მეორე ფაქტორი, შემდგომი სამიზნის ბინ ლადენის მსგავსად განადგურების შესაძლებლობაში პაკისტანია, რომელიც ასე იოლად აღარ შეურიგდება მის ტერიტორიაზე მის უკითხავად სამხედრო ოპერაციების განხორციელებას. იუსუფზაი მოელის, რომ ასეთი ნაბიჯი ისლამაბადსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო გააუარესებდა. ახლა, მისი აზრით, უფრო სწორი მორიგებაზე ფიქრი იქნებოდა:

„ჩემი აზრით, ბინ ლადენის არსებობა შერიგების პროცესს აფერხებდა. მის გამო მოხდა, რომ თალიბანმა ძალაუფლება დაკარგა. მოგეხსენებათ, თალიბანმა უარი თქვა ამერიკელებისთვის მის გადაცემაზე და შემდეგ ავღანეთიდან მის გაძევებაზე. მას ბევრი რამ შესწირეს. ახლა ის მოკლულია და „ალ ყაიდასთან“ თალიბანის ურთიერთობა შესუსტდება, რადგან მოლა ომარისა და თალიბანის მთავარი დამაკავშირებელი ოსამა ბინ ლადენი იყო. მისი არყოფნის პირობებში, მოსალოდნელია, გაჩნდეს შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა.“

დაიწყება თუ არა მორიგების მცდელობა, ეს ერთია, მაგრამ საქმე ისიცაა, რომ საკუთრივ ავღანეთშიც ბევრია თალიბანთან შეთანხმების წინააღმდეგი. ათასობით ასეთმა ადამიანმა მოაწყო გამოსვლა ქაბულში 5 მაისს. ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამგვარი შესაძლებლობების მიუხედავად, ვაშინგტონს ჯერ არა აქვს გადაწყვეტილი, როგორ იმოქმედოს. როგორც ჯოშუა ფაუსტი ამბობს, ისინი ჯერ კიდევ ოსამა ბინ ლადენის სიკვდილს ზეიმობენ. მისივე თანახმად, რა გზასაც უნდა დაადგეს ვაშინგტონი, ეს არ იქნება იოლი გადასაწყვეტი, საბოლოო ნაბიჯამდე დისკუსია უშიშროების უწყებებსა და სამოქალაქო მმართველობას შორის ალბათ მწვავე იქნება.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG