Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმედი ყირგიზეთში


ყირგიზეთში აღნიშნავენ სისხლისმღვრელი ეთნიკური დაპირისპირების დაწყების პირველ წლისთავს. ოშში - ქალაქში, რომელიც ეთნიკურ უზბეკებსა და ყირგიზებს შორის შეტაკებების ეპიცენტრი იყო, ბევრგან ახლაც იგრძნობა დაძაბულობა და უკმაყოფილება. ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ რეპორტაჟი გაუპატიურების მსხვერპლ ქალებზე და პრობლემაზე, რომ ეს თემა ტაბუდადებულია და დამნაშავეები არ გაუსამართლებიათ. ამჯერად კი სამხრეთ ყირგიზეთში ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი, დეიზი სინდელარი გვთავაზობს, ყურადღება გავამახვილოთ განვლილი ერთი წლის დამაიმედებელ პროცესებზე.

საბავშვო ბაღი N30 ოშის ცენტრში, ლენინის ქუჩაზე მდებარეობს - სულ რამდენიმე კილომეტრში სასტუმრო “ალაის” მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც გასული წლის ივნისში ძალადობამ იფეთქა. სადილის დრო მოახლოვდა და ბავშვებს მალე მოუწევთ ისევ შენობაში შესვლა, ჭამის მერე კი დაძინება. მანამდე კი საბავშვო ბაღის ეზოში ხმაურია, ყირგიზული, უზბეკური და რუსული ისმის. ბავშვები ქალაქის ეთნიკურ მრავალფეროვნებას განასახიერებენ - იმას, რაც მათი აღმზრდელის, მამლაკატ ხალბერდიევას თქმით, არც შარშანდელი ივნისის შემდეგ შეცვლილა.

მამლაკატ ხალბერდიევა უზბეკია და 25 წელია, პედაგოგად მუშაობს - პროფესიით, რომელსაც, როგორც ამბობს, თავის ოპტიმიზმს უმადლის.

ის იხსენებს, რომ შარშანდელი ივნისის ტრაგიკული ამბების შემდეგ ამჩნევდა, როგორ გაურბოდა ზოგი ბავშვი ეთნიკურად განსხვავებულ ამხანაგებს და ამით, სავარაუდოდ, იმეორებდა იმას, რასაც მშობლები აკეთებდნენ. მაგრამ დროთა განმავლობაში ეთნიკური ბარიერი გაქრა და ბავშვები ისევ დაახლოვდნენ, ისევ დაიწყეს ერთად თამაში ყირგიზებმა და უზბეკებმა, რუსებმა და თათრებმა.

განხეთქილება და წყენა აღარც მშობლებში იგრძნობაო, დასძენს ხალბერდიევა: „მშობლებთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მშობლები კარგი ხალხია, გაგებით გვეკიდებიან. ჩვენც კარგად ვეპყრობით. ვცდილობთ, ერთმანეთს გავუგოთ“.

საბავშვო ბაღში სწავლება უმეტესწილად, რუსულად მიმდინარეობს, უფროსი ასაკის ბავშვებისთვის ყირგიზულადაც არის შესაძლებელი. სამაგიეროდ არ ასწავლიან უზბეკურს, რაც ოშში ბევრი უზბეკის უკმაყოფილებას იწვევს. მათ, ბუნებრივია, არ დავიწყებიათ, რომ რამდენიმე უზბეკურ სკოლას შარშან ცეცხლი წაუკიდეს. ახლა ერთადერთი სკოლა არსებობს, სადაც მათთვის დედა ენაზე სწავლა არის შესაძლებელი.

თუმცა, ენის საკითხი მაინც ნაკლებად მწვავეა იმ გარემოების გამო, რომ სამხრეთ ყირგიზეთში თითქმის ყველამ იცის ორივე ენა და, შესაბამისად, კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს. ამის დასტურად გამოდგება შერეული ქორწინებები. მათი რიცხვი, როგორც ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი იუწყება, არც ეთნიკური დაპირისპირების შემდეგ შემცირებულა.
XS
SM
MD
LG