Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკა - შავ ზღვაში, დიდი გაღიზიანება - რუსეთში


ამერიკული ხომალდი - Anzio ოდესის პორტში. 7ივნისი, 2011
ამერიკული ხომალდი - Anzio ოდესის პორტში. 7ივნისი, 2011
რუსეთს არ სჯერა, რომ ამერიკული ანტისარაკეტო კრეისერის - ”მონტერეის” (Monterrey) - შავ ზღვაში შესვლა უკრაინულ-ამერიკულ წვრთნებს ”სი ბრიზ 2011”-ს (Sea Breeze 2011) უკავშირდება. კრემლში ფიქრობენ, რომ შეერთებული შტატები, ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნის გზაზე, დემონსტრატიულად უპირისპირდება რუსეთის უსაფრთხოებას. როგორ ხსნიან რუსი და ქართველი ანალიტიკოსები ამერიკული კრეისერის შავ ზღვაში შესვლასა და მოსკოვის გაღიზიანებას?

მოსკოვში ეეჭვებათ, რომ მაინცდამაინც ”მონტერეის” სიმძლავრის ხომალდი ესაჭიროებოდა 6-დან 18 ივნისამდე მიმდინარე სამხედრო წვრთნას ”სი ბრიზ 2011”-ს, რომელშიც, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინისა და შეერთებული შტატების გარდა, კიდევ 15 ქვეყანა მონაწილეობს და მათ შორის არის საქართველოც.
მიუხედავად იმისა, რომ, სამხედრო ექსპერტების მტკიცებით, ნებისმიერ წვრთნას შეიძლება მოერგოს ნებისმიერი ხომალდი, მოსკოვში მაინც თვლიან, რომ წვრთნები არაფერ შუაშია და რომ ამერიკა, რუსეთის სრული იგნორირებით, საკუთარი და ნატოს გლობალური მიზნების განხორციელებას ცდილობს. საუბარია ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნის ამერიკულ გეგმაზე, რომელსაც სავსებით იზიარებს ნატო.

განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე 12 ივნისს გამოქვეყნდა, აშკარად შეიმჩნევა მოსკოვის მკვეთრი გაღიზიანება და მკაცრი ტონი:

”რუსეთის მხარემ არაერთხელ აღნიშნა ხაზგასმით, რომ უყურადღებოდ არ დავტოვებთ შეერთებული შტატების სტრატეგიული ინფრასტრუქტურის გამოჩენას ჩვენი საზღვრების უშუალო სიახლოვეს და ასეთ ნაბიჯებს მივიღებთ როგორც მუქარას ჩვენი უსაფრთხოების წინააღმდეგ. იძულებული ვართ აღვნიშნოთ, რომ ჩვენი შეშფოთება კვლავაც იგნორირებულია და რომ ანტისარაკეტო თავდაცვის თანამშრომლობასთან დაკავშირებული საუბრების საფარველქვეშ ევროპაში მიმდინარეობს სწორედ იმ ანტისარაკეტო კონფიგურაციის ფორმირება, რომლის სახიფათო შედეგებზეც ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ ჩვენი ამერიკელი და ნატოელი პარტნიორები.”

რუსეთი დაახლოებით ასევე იყო გაღიზიანებული, როცა, ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს, ამერიკა აპირებდა ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ელემენტების ჩეხეთსა და პოლონეთში განთავსებას. მოგვიანებით ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ ეს გეგმა გააუქმა, რამაც რუსეთის კმაყოფილება გამოიწვია და მოსკოვმა 2010 წლის ნოემბერში, ნატოს ლისაბონის სამიტზე, ერთგვარი თანხმობაც კი განაცხადა ანტისარაკეტო თავდაცვის სფეროში შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან თანამშრომლობაზე. თუმცა რუსეთის ერთგვარი კმაყოფილება უკმაყოფილებით შეიცვალა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა და ბუქარესტმა მარტში გაახმაურეს ინფორმაცია რუმინეთის ჩართვის შესახებ ევროპის ანტისარაკეტო თავდაცვის ფარის შექმნის პროცესში.

რუსეთის უკმაყოფილო პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, 18 მაისს გააკეთა პროგნოზი ”ცივი ომის ეპოქაში დაბრუნების” შესახებ, თუკი არ მოხერხდება თანამშრომლობის გარკვეული მოდელის შემუშავება დასავლეთსა და რუსეთს შორის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის გარშემო. ”მაშინ ჩვენ მოგვიწევს საპასუხო ზომების მიღება, რასაც ძალიან არ ვისურვებდით. ასეთ შემთხვევაში, ლაპარაკი იქნება ბირთვული საშუალებების დარტყმითი პოტენციალის განვითარების გაძლიერებაზე,” - ასეთია მედვედევის მუქარა.
ინფორმაცია გადაეცემა ამავე ხომალდების ბორტზე დაყენებულ საზენიტო რაკეტებს, რომლებმაც უნდა გააუვნებელყონ ესა თუ ის მფრინავი ობიექტი...

რუსეთი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ ნატომ არ გაიზიარა მისი წინადადება ერთობლივი ანტისარეკეტო თავდაცვის შესახებ. ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის 19 მაისის განცხადების მიხედვით, ალიანსის წინადადებაა შეიქმნას ორი დამოუკიდებელი სისტემა - რუსეთისა და ნატოსი, რომლებიც ერთმანეთთან ითანამშრომლებენ. ანდერს ფოგ რასმუსენმა იმ დღეს თქვა, რომ რუსეთთან ალიანსი ”ნამდვილ სტრატეგიულ თანამშრომლობას” ისურვებდა.

28 მაისს კი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კვლავ მოუწოდა რუსეთს მონაწილეობა მიიღოს ანტისარაკეტო თავდაცვის ფარის შექმნაში. ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკისთან შეხვედრისას, ობამამ აღნიშნა, რომ, საერთო საგარეო საფრთხეების გათვალისწინებით, რუსეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობა არსებობს.

უბრალოდ, მოსკოვს ეს არ მოსწონს, რადგანაც ჩვენ არ გვინდა, რომ ამერიკელები ჩვენს ბოსტანში დადიოდნენ... ეს არის კარდინალური იდეა, რომლის ახსნასაც ცდილობს რუსეთი დასავლეთისთვის...
დავუბრუნდეთ ”მონტერეისთან” დაკავშირებულ გაღიზიანებას.
ამერიკულ კრეისერზე, რომლის შავ ზღვაში გამოჩენამაც ასე გააღიზიანა მოსკოვი, დამონტაჟებულია ანტისარაკეტო სისტემა ”ეჯისი” (Aegis), რაც ამერიკული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ერთ-ერთ მობილურ შემადგენელს წარმოადგენს. სწორედ ამ სისტემის ქმედითობას მიაწერს მოსკოვის გაღიზიანებას სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი. ის ვარაუდობს, რომ მოსკოვისთვის არანაკლებ გამაღიზიანებელი იქნებოდა, მაგალითად, უნივერსალური სარაკეტო შეიარაღებით აღჭურვილი ამერიკული ხომალდი ”ანციო”, რომელიც 9-დან 12 ივნისამდე იდგა ბათუმის პორტში. თუმცა უდავოა, რომ ეჯისის სისტემით აღჭურვილი ”მონტერეი” უფრო გლობალური და სტრატეგიული მნიშვნელობის ხომალდია:

”ეჯისის სისტემა, რომელიც ასეთ გემებზეა განთავსებული, ერთიანი საინფორმაციო ცენტრია და ინფორმაცია ხომალდებს შორის იცვლება. ეს სისტემა რადარების საშუალებით რამდენიმე ასეული კილომეტრის მანძილზე აღმოაჩენს სტარტაღებულ რაკეტებს ან სხვა მფრინავ საშუალებებს. შემდეგ ხდება ამ მონაცემების დამუშავება მძლავრ კომპიუტერულ სისტემაში და ინფორმაცია გადაეცემა ამავე ხომალდების ბორტზე დაყენებულ საზენიტო რაკეტებს, რომლებმაც უნდა გააუვნებელყონ ესა თუ ის მფრინავი ობიექტი. თუკი ასეთი ერთიანი მობილური სისტემა შეიქმნა, რაც ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის შემადგენელ ნაწილად განიხილება, მაშინ საკმაოდ სერიოზულ მოგებას ნახულობს დასავლეთი. და სწორედ ამას უფრთხიან მოსკოვში.”

ინტერნეტში გამოჩნდა რუსი ავტორების მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ყველაფერი, შესაძლოა, ამერიკელი მოკავშირეების მიერ საქართველოს რევანშისტული მიზნების მხარდაჭერა იყოს. ამგვარი უსაფუძვლო შეფასებებისგან თავს იკავებს სამხედრო სფეროს მოსკოველი ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი, თუმცა ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ რუსეთი გავლენის სფეროების დათმობას არ აპირებს:

”უბრალოდ, მოსკოვს ეს არ მოსწონს, რადგანაც ჩვენ არ გვინდა, რომ ამერიკელები ჩვენს ბოსტანში დადიოდნენ... ეს არის კარდინალური იდეა, რომლის ახსნასაც ცდილობს რუსეთი დასავლეთისთვის...”
რუსების მიერ საკუთარ ”ბოსტნად” მიჩნეულ შავ ზღვაში ამერიკელების მზარდი აქტიურობა რომ შეიმჩნევა, ეს ნათელია ექსპერტისთვის უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილისთვის. მისი დაკვირვებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამერიკული ხომალდების შავ ზღვაში შემოსვლა ერთგვარ გეგმიურ სვლად იქცა და ეს ნაწილობრივ იმ კერძო კომპანიების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კეთდება, რომლებიც შავი ზღვის დერეფნით სარგებლობენ. სესიაშვილის ინფორმაციით, მაშინ როცა ხსენებულ დერეფანს სარგებელი მოაქვს დასავლეთისთვის, რუსეთი იმავე დერეფნის არსებობით წელიწადში დაახლოებით 15 მილიარდ დოლარს კარგავს. ექსპერტი თვლის, რომ ”მონტერეისთან” დაკავშირებული უსაფუძვლო ხმაურით რუსეთი სამომავლო თადარიგის დაჭერას ცდილობს:

”რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რომ მის წინააღმდეგ ომს არავინ დაიწყებს და შავ ზღვაში თუნდაც ძლიერი სამხედრო ხომალდის არსებობა მას არანაირად არ შეუქმნის პირდაპირ საფრთხეს. რუსეთი ცდილობს საკუთარი ზეგავლენის ზონების დაცვას ამ გარემოში სხვა ძალის გამოჩენის წინააღმდეგ.”

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამერიკელების აქტიურობა შავ ზღვაში სასარგებლო იქნება ამ აუზის ქვეყნების და, მათ შორის, საქართველოს უსაფრთხოებისთვის - მით უმეტეს, აფხაზეთის ოკუპაციის ფონზე.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG