Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუროგატული დედობა და მისი სირთულეები


დასავლეთ ევროპაში მათთვის, ვისაც სხვადასხვა მიზეზით შვილის ყოლა არ შეუძლია, სულ უფრო პოპულარული ხდება უკრაინა, სადაც იაფად იშოვით ეგრეთ წოდებულ სუროგატულ დედას, ქალს, ვინც შვილს გაგიჩენთ შეკვეთით. დაბალ ფასთან ერთად ამას ემატება უკრაინის კანონმდებლობის მოქნილობა, რითაც იზიდავს ეს ქვეყანა უცხოელებს, ვისაც შვილის ყოლა სურს. მაგრამ, როგორც ირკვევა, რისკიც დიდია, რადგან არაერთ ქვეყანაში ამ გზით გაჩენილი ბავშვის სტატუსის განსაზღვრისას კანონი მკაცრია.
მანქანაში შემოიხედეს. ბავშვები მანქანის უკანა სკამის ქვეშ გვყავდა დამალული, მაგრამ მაშინვე მიაგნეს...

ლე როკების ოჯახს, ფრანგ წყვილს, რომლებმაც თვითონ ვერ მოახერხეს ბავშვის ყოლა და უკრაინაში იშოვეს მათი შვილის გაჩენისთვის მზად მყოფი სუროგატული დედა, იურიდიული სირთულეები აქვთ. მათ უკრაინელი სუროგატული დედის მიერ გაჩენილი ტყუპი გოგონების მალულად ქვეყნიდან გაყვანა სცადეს და პოლიციამ დააკავა. ლე როკებს ამ ნაბიჯისკენ უბიძგა საფრანგეთის საელჩოს უარმა, გაეფორმებინათ გოგონები თავიანთ შვილებად, საფრანგეთის მოქალაქეებად. მამა, პატრიკ ლე როკი იხსენებს, როგორ დააკავეს ის და მამამისი უკრაინა-უნგრეთის საზღვარზე, როცა ჩვილები მანქანის საბარგულში დამალული გადაჰყავდათ:

„მანქანაში შემოიხედეს. ბავშვები მანქანის უკანა სკამის ქვეშ გვყავდა დამალული, მაგრამ მაშინვე მიაგნეს. იეჭვეს, რომ ტრეფიკინგთან ჰქონდათ საქმე. მაგრამ ბავშვებისთვის საძილე წამალი არ მიგვიცია, საზღვრამდე დავმალეთ, ისინი თავს მშვენივრად გრძნობენ.“

სუროგატული დედობისას საქმე გვაქვს ტექნოლოგიასთან, როცა ქალი ნებაყოფლობით თანხმდება დაორსულდეს, ატაროს და გააჩინოს ბიოლოგიურად უცხო ადამიანების ბავშვი. მას უნერგავენ განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს, და ბავშვის გაჩენის შემდეგ ჩვილი უბრუნდება ბიოლოგიურ მშობლებს. ამგვარ აქტს სჭირდება საკანონმდებლო საფუძველი. სხვადასხვა ქვეყანაში კანონი სხვადასხვაგვარად უყურებს ამ გზით ბავშვის გაჩენას. საფრანგეთის კანონმდებლობა კრძალავს სუროგატულ დედობას. ამიტომაც იყო, რომ უკრაინაში საფრანგეთის საელჩომ ვერ დააკმაყოფილა ლე როკების მოთხოვნა და მათ ბავშვების ფარულად გაყვანა დასჭირდათ. აქვე გეტყვით, რომ სუროგატული დედობა აკრძალულია ავსტრიაში, შვედეთში, ნორვეგიაში, იტალიის, შვეიცარიის, გერმანიის სხვადასხვა მხარეში. ზოგან - მაგალითად, გერმანიაში - კანონი მკაცრია და პატიმრობასაც ითვალისწინებს. კომერციულ საფუძველზე სუროგატული დედობა დაშვებულია ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის - საქართველოში, ისევე როგორც რუსეთში, ჩვენი საუბრის საგან უკრაინაში, ბელორუსიაში, ყაზახეთში. რეპროდუქციის ამგვარ ფორმას კრძალავს მაჰმადიანობა. ისრაელში მას საგანგებო კომისია განკარგავს. იაპონიაში სუროგატული დედობა იშვიათია, თუმცა შესაძლებელი.
უკრაინას და ლე როკების პრობლემას დავუბრუნდეთ. სასამართლომ მათ გამოუტანა განაჩენი - ჯარიმა, ორი ათასი დოლარის ოდენობით, რადგან ბავშვების უკანონოდ გაყვანა სცადეს ქვეყნიდან. ახლა სიტყვა საფრანგეთის ხელისუფლებაზეა, მან უნდა განსაზღვროს გოგონების სტატუსი.
სუროგატული დედობის თემა აღარაა ტაბუ. ის ადრე უკრაინაში არც კი განიხილებოდა, ამიტომ ხალხი მასზე არც ფიქრობდა. ახლა საზოგადოებაში მასზე ბევრს ლაპარაკობენ...

ლე როკების ოჯახი პირველი არაა, ვისაც უკრაინაში სირთულეები შეექმნა. ცნობილია კიდევ ერთი შემთხვევა, როცა ბელგიელმა ჰომოსექსუალმა წყვილმა ორი წლის ლოდინის შემდეგ მოახერხა თავიანთი შვილის, უკრაინაში სუროგატული დედის მიერ გაჩენილი ვაჟის, წაყვანა სამშობლოში, რადგან თავის დროზე იურიდიულმა ზღუდეებმა ისინიც აიძულა ბავშვი მალულად გაეყვანათ უკრაინიდან და ისინიც დააკავეს. სერგი ანტონოვი განაგებს კიევში სამედიცინო სამართლის ცენტრს, რომელიც კონსულტაციას უწევს მათ, ვისაც სუროგატული დედის ან სხვა ტიპის სამედიცინო მომსახურება აინტერესებს. მისი თქმით, შარშან უკრაინაში სუროგატული დედობის 120 - უმეტესად, ტყუპების გაჩენის - შემთხვევაა აღნუსხული. მისი ვარაუდით, რეალური რიცხვი 30 პროცენტით მაღალია, რადგან შუამავალ ფირმებს არ სურთ ხელისუფლებისათვის ზუსტი მონაცემების ჩვენება. ანტონოვი ამბობს, რომ წლიურად ასეთი შემთხვევების რიცხვი 20 პროცენტით იმატებს და მომავალში, როცა არაერთი დიდი კოლინიკა გაიხსნება, რაოდენობა 40 პროცენტით ზრდას მიაღწევს:

„სუროგატული დედობის თემა აღარაა ტაბუ. ის ადრე უკრაინაში არც კი განიხილებოდა, ამიტომ ხალხი მასზე არც ფიქრობდა. ახლა საზოგადოებაში მასზე ბევრს ლაპარაკობენ. ამას ის ემატება, რომ სამედიცინო ტექნოლოგია უფრო ეფექტიანი გახდა. ამიტომ ეს პროგრამები სულ უფრო პოპულარული ხდება. ხალხი, ვინც ადრე ცდილობდა ბავშვი აეყვანა, ახლა ფიქრობს იყოლიოს ამ გზით ბავშვი, რომელთანაც გენეტიკური კავშირი ექნება.“
თუკი უკანონო ფირმას დაუკავშირდებით ან ინტერნეტით მოძებნით ხალხს, არაფრის გარანტია არ გექნებათ...

ინდოეთთან ერთად სუროგატულ დედობას იაფად სთავაზობს შვილის ყოლის უუნარო ადამიანებს უკრაინა. უკრაინელთათვის იქ ეს სამსახური უფრო იაფია, ის 10-15 ათასი დოლარი ღირს, უცხოელთათვის - სამჯერ მეტი. აშშ-ში, სადაც ზოგიერთ შტატში დაშვებულია სუროგატული დედობა, შეძლებულ წყვილებს ამავე სამსახურისთვის 80-120 ათასი დოლარის გადახდა უწევთ. მიუხედავად ამ სიიაფისა, უკრაინაში ამ საქმეს ახლავს რისკი არა მხოლოდ მშობლების, არამედ სუროგატი დედისთვისაც. ლიუდმილა სმახინა, იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელიც შუამავლობას სწევს მათ შორის, ვისაც ბავშვი სურს და ვისაც მათი შვილის გაჩენა შეუძლია, ამბობს:

„სუროგატულ დედებს” ან სტერილურ წყვილებს ზოგიერთი, ფულის დაზოგვის მიზნით, ინტერნეტით ეძებს. თუკი უკანონო ფირმას დაუკავშირდებით ან ინტერნეტით მოძებნით ხალხს, არაფრის გარანტია არ გექნებათ. ასე წარმოიქმნება პრობლემები, მაგალითად, სუროგატი დედები შეიძლება გასამრჯელოს გარეშე დარჩნენ.“

ოფიციალურად სააგენტოები მოვალენი არიან კონტაქტი დაამყარონ უცხო ქვეყნების საელჩოებთან და ყველა სამართლებრივი პრობლემა მოაგვარონ, სანამ სუროგატი დედისთვის შეკვეთის მიცემის პროცედურა დაიწყებოდეს. ესაა, რაც ლე როკის თქმით, მის მიერ დაქირავებულმა აგენტმა არ გააკეთა:
სააგენტოს უნდა გაეტარებინა ბავშვები რეგისტრაციაში უკრაინაში და უზრუნველეყო საფრანგეთში სარეგისტრაციო უწყებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი...

„ხელშეკრულება ითვალისწინებდა პროგრამის ფიზიკური ნაწილის განხორციელებას, ასევე ადმინისტრაციული ფორმალობის მოგვარებას. ანუ, სააგენტოს უნდა გაეტარებინა ბავშვები რეგისტრაციაში უკრაინაში და უზრუნველეყო საფრანგეთში სარეგისტრაციო უწყებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი. მაგრამ სააგენტომ პირობა არ შეასრულა.“

კიევში საფრანგეთის საელჩომ კომენტარზე უარი გვითხრა. მართალია, ლე როკებს უკრაინის ხელისუფლებამ თავიდან ბავშვები ჩამოაშორა, მაგრამ შემდეგ მაინც დართო ნება ერთად ეცხოვრათ კიევში. საეჭვოა, რომ საფრანგეთმა ლე როკებს ამ გოგონების მშობლების სტატუსი მიანიჭოს. ოჯახმა შენგენის ხელშეკრულების ყველა წევრ ქვეყანას მიმართა თხოვნით, მისცენ მათ შვილებს მოქალაქეობა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG