Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დისკუსია საჯარო ინფორმაციის თავისუფლებაზე


საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოსა (IREX) და ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდა
საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოსა (IREX) და ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდა
საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოსა (IREX) და ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდების სერია ინფორმაციის თავისუფლების თემაზე გრძელდება. 18 მაისის შეხვედრის მთავარი თემა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და არსებულ კანონმდებლობაში ამ მხრივ არსებული ვითარება იყო. უცხოელი ექსპერტების დასკვნით, ის, რაც კარგად გამოიყურება ქაღალდზე, არ სრულდება რეალურ ცხოვრებაში. სწორედ ამ მიმართულებით აქვს სამუშაო საქართველოს საზოგადოებას.
ექსპერტები გვეუბნებიან, რომ არსებული კანონმდებლობა ქაღალდზე კარგია, მაგრამ პრაქტიკაში არ მუშაობს. არადა, ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონების ეფექტური აღსრულების მთავარი გარანტი პოლიტიკური ნებაა...


18 მაისს ”ქორთიარდ მარიოტში” ინფორმაციის თავისუფლების შესახებ დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად ზუსტად ის შემადგენლობა მივიდა, რომელიც რამდენიმე თვის წინ მედიამფლობელების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე მსჯელობდა და მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელი შედეგიც მიიღო საკანონმდებლო ცვლილების სახით. ამჯერად ჟურნალისტებმა, მედიაექსპერტებმა, სასამართლოსა და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა უცხოელ ექსპერტებთან ერთად საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე გამართეს დისკუსია. როგორც ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მედიაპროგრამის მენეჯერი ხატია ჯინჯიხაძე განმარტავს, შესაბამისი კანონმდებლობა, IREX-ის თხოვნით, Baker&McKenzie-ის ექპერტების ჯგუფმა შეისწავლა.

ექსპერტთა ჯგუფი არსებულ კანონმდებლობას დადებითად აფასებს, თუმცა ფიქრობს, რომ პრობლემებია კანონის აღსრულების თვალსაზრისით. IREX-ის პროგრამის ხელმძღვანელმა, ჯო რაფელბერგმა, თავის შესავალ სიტყვაში - „ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას” - სწორედ ეს აქცენტები დასვა:

”ექსპერტები გვეუბნებიან, რომ არსებული კანონმდებლობა ქაღალდზე კარგია, მაგრამ პრაქტიკაში არ მუშაობს. არადა, ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონების ეფექტური აღსრულების მთავარი გარანტი პოლიტიკური ნებაა. ჩვენ მედიისგან სულ გვესმის, რომ მათი მოთხოვნები საჯარო ინფორმაციაზე გამუდმებით უარყოფილი და იგნორირებულია საჯარო უწყებების მიერ. ზოგიერთი სახელმწიფო დაწესებულების თანამშრომლები კი საერთოდ არ ფლობენ ინფორმაციას, თუ რომელია საჯარო ინფორმაცია და რომელი არა; ან ინფორმაციის გასაცემად კანონით დადგენილი რა ვადები არსებობს. მედიისა და საზოგადოების ინტერესებში შედის, რომ აქტიურად მოუწოდოს მთავრობას, მისცეს ყველა სახელმწიფო სტრუქტურას მითითება, რომ საჯარო ინფორმაცია იყოს რეალურად საჯარო და ხელმისაწვდომი.”

დისკუსიაში მონაწილეობდა მედიაკანონპროექტებზე მომუშავე საინიციატივო ჯგუფიც, რომლის ხელმძღვანელი, გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ინფორმაციის თავისუფლებისათვის ბრძოლის პროცესი გრძელდება და მსგავსი შეხვედრები ამ პროცესის მხოლოდ ერთი ნაწილია. ტუღუში მათ შორისაა, ვინც მიიჩნევს, რომ დღეს არსებული კანონმდებლობა მნიშვნელოვნადაა დასახვეწი:

”დასახვეწია, რადგან, მაგალითად, არ არის კანონში მკაფიოდ საჯარო ინფორმაციის ცნება, არ არის იმ საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობა განსაზღვრული, რომლებიც ცუდად იქცევიან და არ იძლევიან ინფორმაციას, არ არის მკაფიოდ განსაზღვრული ვადები და ზოგიერთ შემთხვევაში სხვადასხვანაირად არის ინტერპრეტირებული. ანუ თუ ინფორმაცია სადღაც თაროზე დევს და ჩვენ მას ვერ ვწვდებით, ასეთი ინფორმაცია რეალურად არც არსებობს ჩვენთვის.”
ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, რომელიც შედის საჯარო დაწესებულებაში, უნდა იყოს მიღებისთანავე განსაზღვრული ღია ან დახურულ ინფორმაციად და მისი გამოთხოვის პროცესში არ უნდა ხდებოდეს ამის გარკვევა...


საქართველოში მოქმედი მედიაკანონმდებლობის ერთ-ერთი ავტორი, თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელი ლევან რამიშვილი ფიქრობს, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც კანონის აღსრულების პრობლემა არსებობს, ისაა, რომ არავინ ასრულებს კანონის მოთხოვნას აწარმოოს საჯარო ინფორმაციის რეესტრი, რაც გულისხმობს შემდეგს:

”ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, რომელიც შედის საჯარო დაწესებულებაში, უნდა იყოს მიღებისთანავე განსაზღვრული ღია ან დახურულ ინფორმაციად და მისი გამოთხოვის პროცესში არ უნდა ხდებოდეს ამის გარკვევა.”

ლევან რამიშვილის აზრით, კარგი იქნებოდა, თუ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებული კანონების აღსრულებაზე კონტროლი სასამართლოსთან ერთად სხვა რომელიმე სტრუქტურასაც დაევალებოდა. ასეთ დაწესებულებად რამიშვილს სახალხო დამცველის ოფისი მიაჩნია.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG